Facebook Twitter

ბს-1696-1652(კ-10) 4 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. და ც. ბ-ების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე _ მ. და ც. ბ-ების სარჩელის გამო გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და ნოტარიუს მ. მ-ის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2010 წლის 30 ნოემბერს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1696-1652(კ-10) მ. და ც. ბ-ების საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებით მ. და ც. ბ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზი). საკასაციო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რამდენადაც კასატორებს საკასაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 368.2 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის სახით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორებს განესაზღვრაღ ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე (იხ. ს.ფ. 60-62; ტ.II).

ხარვეზის შევსების მიზნით, 2010 წლის 24 დეკემბერს საკასაციო სასამართლოს მომართეს კასატორებმა მ. და ც. ბ-ებმა, წარმოადგინეს სახელმწიფო ბაჟის სახით – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და საკასაციო საჩივრის ასლები (იხ. ს.ფ. 69-70; ტ.II).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 3 იანვრის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ საპროცესო ვადა 5 დღით და დაევალათ დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა კასაციის მიზეზის მითითებით (იხ. ს.ფ. 79-81; ტ.II).

ხარვეზის შევსების მიზნით, 2011 წლის 25 იანვარს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართეს კასატორებმა – მ. და ც. ბ-ებმა (იხ. ს.ფ. 92; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. და ც. ბ-ების საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორებს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 10 დეკემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, რაც გაუგრძელდათ კასატორებს 2011 წლის 3 იანვრის განჩინებით 5 დღით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებმა ხარვეზი არ შეავსეს, რამდენადაც ხარვეზის შევსების მიზნით კასატორების – მ. და ც. ბ-ების მიერ წარმოდგენილი განცხადება არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას და არ შეიცავს მითითებას, თუ რაში მდგომარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 სექტემბრის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი, ასევე არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობს მითითებული განჩინების უკანონობა. საკასაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის მითითებისა და საპროცესო ვადის გაგძელების შესახებ განჩინებებში მითითების მიუხედავად, კასატორებმა კვლავ არ წარმოადგინეს დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, მხოლოდ ზოგადად მიუთითეს განჩინების უკანონობაზე, მაგრამ არ გაუკრიტიკებიათ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში ჩამოყალიბებული დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები, არ მიუთითებიათ რომელი საპროცესო თუ მატერიალური ნორმების დარღვევით გამოიტანა განჩინება სააპელაციო სასამართლომ, რაც სსსკ-ის 393-394-ე მუხლების შესაბამისად, შესაძლებელია გამხდარიყო გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

გარდა აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვერული ვადის დარღვევის მოტივითაც, რამდენადაც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 3 იანვრის განჩინება კასატორს მ. ბ-ისათვის გადასაცემად მის შვილს – ბ. ბ-ს ჩაჰბარდა 2011 წლის 17 იანვარს (იხ. ს.ფ. 89; ტ.II). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 5-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2011 წლის 24 იანვარს, თანახმად სსსკ-ის 61.2 მუხლისა. ხარვეზის შევსების მიზნით კი მ. ბ-მა საკასაციო სასამართლოს მომართა 2011 წლის 25 იანვარს, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. და ც. ბ-ების საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს მ. ბ-ს სსსკ-ის 185-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. და ც. ბ-ების საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. კასატორს _ მ. ბ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი სრულად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.