ბს-1745-1701 (კ-10) 16 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზ. ბ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 19 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ზ. ბ-იანმა მოპასუხეების –თბილისის მერიის ადმინისტრაციისა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 1 დეკემბრის და თბილისის მერიის 2009 წლის 12 იანვრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას, ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის დავალდებულებას 2005 წლის 25 მაისის ¹4.3.92 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, პროექტსა და აზომვით ნახაზებში ზომების მინიშნების ჩამატებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 მაისის სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და საბოლოოდ ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 1 დეკემბრის წერილის და თბილისის მერიის 2009 წლის 12 იანვრის წერილის (ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების) ბათილად ცნობასთან ერთად ასევე მოითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობისათვის ახალი ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, რომლითაც ვაკე-საბურთალოს გამგეობის 2005 წლის 25 მაისის 4.3.92 დადგენილებაში შევიდოდა ცვლილება, რომლითაც უძრავი ნივთის 150 კვ.მ. ზ. ბ-იანის, ხოლო 26 კვ.მ. გ. ბ-იანის სახელზე აღირიცხებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო საქმეში ჩაება მესამე პირად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 დეკემბრის საოქმო განჩინებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნებზე ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2008 წლის 1 დეკემბრის წერილის ბათილად ცნობასა და ახალ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში, რომლითაც მოხდებოდა ცვლილებების შეტანა ვაკე-საბურთალოს გამგეობის 2005 წლის 25 მაისის 4.3.92 დადგენილებაში, შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ. ბ-იანის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების თბილისის მერიისა და ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის მიმართ, ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 12 იანვრის ¹12/85106-1 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-იანმა.
Aაპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-იანმა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ბ-იანის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ზ. ბ-იანის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ზ. ბ-იანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ზ. ბ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. ბ-იანის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. ბ-იანის საკასაციო საჩივარს უარი ეთქვას განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.