ბს-1702-1658(კ-10) 10 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის – ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ონდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა აკადემიის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 23 აგვისტოს ¹ს/დ-552-ფ საგადასახადო მოთხოვნა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 11 ივლისის ¹7587 ბრძანება შსს აკადემიისათვის პირად ბარათზე 848 823,80 ლარის დარიცხვის შესახებ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას მოეხსნა პირად ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხები.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 21 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2011 წლის 5 იანვარს შემოსავლების სამსახურმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა საკასაციო წარმოებაში მყოფ საქმეზე წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შემოსავლების სამსახურის განცხადებას საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, საკასაციო წარმოება შეწყდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი (XLIX თავი _ საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში) შეიცავს, ანუ თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს, უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს საპროცესო შეზღუდვა. კასატორმა _ შემოსავლების სამსახურმა საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოახდინა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო შემოსავლების სამსახურს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საკასაციო საჩივარზე წარმოების შეწყვეტის შემდეგ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით დაუშვებელია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის _ შემოსავლების სამსახურის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, უნდა შეწყდეს მოცემულ საქმეზე საკასაციო წარმოება და უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შემოსავლების სამსახურის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარზე წარმოება;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის განჩინება;
4. შემოსავლების სამსახურს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის განჩინება საკასაციო წესით;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.