ბს-17-16(კ-10) 30 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი _ ნ. გ-შვილი
კასატორი (მოსარჩელე) _ შპს “...”
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფოთის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია);
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური;
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო.
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.09წ. განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების აღიარება საბაჟო ორგანოს მიერ, პასუხისმგებლობა საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილებისათვის
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს “...” 24.02.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიმართ, რომლითაც ფოთის რეგიონალური ცენტრის 06.10.08წ. ¹003840 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის, 15.10.08წ. საბაჟო შეტყობინების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 30.12.08წ. ¹4106 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 09.02.09წ. ¹10/1189 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა. სარჩელში აღნიშნულია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ნაწილში საბაჟო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ეფუძნება საქართველოს საბაჟო კოდექსის 239-ე მუხლის II ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების განმეორებით მოხსნა/მოცილება ან/და განადგურებისათვის. ჩატერებული მოკვლევით დადგინდა, რომ 23.09.08წ. სადგურ “...” შემჩნეულ იქნა ვაგონზე კონტეინერის არასწორად განთავსება, ამასთანავე ვაგონი დალუქული იყო არა რომელიმე ქვეყნის საბაჟო ორგანოს ან უფლებამოსილი სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ, არამედ ტვირთგამგზავნის, ანუ კერძო სამართლის იურიდიული პირის დამღით, რომლის მთლიანობაც არასწორად დატვირთვისა და არასტანდარტულობის გამო დარღვეული იყო. მოსარჩელე მიუთითებს, რომ სწორედ ამიტომ, შედგა რა საერთო ფორმის აქტი ¹111546, ტვირთი გამართულად მოთავსდა ვაგონზე და დაილუქა სათანადოდ კომისიური წესით, ამდენად თავად იურიდიული პირის მიერ მოხდა ტვირთვის დატვირთვის ნაკლოვანებასთან დაკავშირებით გამოვლენილი ხარვეზის გამოსწორება, რაზეც ეცნობა საბაჟო ორგანოს, რაც არანაირად არ უნდა ყოფილიყო განხილული საბაჟო კოდექსის 239-ე მუხლის დარღვევად, რადგან აღნიშნული მუხლის დისპოზიცია იდენტიფიკაციის საშულებების სწორედ განზრახ დაზიანებას მოიაზრებს, ხოლო რკინიგზის დამღის შეცვლა განპირობებული იყო ობიექტური გარემოებებით.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საბაჟო ორგანომ ისე დაიწყო და ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, რომ შპს “...”, საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, არაფერი უცნობებია, საბაჟო შეტყობინება დაუსაბუთებელია იმ მხრივ, რომ მასში არ არის ჩამოყალიბებული საბაჟო კანონმდებლობის რა მოთხოვნა დაარღვია შპს “...”. სამართალდარღვევის შინაარსიდან არ დგინდება შპს “...” მიერ საბაჟო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენა, მით უფრო განმეორებით. მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ ¹10/1189 09.02.09წ. გადაწყვეტილებაში არასწორად გამოიყენა საბაჟო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ვინაიდან დასახელებული მუხლი ზოგადი შინაარსის მატარებელ მავალდებულებელ ნორმას წარმოადგენს, საბაჟო კოდექსის 239-ე მუხლის დისპოზიცია კი პირდაპირ მიუთითებს საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანებაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ საბაჟო ორგანომ, საბაჟო შეტყობინებაში საერთოდ არ მიუთითა საბაჟო დარღვევის მაკვალიფიცირებელი გარემოების “განმეორებითობის” დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, რაც აქტის დაუსაბუთებლობაზე მეტყველებს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 08.05.09წ. გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 24.09.08წ. შპს ,,...” საბაჟო საწყობში რკინიგზის ვაგონით ¹654085811281 შეტანილი იქნა სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსული, სატრანზიტო კონტეინერი ... დატვირთული სპილენძის ჯართით, სარკინიგზო ზედნადებით ¹..., სააღრიცხვო მოწმობით ¹.... შპს ,,...” ¹111545 საერთო ფორმის აქტით დგინდება, რომ ტვირთის გამომგზავნის მიერ დადებული დამღა, ქ. ზესტაფონში საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლების მიერ მოხსნილი იქნა და კონტეინერზე დადებული იქნა რკინიგზის დამღა ¹.... საქმეში დაცული ¹... სააღრიცხვო მოწმობით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საბაჟო ორგანოს მიერ აღნიშნული სატრანზიტო ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლის დროს, საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებად აღიარებულ იქნა ტვირთის გამგზავნის დამღა. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ტვირთის გამომგზავნის მიერ დადებული დამღის შეცვლის შესახებ შპს ,,...” არ გააჩნდა საბაჟო ორგანოს თანხმობა. აღნიშნულის გამო, 06.10.08წ. საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) ინსპექტორის მიერ შპს ,,...” მიმართ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალრღვევის ოქმი ¹... საქართველოს საბაჟო კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, რომელიც შპს ,,...” 08.10.08წ. წარედგინა. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა საქმეში არსებული საბაჟო სამართალდარღვევის ¹... ოქმზე, რომლითაც შპს ,,...” ანალოგიური საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისათვის 23.03.08წ. დაჯარიმდა 10000 ლარით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის უფროსის მოადგილის 15.10.08წ. გადაწყვეტილებით შპს “...” საქართველოს საბაჟო კოდექსის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე გადასახდელად დაეკისრა ჯარიმა 10000 (ათიათასი) ლარის ოდენობით. მასვე წარედგინა საბაჟო შეტყობინება ¹.... შპს ,,...” მიერ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, გადაწყვეტილება საბაჟო სანქციის დარიცხვის შესახებ და საბაჟო შეტყობინება გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში. ფინანთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 30.12.08წ. ¹... ბრძანებით შპს ,,...” საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანასთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილის საბჭოში, რომლის 09.02.09წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...” საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა შემოსავლების სამსახურის 30.12.08წ. ¹... ბრძანება.
საბაჟო კოდექსის 83-ე მუხლზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ საიდენტიფიკაციო საშუალების მთავარი ფუნქცია არის საქონლის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა. საიდენტიფიკაციო საშუალებების საბაჟო ორგანოსაგან უნებართვოდ მოხსნა ან მოცილება აკრძალულია და ისჯება, როგორც საბაჟოO სამართალდარღვევა (საქართველოს საბაჟო კოდექსის 239-ე მუხლი). იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა ან მოცილება საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ დაუძლეველი ძალისა და ავარიის დროს, რომლის შესახებ ასევე უნდა ეცნობოს საბაჟო ორგანოს. სასამართლომ მიუთითა რომ, იმ შემთხვევაში თუ საბაჟო ორგანო აღიარებს სხვა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ დადებულ საიდენტიფიკაციო საშუალებას, იგი გათანაბრებულია საქართველოს საბაჟო ორგანოს მიერ დადებულ საიდეტიფიკაციო საშუალებასთან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ კონტეინერზე არსებული დამღა არ წარმოადგენს საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებას, ვინაიდან საბაჟო ორგანოს მიერ იგი არ ყოფილა ასეთად აღიარებული კანონით დადგენილი წესით, საბაჟო ორგანოს არ გამოუცია ადმინისტრაციული აქტი კონტეინერზე არსებული დამღის საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებად აღიარების შესახებ. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ფინანასთა სამინისტროს ბრძანება, რომელიც ადგენს საბაჟო იდენტიფიკაციის სხვა საშუალების აღიარებისათვის ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, როგორც ამას მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, მიღებულია მას შემდეგ, რაც შპს “...” დაჯარიმდა 239-ე მუხლის მეორე ნაწილით, ფინანსთა მინისტრის ბრძანების გამოცემამდე კი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებად აღიარებისათვის საკმარისი იყო ტვირთის სააღრიცხვო მოწმობის საბაჟო ორგანოს მიერ სათანადო ბეჭდით დადასტურება, რაც ცვლიდა საქართველოში დადგენილ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებს ანუ კონტეინერზე არსებულ დამღას აღიარებდა საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,...” მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაცნობად წარედგინა “...”, საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-9 ნაწილი არ ითვალისწინებს საბაჟო სამართალდარღვევის საქმის მხარისათვის შეტყობინებას და მისი მონაწილეობის უზრუნველყოფას საქმის განხილვაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.09წ. განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 08.05.09წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში საბაჟო ორგანომ აღიარა სხვა შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ დადებული საიდენტიფიკაციო საშუალება და გაუთანაბრა საქართველოს საბაჟო ორგანოს მიერ დადებულ საიდენტიფიკაციო საშუალებას. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საიდენტიფიკაციო საშუალების საბაჟო ორგანოსაგან უნებართვოდ მოხსნა ან მოცილება აკრძალულია და განიხილება როგორც საბაჟო სამართალდარღვევა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ განმარტა, ადგილი ჰქონდა თუ არა სწორედ “....”, ანუ საბაჟო იდენტიფიკაციის საშულების დარღვევას, ვინაიდან საბაჟო კოდექსის 239-ე მუხლის II ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგება საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების განმეორებით მოხსნა-მოცილება ან/და განადგურებისათვის. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ დადებული ლუქები ჩაეთვალა საბაჟო ლუქებად, ვინაიდან ისინი ვერ ჩაითვლებიან უფლებამოსილ ორგანოებად, ვინაიდან სატრანსპორტო საშუალებაზე არ ყოფილა დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება, შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია მათ დაზიანებას, რაც საბაჟო სამართალდარღვევის შემადგენლობას ქმნის. კასატორის მითითებით, კონტეინერი ვაგონზე დადებული იყო არასწორად, ამავე დროს, იგი დალუქული იყო არა რომელიმე ქვეყნის საბაჟო ორგანოს, ან ამ თვალსაზრისით უფლებამოსილ სხვა სახელმწიფო ორგანოს მიერ, არამედ ტვირთის გამგზავნის, ანუ კერძო სამართლის იურიდიული პირის დამღით, რომლის მთლიანობაც არასწორად დატვირთვისა და არასტანდარტულობის გამო დარღვეული იყო, სწორედ ამიტომაც შედგა საერთო ფორმის აქტი ¹..., ტვირთი გამართულად მოთავსდა ვაგონზე და დაილუქა სათანადოდ კომისიური წესით. ამდენად, თავად იურიდიული პირის მიერ მოხდა ტვირთის დატვირთვის ნაკლის გამოსწორება, რაზეც ეცნობა საბაჟო ორგანოს და შეიცვალა რკინიგზის ლუქი. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ შპს “...” მონაწილეობა არ მიუღია ადმინისტრაციული ოქმის შედგენაში, რაც წარმოადგენს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მოთხოვნათა უხეშ დარღვევას. ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა ფორმალურად, ვინაიდან მის შედეგად მიღებული აქტები კანონსაწინააღმდეგოა.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის, ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და ითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,...” საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.09წ. განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,...” საბაჟო საწყობში 24.09.08წ. რკინიგზის ვაგონით ¹654085811281 შეტანილ იქნა სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსული სატრანზიტო კონტეინერი .... დატვირთული სპილენძის ჯართით, სარკინიგზო ზედნადებით ¹..., სააღრიცხვო მოწმობით ¹.... აღნიშნულ კონტეინერს არ ედო ტვირთის გამომგზავნის მიერ დადებული დამღა. შპს “....” ¹111545 საერთო ფორმის აქტით დგინდება, რომ ტვირთის გამომგზავნის მიერ დადებული დამღა ქ. ზესტაფონში საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლის მიერ მოხსნილ იქნა და კონტეინერს დაედო რკინიგზის დამღა ¹.... საქმეში არსებული სამართალდარღვევის ოქმით ¹... ირკვევა, რომ შპს ,,...” ანალოგიური საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისათვის 23.03.08წ. დაჯარიმდა 10000 ლარით (ს.ფ. 120-123). საქართველოს ფინანსთაA სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის უფროსის მოადგილის 15.10.08წ. გადაწყვეტილებით შპს ,,...” საბაჟოO კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გადასახდელად დაეკისრა ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ჯარიმაზე შპს ,,...” წარედგინა საბაჟოO შეტყობინება ¹....
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სომხეთის რესპუბლიკიდან შემოსული სპილენძის ჯართით დატვირთული სატრანზიტო კონტეინერი .... საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას დაექვემდებარა საბაჟო კონტროლს. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო ზედამხედველობასა და საბაჟო კონტროლს ახორციელებენ საბაჟო ორგანოები. საბაჟო ზედამხედველობა საბაჟო ორგანოს მიერ გატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომელთა მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების, შეზღუდვების, აკრძალვების, მოთხოვნების ან სხვა პირობების დაცვა. საბაჟო კონტროლი ხორციელდება საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის მიმართ, საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო პროცედურების განხორციელებით. საბაჟო კონტროლის ეტაპზე, როდესაც არსებობს საქონლის ნიშანდების აუცილებლობა მისი შემდგომი იდენტიფიკაციისათვის ან/და საჭიროა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა, საბაჟო ორგანოს მიერ ხდება საქონლის ნიშანდება საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების დადებით. საბაჟო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებია (ნიშნებია) შტამპები, ბეჭდები, და ნიშანდების სხვა საშუალებები, როლმებსაც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადებს საქონელს, სატრანსპორტო საშუალებას ან შენობა-ნაგებობას მათი ხელშეუხებლობის უზრუნველყოფის მიზნით. Aამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად საბაჟოO იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) ისე უნდა იქნეს დადებული, რომ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალიბის (ნიშნის) დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა, საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) იმგვარად უნდა იყოს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება. იგივე მოთხოვნას საიდენტიფიკაციო საშუალების მიმართ შეიცავს ,,საერთაშორისო ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვების წესები” (მე-9 მუხ.), რომლებიც ითვალისწინებს გამგზავნის მიერ იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენების ვალდებულებას და უშვებს გამგზავნის იდენტიფიკაციის საშუალებების საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებთან გათანაბრების შესაძლებლობას (23-ე მუხ.). ვინაიდან საიდენტიფიკაციო საშუალების მთავარი ფუნქცია არის საქონლის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა, იდენტიფიკაციის საშუალების ამ ფუნქციონალური დატვირთვის გათვალისწინებით ცხადია, რომ ტვირთის გამომგზავნი უფლებამოსილია გამოიყენოს იდენტიფიკაციის საშუალება, ხოლო საბაჟო ორგანო უფლებამოსილია აღიაროს იგი ასეთად. საბაჟო ორგანოს მიერ გამოყენებული იდენტიფიკაციის საშუალებათა შეცვლა, მოსპობა, დაზიანება ან მოცილება საბაჟო კონტროლის რეჟიმის დარღვევას წარმოადგენს. საბაჟო სამართალდარღვევად საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად ითვლება ვალდებული პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება/უმოქმედობა), რომლისთვისაც საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საბაჟო სამართალდარღვევის ერთ-ერთი სახე, სწორედ საიდენტიფიკაციო საშუალებების თვითნებურად მოხსნა/მოცილებაა. აკრძალულია საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) მოხსნა/მოცილება საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, გარდა საბაჟო კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ავარიისა და დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოშობილი აუცილებლობისას სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად. საბაჟო კოდექსის 239-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა/მოცილება ან/და განადგურება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაში ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებულ შენობა-ნაგებობაში შეღწევა იწვევს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის მფლობელის დაჯარიმებას 5000 ლარით; ხოლო იგივე ქმედებები ჩადენილი განმეორებით იწვევს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის მფლობელის დაჯარიმებას ყოველ შემდგომ განმეორებაზე 10000 ლარით. საბაჟო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად იდენტიფიკაციის საშუალებით ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან მასში მოთავსებული საქონლის ხელშეუხებლობასა და საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების (ნიშნის) დაუზიანებლობაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს საქონლის, სატრანპორტო საშუალების მფლობელი, მოცემულ შემთხვევაში შპს ,,...”. იმისათვის რომ საქონლის, სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის მფლობელის დაჯარიმება განხორციელდეს საბაჟო კოდექსის 239-ე მუხლის მიხედვით სახეზე უნდა იყოს ორი პირობა, კერძოდ უფლებამოსილი საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების დადება და საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და განადგურება საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე. ამასთანავე, საბაჟო კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილი, სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი რედაქციით, საბაჟო ორგანოს ანიჭებს იმ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების აღიარების შესაძლებლობას, რომლებიც დადგენილია უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოს ან სხვა უფლებამოსილი ორგამოს მიერ. ასეთ შემთხვევაში საბაჟო ორგანოს მიერ აღიარებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები ცვლიდა საქართველოში დადგენილ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებს (ნიშნებს). საბაჟო ორგანოს მიერ სხვა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადებულ საიდენტიფიკაციო საშუალების აღიარების შემთხვევაში საქართველოს საბაჟო არ ადებს თავის საინდენტიფიკაციო საშუალებას და იგი გათანაბრებულია საქართველოს საბაჟო ორგანოს მიერ დადებულ საიდენტიფიკაციო საშუალებასთან. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სატრანზიტო ტვირთის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის დროს, საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებად აღიარებულ იქნა ტვირთის გამგზავნის დამღა, შესაბამისად, აღარ მომხდარა საბაჟო ორგანოს მიერ ტვირთის ნიშანდება, საბაჟო ორგანოს მიერ იდენტიფიკაციის საშუალების აღიარებით, ტვირთის გამომგზავნის დამღა გაუთანაბრდა საბაჟო კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებს (ნიშნებს). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საბაჟო კანონმდებლობა არ შეიცავდა საბაჟო კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილთან მიმართებაში უფლებამოსილი ორგანოს დეფინიციას, მითუმეტეს არ შეიცავდა ნეგატიურ პირობას, კერძოდ გამომგზავნის მიერ საიდენტიფიკაციო საშუალების აღიარების გამომრიცხავ დათქმას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 23.02.09წ. ¹104 ბრძანებით დამტკიცბული წესი, რომლის თანახმად საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) აღიარება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ვერ გავრცელდება სადავო სამართალურთიერთობაზე, ვინაიდან ხსენებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული მოწესრიგება შპს ,,...” მიერ ტვირთის ტრანსპორტირების პერიოდში არ მოქმედებდა. ამასთანავე, მოცემულ შემთხვევაში იდენტიფიკაციის საშუალების აღიარება დასტურდება არა მხოლოდ საბაჟო ორგანოს ქმედებით (საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების არ დადება, ტვირთის საბაჟო საზღვარზე გატარება), არამედ საბაჟო ორგანოს მიერ გატარებულ ტვირთთან დაკავშირებით რამდენიმე პირად შედგენილი დოკუმენტაციით. საბაჟო ორგანოს მიერ იდენტიფიკაციის საშუალების აღიარება დგინდება საქმეში დაცული სააღრიცხვო მოწმობით ¹.... სააღრიცხვო მოწმობა არის საბაჟო კონტროლის დოკუმენტი, რომელსაც გამოწერს საბაჟო ორგანო. სააღრიცხვო მოწმობით ხორციელდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საზღვარზე შემოტანის, ასევე საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დროს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა. შესაბამისად, სააღრიცხვო მოწმობით ხდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვა და კონტროლზე აყვანა. საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ზოგადი დეკლარირების საფუძველზე საბაჟო ორგანო გამოწერს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიმართ საბაჟო კონტროლის დოკუმენტს, აღრიცხვის მოწმობის შევსების წესი დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. საბაჟო კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გამოცემული საქართველოს ფინანსთა მინისტრის 20.12.06წ. ¹... ბრძანებით დამტკიცებული “საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის მე-11-მე-14 მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად განსახილველ შემთხვევაში სააღრიცხვო მოწმობაში დასმულია საქართველოს საბაჟოს დამღა წარწერით “აყვანილია კონტროლზე”, პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, შევსების თარიღის ჩვენებით, დამღა დამოწმებულია პირადნომრიანი ბეჭდით, აღრიცხვაში მითითებულია დამღის ნომერი. ამდენად, საბაჟო ორგანომ თავის აქტში – სააღრიცხვო მოწმობაში, იდენტიფიკაციის ნიშნად მიუთითა დამღა ¹.... საბაჟო ორგანოს ტვირთზე არსებული ნიშანი რომ არ მიეჩნია იდენტიფიკაციის საშუალებად და არ ეღიარებინა იგი, საბაჟო ორგანო მოახდენდა ტვირთის ნიშანდებას. საბაჟო ორგანოს მიერ არსებული დამღის საბაჟო დოკუმენტაციაში, კერძოდ სააღრიცხვო მოწმობაში ასახვით, საბაჟომ მოახდინა ტვირთზე არსებული დამღის იდენტიფიკაციის საშუალებად აღიარება. ამდენად, საბაჟო ორგანომ იდენტიფიკაციის საშუალების აღიარება დაადასტურა სააღრიცხვო მოწმობაში ბეჭდის დასმით, ტვირთის საზღვარზე გატარებისას მოსარჩელეს პრეტენზია იდენტიფიკაციის საშუალების აღიარებასთან დაკავშირებით არ განუცხადებია. შესაბამისად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 15.10.08წ. შპს ,,...” საბაჟო საწყობში რკინიგზის ვაგონით შემოტანილ ტვირთზე არსებული დამღა საბაჟო ორგანოს მიერ აღიარებულ იქნა ტვირთის საქართველოს ტერიტორიაზე შემოშვების მომენტინად. ამდენად, საქმეზე დადასტურებული გარემოებები ქმნის საბაჟო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემადგენლობას, ვინაიდან სახეზეა როგორც საბაჟო ორგანოს მიერ სათანადო წესით აღიარებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება, ასევე საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა/მოცილება.
რაც შეეხება საბაჟო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედების განმეორებითობას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აღნიშნული კოდექსის 233-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმადაც საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს ,,...” ანალოგიური საბაჟო სამართალდარღვევისათვის 23.03.08წ. დაჯარიმდა 10000 ლარით. აღნიშნული სანქციის შეფარდებიდან შპს ,,...” მიერ სადავო სამართალდარღვევის ჩადენამდე არ არის გასული ერთი კალენდარული წელი. შესაბამისად, შპს ,,...” მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რასაც საბაჟო ორგანოს მხრიდან, საბაჟოOკოდექსის 235-ე მუხლით დადგენილი საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის შესაბამისად, მოჰყვა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა და საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს ასევე არ ქმნის კასატორის მიერ მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ შპს ,,...” მონაწილეობა არ მიუღია საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოებაში და მათთვის არ უცნობებიათ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ. საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარში არ არის მითითებული რაიმე ისეთი გარემოება, რომელიც მოსარჩელის მოწვევის შემთვევაში გამოიწვევდა სხვა გადაწყვეტილების მიღებას. მხედველობაშია აგრეთვე მისაღები ისიც, რომ შპს ,,...” წარმომადგენელი მოწვეული იყო და მონაწილეობას ღებულობდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში სადავო აქტებთან დაკავშირებით მისი საჩივრის განხილვაში. სზაკ-ის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აქტის მომზადების და გამოცემის წესების არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომლის არსებობისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენისას დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო მე-4 ნაწილის შესაბამისად, ოქმი გასაცნობად წარედგინება საქმის წარმოების მონაწინე ყველა პირს, მათ უფლება აქვთ გამოთქვან შენიშვნები, რომლებიც აისახება ოქმში. საკასაციო პალატა საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაცნობად წარედგინა შპს ,,...”. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ოქმი წარმოადგენს საქმის გარემოებათა ფიქსაციის საშუალებას, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ უარყოფს ოქმში ასახულ გარემოებას, სახელდობრ იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობის დარღვევის ფაქტს.ამდენად, კასატორის პრეტენზიები ოქმის შედგენასთან დაკავშირებით არ წარმოადგენს სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული აქტები არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. არ არის დარღვეული მათი მომზადებისა და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,...” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.10.09წ. განჩინება.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.