Facebook Twitter

ბს-168-162(2კ-10) 21 აპრილი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. ი-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 28 მარტს ს. I-ძემ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების რ. გ-ძის, ჯ. მ-ძის, ზ. კ-ძის, ... თემის საკრებულოსა და ახალციხის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის 59859 ლარის, მკურნალობის ხარჯების - 3500 ლარის, ადვოკატის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის - 5000 ლარისა და მორალური ზიანის - 25000 ლარის, სულ 93359 ლარის დაკისრება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 26 აპრილის განჩინებით არასათანადო მოპასუხე - მიწის მართვის სამმართველო შეიცვალა სათანადო მოპასუხით - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოთი.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით ს. I-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს ჯ. მ-ძეს და რ. გ-ძეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 59 859 ლარის მატერიალური ზიანის სოლიდარულად და 300-300 ლარის მორალური ზიანის გადახდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის, აწყურის თემის საკრებულოსათვის, ჯ. მ-ძისა და რ. გ-ძისათვის სოლიდარულად 59 859 ლარის გადასახდელად დაკისრებაზე; ჯ. მ-ძისა და რ. გ-ძისათვის 3500 ლარის მკურნალობის ხარჯების და ადვოკატზე გადახდილი 5000 ლარის დაკისრებაზე და ზ. კ-ძისათვის, ჯ. მ-ძესა და რ. გ-ძესთან ერთად სოლიდარულად 25000 ლარის მორალური ზიანის დაკისრებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. მ-ძემ და რ. გ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 16 იანვრის განჩინებით აწყურის თემის საკრებულოს უფებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა ახალციხის რაიონის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ჯ. მ-ძისა და რ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება ჯ. მ-ძისა და რ. გ-ძისათვის სოლიდარულად 59859 ლარის მატერილაური ზიანის, 300-300 ლარის მორალური ზიანის და სახელმწიფო ბაჟის 1436 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე რაიონულ საასმართლოს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. I-ძემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებისა და ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 24 იანვრის განჩინებით ს. ი-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინება.

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით სევასტი იაძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ჯ. მ-ძეს და რ. გ-ძეს დაეკისრათ 59859 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სოლიდარულად გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. I-ძემ, ჯ. მ-ძემ და რ. გ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ს. ი-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს. ი-ძემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინებით ს. ი-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინება.

2009 წლის 27 მაისს ს. ი-ძემ შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ჯ. მ-ძისა და რ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; არ დაკმაყოფილდა, აგრეთვე, ს. ი-ძის შეგებებული სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. I-ძემ, ჯ. მ-ძემ და რ. გ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ი-ძის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 აპრილის განჩინებით, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული ჯ. მ-ძისა და რ. გ-ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ს. ი-ძის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ს. ი-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ს. ი-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სევასტი იაძის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ი-ძეს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.