ბს-1695-1651(კ-10) 25 მაისი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი;
კასატორი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, წარმომადგენელი მ. ბ-შვილი;
მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ-შვილი, წარმომადგენელი ლ. ჩ-ძე;
მესამე პირი_მ. ძ-ძე;
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება;
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის პირველ მარტს მ. შ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ, რომლის საფუძველზეც მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 01 თებერვლის ¹23339 გადაწყვეტილების არარა აქტად აღიარება.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას აფუძნებდა შემდეგ გარემოებებზე: მან 2009 წლის 22 ოქტომბერს დ. ი-საგან შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ..., მე3 მ/რ, მე-4 კვ, კორპუსი 62, ბინა 18. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ. შ-შვილმა დ. ი-ს გადაუხადა 20 000 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით ლარში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 28 ოქტომბრის ¹... გადაწყვეტილებით აღნიშნულ ბინაზე დარეგისტრირდა მ. შ-შვილის საკუთრების უფლება.
2010 წლის 20 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საჩივრით მიმართა დ. ი-ის ყოფილმა მეუღლემ მ. ძ-ძემ და მოითხოვა იმ აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც მ. შ-შვილის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ადმინისტრაციული წარმოებისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგინდა, რომ მ. შ-შვილის მიერ სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენამდე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 21 ოქტომბრის ¹... გადაწყვეტილებით აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა _ ყადაღა, რისი საფუძველიც გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცელი ¹10323.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მ. შ-შვილის სახელზე რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 28 ოქტომბერს მიღებული ¹... გადაწყვეტილება. აღნიშნული ცვლილება აღირიცხა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარღვეულ იქნა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც უძრავ ქონებაზე რეგისტრაციის გაუქმება წარმოადგენს სასამართლოს და არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას.
აღნიშნულის საფუძვეზე მოსარჩელე ითხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 01 თებერვლის ¹23339 გადაწყვეტილების არარა აქტად აღიარებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით მ. შ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. შ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. შ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. შ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა _ არარად იქნა აღიარებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 01 თებერვლის ¹23339 გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 29.3 მუხლზე და აღნიშნა, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება უფლების რეგისტრაციის, ასევე მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის შესახებ საჩივრდება სასამართლო წესით. მითითებული ნორმა ადგენს საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების გასაჩივრების წესს და იგი იმპერატიული ხასიათისაა. აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არ იყო უფლებამოსილი განეხილა ადმინისტრაციული საჩივარი და ბათილად ეცნო მ. შ-შვილის სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია, რაც სააპელაციო სასამართლოს მითითებით წარმოადგენდა სადავო აქტის არარად აღიარების საფუძველს.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც მიუთითებდა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 29.3 მუხლი არ უკრძალავს უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რომლის ძირითადი ფუნქციაა რეგისტრაცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ბათილად სცნოს უკანონო ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.
კასატორი მიიჩნევდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის საფუძველს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის შესაბამისად გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისას საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 393-ე მუხლის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ)გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის რიგი ნორმები, რაც იმავე ზემოაღნიშნული მუხლის საფუძველზე იძლევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო საქმეზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მ. შ-შვილმა 2009 წლის 22 ოქტომბერს დ. ი-საგან შეიძინა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისი, ..., მე3 მ/რ, მე-4 კვ, კორპუსი 62, ბინა 18. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ. შ-შვილმა დ. ი-ს გადაუხადა 20 000 აშშ დოლარი შესაბამისი კურსით ლარში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 28 ოქტომბრის ¹... გადაწყვეტილებით აღნიშნულ ბინაზე დარეგისტრირდა მ. შ-შვილის საკუთრების უფლება.
2010 წლის 20 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს საჩივრით მიმართა მ. ძ-ძემ და მოითხოვა იმ აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც მ. შ-შვილის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში. ადმინისტრაციული წარმოებისას, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგინდა, რომ მ. შ-შვილის მიერ სარეგისტრაციო განაცხადის წარდგენამდე თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 21 ოქტომბრის ¹... გადაწყვეტილებით აღნიშნულ უძრავ ნივთზე რეგისტრირებული იყო საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა _ ყადაღა, რისი საფუძველიც გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცელი ¹10323.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მ. შ-შვილის სახელზე რეგისტრაციის შესახებ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2009 წლის 28 ოქტომბერს მიღებული ¹... გადაწყვეტილება. აღნიშნული ცვლილება აღირიცხა უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.
წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადსტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებს და მოვალეობებს.
იმისათვის, რომ აქტი მიჩნეულ იქნას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად, ზემოაღნიშნული დეფინიციის საფუძველზე, ის უნდა შეიცავდეს 4 ელემენტს: გამოცემული უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს პირის ან პირთა შეზღუდული წრისაკენ და აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირთა სამართლებრივ მდგომარეობას.
გამომდინარე იქიდან, სადავო აქტი აკმაყოფილებს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ ყველა კრიტერიუმს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი კანონიერების შემოწმება გარდა ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონისა უნდა მოხდეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმებთან შესაბამისობის თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას იმის თაობაზე, რომ მათი მხრიდან არ მომხდარა მ. ძ-ძის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოება განახორციელა საკუთარი ინიციატივით, დაშვებული შეცდომის გამოსწორების მიზნით, რის გამოც არ ევალებოდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვა.
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული ორგანოს ყურადღებას მიაქცევს გასაჩივრებული აქტის შინაარს და აღნიშნავს, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია დაინტერესებული მხარის მ. ძ-ძის ინიციატივა, მის მიერ წერილობით წარდგენილი საჩივარი, რაც ცალსახად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული ორგანო საკუთარი ინიციატივით ახდენს მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმებას, ეს ხორციელდება არა სზაკ-ის მე-13 თავის საფუძველზე, არამედ ამავე კოდექსის მე-60-62-ე მუხლებზე დაყრდნობით. საკასაციო სასამართლო თვლის, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველი ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს დაიცვას სზაკ-ით ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის დადგენილი მოთხოვნები.
საკასაციო სასამართლო ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 3.3 მუხლზე დაყრდნობით საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უშუალოდ ან თავისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურების და ავტორიზირებული პირების მეშვეობით. შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მუხლში საუბარია სააგენტოზე, როგორც ერთიან ადმინისტრაციულ ორგანოზე, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრის სტრუქტურული წყობა არ შეიძლება გაგებულ იქნას იმგვარად, რომ მას არა აქვს უფლება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე გადაამოწმოს მის მიერვე მიღებული აქტის კანონიერება.
გასაჩივრების ადმინისტრაციული წესი იძლევა ადმინისტრაციულ სფეროში პრევენციული ზომების მიღების, ადმინისტრაციული ორგანოს სისტემის თვითკონტროლის საშუალებას, იძლევა შესაძლებლობას ადმინისტრაციულმა ორგანომ თავადვე გამოასწოროს საკუთარი შეცდომა, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების მთავარ მახასიათებელს, საერთოა მმართველობითი საქმიანობის ყველა სფეროსთვის და აძლევს დაინტერესებულ მხარეს შესაძლებლობას, მოითხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვა. სწორედ ამ გარემოებითაა განპირობებული სზაკ-ის 178-ე მუხლში განხორციელებული ჩანაწერი, რომლის შესაბამისადაც დადგენილია, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.
შესაბამისად მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს არარსებობის მოტივით, შეუძლებელია თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არის არასწორი და არ გამომდინარეობს სზაკ-ის მოთხოვნებიდან.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის განმარტების თაობაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოდგენილ მოსაზრებას და აღნიშნავს, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსა და პირებს შორის არსებობს უფლებამოსილებათა დისბალანსი, მათ შორის ურთიერთობა საჭიროებს ეფექტურ კონტროლს, რაც გამოვლენას ჰპოვებს ერთის მხრივ ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებაში საკუთარ გადაწყვეტილებებსა თუ მოქმედებებზე განახორციელოს თვითკონტროლი და მეორეს მხრივ იძლევა შესაძლებლობას ამ მოქმედებათა სრული ციკლი მოექცეს სასამართლო კონტროლქვეშ.
ზემოაღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ვერ გამორიცხავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლებას კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით უზრუნველყოს ტერიტორიული სამსახურების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კონტროლი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ზემომითითებული მსჯელობა არ უნდა იქნას იმგვარად გაგებული, რომ ადმინისტრაციული კონტროლის პროცესში დასაშვებია პირის სუბიექტური უფლებების ხელყოფა. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა წარმოშობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით განხორციელებული წარმოების გაგრძელებას, რომლის მიზანია ახალი გადაწყვეტილების მიღება.
რეგისტრაციის შესახებ ¹... გადაწყვეტილების ბათილად გამოცხადებით ადგილი აქვს აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობას, რომელიც, ამავე აქტში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე მიზნად ისახავს კანონიერების აღდგენას. თუმცა ამ შემთხვევაში საგულისხმოა ასევე დაინტერესებული პირის მ. შ-შვილის ნდობის პრინციპი, რომელიც ისევე როგორც კანონიერების აღდგენის პრინციპი წარმოადგენს კონსტიტუციური რანგის პრინციპს, რის გამოც ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, საკითხის გადაწყვეტა მოახდინოს ამ ორი პრინციპის შეპირისპირებით, მიიღოს თანაზომიერი გადაწყვეტილება და დაიცვას ის მოთხოვნები, რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების საფუძველს. მათ შორის კი უმნიშვნელოვანესია დაინტერესებული პირის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
სზაკ-ის 185-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის მე-7 თავით დადგენილი წესები.
იმავე კოდექსის 95.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მხრიდან ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში ადგილი აქვს სზაკ-ის მოთხოვნათა დარღვევას, რაც ამავე კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე იძლევა სადავო აქტის ბათილობის საფუძველს. ამასთან საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება სასამართლოს მიერ მითითებული დარღვევების გამორიცხვით, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით აწარმოოს ადმინისტრაციული წარმოება და ყველა გარემოების შეჯერების საფუძველზე მიიღოს ახალი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32.4-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ. შ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 1 თებერვლის ¹23339 გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალოს საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით მიიღოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.