ბს-1686-1642(კ-10) 12 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ა. გ-ურის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 30 აგვისტოს ყაზბეგის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. გ-ურმა, მოპასუხე ყაზბეგის რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საპრივატიზაციო აქტების ბათილად ცნობასა და ი. ხ-შვილის ქონების ნაწილის მემკვიდრისათვის დაბრუნებას.
ყაზბეგის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 მარტის განჩინებით ა. გ-ურის საქმეზე შეჩერდა საქმის წარმოება - ყაზბეგის რაიონის ქონებისა და პრივატიზების რაიონული განყოფილების უფროსის ნ. ქ-შვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.
2006 წლის 26 სექტემბერს ა. გ-ურის საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 23 თებერვლის განჩინებით ა. გ-ურის საქმეზე განახლდა საქმის წარმოება; მოპასუხე – ყაზბეგის რაიონის გამგეობა შეიცვალა უფლებამონაცვლით – ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობით, ხოლო მოპასუხე – ყაზბეგის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების რაიონული განყოფილება შეიცვალა უფლებამონაცვლით – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოთი.
2009 წლის 31 მარტს მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა: 1998 წლის 17 სექტემბრის აუქციონის აქტისა და ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა; სადავო ქონების მემკვიდრისათვის დაბრუნება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 15 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ილია წიკლაური.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. გ-ურის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აულა გიგაურმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აულა გიგაურმა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ა. გ-ურის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე და ა. გ-ურს ზემოაღნიშნული განჩინების ასლის ჩაბარებიდან მიეცა 10 დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად, რათა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. განჩინების ასლი კასატორის დას – ნ. გ-ურს ჩაჰბარდა 2010 წლის 14 დეკემბერს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ჰბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
აღნიშნული კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება ჩაბარებულად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. Aა. Gგ-ურს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2010 წლის 24 დეკემბრის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა. გ-ურის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. გ-ურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.