საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1682-1638(კ-10) 15 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ხ-შვილ-გ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლოში 2010 წლის 30 ნოემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1682-1638(კ-10) მ. ხ-შვილ-გ-შვილის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით მ. ხ-შვილ-გ-შვილის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლის მოთხოვნებს, კერძოდ, კასატორის წარმომადგენელს უნდა წარმოედგინა წერილობითი (დადასტურება) მტკიცებულება იმის თაობაზე, თუ როდის ჩაჰბარდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ივნისის განჩინება, სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები და არ შეიცავდა დასაბუთებას თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა. საკასაციო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა და ამასთან, საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა ასევე სსსკ-ის 396.2 მუხლის მოთხოვნას, რადგანაც საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა მ. ხ-შვილი-გ-შვილის წარმომადგენელი ლ. ო-შვილი, მაგრამ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულება კი არ იყო შედგენილი სსსკ-ის 98-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნის შესაბამისად და საკასაციო საჩივარი არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის სახით რამდენი მხარეც იყო საქმეში. შესაბამისად, აღნიშნული ხარვეზების შესავსებად, კასატორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ს.ფ. 217-220).
კასატორის მ. ხ-შვილ-გ-შვილის წარმომადგენელმა ლ. ო-შვილმა შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება, რადგან კასატორი მ. ხ-შვილ-გ-შვილი ცხოვრობდა რაიონში და ყველანაირი სახის მტკიცებულება მას ჰქონდა, რის გამოც დროულად ვერ ახერხებდა ხარვეზის შევსებას (იხ. ს.ფ. 229).
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 25 იანვრის განჩინებით მ. ხ-შვილ-გ-შვილის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორ – ხ-შვილი-გ-შვილს გუაგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით.
ხარვეზის შევსების მიზნით, კასატორს _ მ. ხ-შვილი-გ-შვილს ან მის წარმომადგენელს საკასაციო სასამართლოსთვის არ მოუმართავთ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ მ. ხ-შვილი-გ-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორს _ მ. ხ-შვილ-გ-შვილს საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 25 იანვრის განჩინებით გაუგრძელდა საპროცესო ვადა 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლის შესაბამისად, სასამართლო განჩინების ასლს უგზავნის მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი, წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. კონკრეტულ შემთხვევაში, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 25 იანვრის განჩინების ასლი კასატორ _ მ. ხ-შვილ-გ-შვილს და მის წარმომადგენელ – ლ. ო-შვილს გაეგზავნათ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
სსსკ-ის 70.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ გაგზავნილი აქტი მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, კასატორის _ მ. ხ-შვილ-გ-შვილის წარმომადგენელ – ლ. ო-შვილს განჩინება ჩაჰბარდა 2011 წლის 10 თებერვალს (იხ. ს.ფ 244) შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 5-დღიანი ვადა ამოიწურა – 2011 წლის 15 თებერვალს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის, კასატორს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ხ-შვილ-გ-შვილის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე და 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ხ-შვილი-გ-შვილის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.