¹ბს-1756-1712(კ-10) 7 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ა. მ-ე; თ. ა-ა; ს. ზ-ე; მ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის მერია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 18 მარტს რ. ს-ემ, ც. ხ-მა, ტ. კ-მა, ნ. კ-ემ, მ. ხ-მა, ლ. თ-ამ, რ. გ-ემ, ი. ხ-ემ, ა. მ-ემ, თ. ა-ამ, ს. ზ-ემ და მ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – ქ. თბილისის მერიის მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი წლების განმავლობაში მუშაობდნენ ბაგა-ბაღის გამგეებად. ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს დადგენილებით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები დაფუძნდა არასამეწარმეო იურიდიული პირის სახით და მოსარჩელეები დაინიშნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა დირექტორებად. თითოეული მათგანის დანიშვნის შესახებ არსებობდა ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებები, სადაც მითითებული იყო, რომ მოსარჩელეებთან უნდა გაფორმებულიყო შრომითი ხელშეკრულებები განსაზღვრული ვადით.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2007 წლის ზაფხულში, როდესაც იმყოფებოდნენ კუთვნილ შვებულებაში, მათთვის ცნობილი გახდა, რომ გამოცხადდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი. მოსარჩელეთა განმარტებით, იმ პერიოდისათვის მათთვის უცნობი იყო რომელი სამართლებრივი აქტითა და საკონკურსო პირობებით გამოცხადდა აღნიშნული კონკურსი. მათთვის მსგავსი დადგენილება არავის ჩაუბარებია და არც გამოქვეყნებულა.
მოსარჩელეთა მითითებით, საჯაროდ გამოცხადებული ინფორმაცია იყო ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილება. აღნიშნული დადგენილების დანართში კი მითითებული იყო, რომ კონკურსი გამოცხადდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ვაკანტურ თანამდებობებზე. მოსარჩელეთა განმარტებით, კონკურსის გამოცხადების მომენტისათვის თბილისის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა დირექტორის თანამდებობები ვაკანტური არ ყოფილა. შესაბამისად, აღნიშნული კონკურსის შედეგად, მოხდა მათი სამსახურიდან განთავისუფლება.
მოსარჩელეთა განმარტებით, ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹........ დადგენილებით ისინი განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან. 2007 წლის დეკემბრამდე კი მათ განთავისუფლების შესახებ დადგენილება არ ჩაბარებიათ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹........ , 2007 წლის 9 ნოემბრის ¹....... და 2007 წლის 19 ოქტომბრის ¹........ დადგენილებების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 აპრილის განჩინებით რ. ს-ის, ც. ხ-ის, ტ. კ-ის, ნ. კ-ის, მ. ხ-ისა და ლ. თ-ას მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში.
საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოსარჩელეებმა დააზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹...... დადგენილების მოსარჩელეების ნაწილში ბათილად ცნობა, ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹...... და 19 ოქტომბრის ¹...... დადგენილებების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. გ-ის, ი. ხ-ის, ა. მ-ის, თ. ა-ას, ს. ზ-ის და მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹..... დადგენილება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ¹...... , ¹...... , ¹...... , ¹.... , ¹....... , ¹..... საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორების თანამდებობაზე დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 24 სექტემბრის ¹........ და 2007 წლის 19 ოქტომბრის ¹...... დადგენილებები არასამეწარემო (არაკომერციული) იურიდიული პირების ¹....... , ¹....... , ¹..... , ¹..... , ¹..... , ¹..... საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნაწილში; აღდგა პირვანდელი მდგომარეობა და რ. გ-ეს, ი. ხ-ეს, ა. მ-ეს, თ. ა-ას, ს. ზ-ესა და მ. კ-ეს გაუგრძელდათ შრომითი ურთიერთობა შესაბამისი ¹....... , ¹...... , ¹...... , ¹...... , ¹........ , ¹....... საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორების თანამდებობაზე; მოპასუხეს ი. ხ-ის, ა. მ-ის, თ. ა-ას, ს. ზ-ისა და მ. კ-ის სასარგებლოდ 2007 წლის 24 სექტემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად 192 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; მოპასუხეს რ. გ-ის სასარგებლოდ 2007 წლის 19 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ყოველთვიურად 192 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. გ-ის, ი. ხ-ის, ა. მ-ის, თ. ა-ას, ს. ზ-ის და მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. მ-ემ, თ. ა-ამ, ს. ზ-ემ და მ. კ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ა. მ-ის, თ. ა-ას, ს. ზ-ისა და მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება ა. მ-ის, თ. ა-ას, ს. ზ-ის და მ. კ-ის სარჩელის არ დაკმაყოფილების ნაწილში; საქმე განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. მ-ის, თ. ა-ას, ს. ზ-ისა და მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹....... , 2007 წლის 24 სექტემბრის ¹...... და 2007 წლის 19 ოქტომბრის ¹....... დადგენილებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს წარმოადგენდნენ და მათზე ვრცელდებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231-ე მუხლის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტების და ქ. თბილისის მერიის დებულების მე-14 მუხლის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტების თანახმად, ქ. თბილისის მთავრობის უფლებამოსილებას მიეკუთვნებოდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მთავრობის მონაწილეობით შექმნილი სამეწარმეო, არასამეწარმეო და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა დანიშვნა-განთავისუფლება და მათი საქმიანობის კონტროლი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231-ე მუხლის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტებისა და თბილისის მერიის დებულების მე-14 მუხლის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტების თანახმად, ქ. თბილისის მთავრობას მინიჭებული ჰქონდა ფართო დისკრეციული უფლებამოსილება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმ გარემოების დადგენას დაინტერესებული პირებისათვის, კერძოდ, მოსარჩელეებისათვის არსებობდა თუ არა კონკურსის შესახებ ხელმისაწვდომი ინფორმაცია.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილებით ქ. თბილისში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დირექტორების კანდიდატების შერჩევის მიზნით, საქართველოს ,,შრომის კოდექსის” მე-5 მუხლის საფუძველზე, გამოცხადდა კონკურსი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე. ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილება 2007 წლის 14 აგვისტოს გამოქვეყნდა გაზეთ ,, ...... ” და დამატებითი ინფორმაცია კონკურსის თაობაზე განთავსდა ქ. თბილისის მერიის ვებ-გვერდზე.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნის ისეთი სახის დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. მ-ემ, თ. ა-ამ, ს. ზ-ემ და მ. კ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ ქ. თბილისის მთავრობამ კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება განახორციელა მთელი რიგი ნორმების დარღვევით, რადგან როგორც ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილებიდან ჩანს, კონკურსი გამოცხადდა იმ ვაკანსიებზე, რომელიც გამოცხადების მომენტში შევსებული იყო და შესაბამისად, ვაკანსია აღნიშნულ თანამდებობებზე რეალურად არ არსებობდა. ამასთან, კასატორები უკვე იმყოფებოდნენ შრომით ურთიერთობაში მოწინააღმდეგე მხარესთან და ისინი კანონიერად ახორციელებდნენ საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის ფუნქციებს და არც ერთი ნორმის საფუძველზე არ ითვლებოდნენ სამსახურის მაძიებელ კანდიდატებად.
კასატორთა განმარტებით, გასაჩივრებული დადგენილებების გამოცემისას დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 52-ე, 53-ე, 55-ე, 95-ე და 96-ე მუხლის მოთხოვნები, რაც აღნიშნული დადგენილებების ბათილად ცნობის, მათი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. მ-ის, თ. ა-ას, ს. ზ-ის და მ. კ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინებით ა. მ-ის, თ. ა-ას, ს. ზ-ის და მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. მ-ის, თ. ა-ას, ს. ზ-ის და მ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით, ,,საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231-ე მუხლის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტებით, თბილისის მერიის დებულების მე-14 მუხლის ,,ე” და ,,ვ” ქვეპუნქტებით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის ,,კ1” ქვეპუნქტით და საქართველოს მთავრობის ¹126 დადგენილებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹....... , ¹........ , ¹....... , ¹....... , ¹....... და 2007 წლის 16 მაისის ¹....... დადგენილებებით დაფუძნდა არასამეწარმეო საბავშვო ბაგა-ბაღები, რომლის დირექტორებად განსაზღვრული ვადით დაინიშნენ კასატორები, თუმცა მათთან შრომითი ხელშეკრულება არ გაფორმებულა (ტ. I, ს.ფ. 189-193). ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹17.13.598 დადგენილებით ქ. თბილისში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დირექტორების კანდიდატების შერჩევის მიზნით, საქართველოს ,,შრომის კოდექსის” მე-5 მუხლის საფუძველზე, გამოცხადდა კონკურსი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე (ტ. I, ს.ფ. 180-186). ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹....... და ¹........ დადგენილებების საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების _ საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორების თანამდებობებზე, კონკურსის შედეგების შესაბამისად, შერჩეულ პირთა დანიშვნის განხორციელების მიზნით, საქართველოს შრომის კოდექსისა და სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹....... , ¹....... , ¹....... , ¹....... , ¹....... და 2007 წლის 16 მაისის ¹....... დადგენილებებში შევიდა ცვლილება, რომლითაც არასამეწარმეო იურიდიული პირების საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორების თანამდებობაზე კასატორების ნაცვლად დაინიშნენ სხვა პირები, ხოლო კასატორებთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა (ტ. I, ს.ფ. 25-72).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით რეგლამენტირებულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. იმავე მუხლის მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლი კი შეეხება სამოქალაქო საქმეების უწყებრივ დაქვემდებარებას სასამართლოებისადმი, რომლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლო განიხილავს საქმეებს დარღვეული თუ სადავოდ ქცეული უფლების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის შესახებ, კერძოდ, სამოქალაქო, საოჯახო, შრომის, საადგილმამულო, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და გარემოს დაცვის ურთიერთობებიდან წარმოშობილ დავებს მოქალაქეებს, მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს, აგრეთვე იურიდიულ პირებს შორის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ დავის ადმინისტრაციულ-სამართლებრივად მიჩნევისათვის უპირველესი, უმთავრესი და აუცილებელი პირობაა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიულად ეფუძნებოდეს საჯარო-ადმინისტრაციული სამართლის შესაბამის ნორმებს, კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობები გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ანუ მოსარჩელის მიერ მითითებული საკუთარი უფლების (უფლებების) დარღვევა თავისი არსითა და შინაარსით განპირობებული უნდა იყოს (მოსარჩელის მოსაზრებით) მოპასუხის მხრიდან საჯარო, მატერიალური სამართლის შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების დარღვევით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო სამართალურთიერთობა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 14 აგვისტოს ¹........ დადგენილება, რომლის საფუძველზეც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დირექტორების კანდიდატების შერჩევის მიზნით, საქართველოს ,,შრომის კოდექსის” მე-5 მუხლის საფუძველზე, გამოცხადდა კონკურსი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე და ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹...... და ¹....... დადგენილებები, რომელთა საფუძველზეც ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების-საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორების თანამდებობებზე, კონკურსის შედეგების შესაბამისად, შერჩეულ პირთა დანიშვნების განხორციელების მიზნით, საქართველოს შრომის კოდექსისა და სამოქალაქო კოდექსის 31-ე მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობის 2007 წლის 4 აგვისტოს ¹....... , ¹....... , ¹....... , ¹...... , ¹...... და 2007 წლის 16 მაისის ¹....... დადგენილებებში შევიდა ცვლილება, რომლითაც არასამეწარმეო იურიდიული პირების საბავშვო ბაგა-ბაღების დირექტორების თანამდებობაზე კასატორების ნაცვლად დაინიშნენ სხვა პირები, ხოლო კასატორებთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია, ზემოაღნიშნული დადგენილებები გამოცემულია ქ. თბილისის მთავრობის (ადმინისტრაციული ორგანოს) მიერ, მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და შესაბამისად, თავისი შინაარსით არ ატარებენ ადმინისტრაციულ სამართლებრივ ხასიათს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კანონიერი ინტერესების დასაკმაყოფილებლად ისარგებლოს კერძო სამართლის საშუალებით, თუ აღნიშნული უფრო მისაღებია მისთვის. ამდენად, ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მთავრობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს, თავისთავად არ ქმნის განსახილველი დავის ადმინისტრაციულ საქმეთა კატეგორიისადმი მიკუთვნების საფუძველს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ქ. თბილისის მთავრობის მიერ გამოცემული აქტები გამომდინარეობს თუ არა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული დადგენილებები გამოცემულია საქართველოს შრომის კოდექსისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-5 ნაწილზე რომლის თანახმად, იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობა, აგრეთვე მისი ფილიალი უნდა შეიქმნას ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველის კანონის შესაბამისად, ხოლო ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირი, რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მთავრობის ¹...... , ¹....... , ¹....... , ¹....... , ¹....... და 2007 წლის 16 მაისის ¹...... დადგენილებების საფუძველზე, ბაგა-ბაღები ჩამოყალიბდნენ არასამეწარმეო იურიდიული პირების სახით, რომლის დამფუძნებელსაც აღნიშნულ შემთხვევაში ქ. თბილისის მთავრობა წარმოადგენდა. ამდენად, არსებულ პირობებში ქ. თბილისის მთავრობა საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებდა როგორც დამფუძნებელი, რომელსაც წესდებით არასამეწარმეო იურიდიული პირის დირექტორის დანიშვნის უფლება ჰქონდა მინიჭებული.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სადავო აქტებში მითითება იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის მთავრობა გასაჩივრებული დადგენილებების მიღებისას მოქმედებდა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,პ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 231-ე მუხლის ,,ზ” და ,,ვ” ქვეპუნქტების, თბილისის მერიის დებულებით, ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 30-ე მუხლის ,,კ1” ქვეპუნქტის და საქართველოს მთავრობის ¹126 დადგენილების საფუძველზე, ვერ იმოქმედებს განსახილველი დავის საგნობრივ განსჯადობაზე, ვინაიდან, ყველა ზემოაღნიშნულ ნორმაში საუბარია თვითმმართველი ერთეულისათვის მინიჭებულ უფლებაზე შექმნას სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ფორმით და დაამტკიცოს მათი წესდებები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავენ თვითმმართველი ერთეულის შესაძლებლობას შექმნან სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიული პირები, მიიღონ არსებული სკოლამდელი დაწესებულებების ქონება, მოახდინონ მათი ლიკვიდაცია თუ რეორგანიზაცია. აღნიშნული კი თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ ყველა ის აქტი, რომელიც მიღებული იქნება თვითმმართველი ორგანოს, როგორც დამფუძნებელის და მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს შორის წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ან მათ შორის ურთიერთობის დასარეგულირებლად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომელიც განსაზღვრავს იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელში სამსახურიც ითვლება საჯარო სამსახურად. აღნიშნულ ჩამონათვალში არაკომერციული იურიდიული პირები გათვალისწინებული არ არის. ამასთან კასატორთა თანამდებობა მითითებული არ არის საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის წლის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში და მოსარჩელეთა სამსახურებრივი უფლებამოსილება არ უტოლდება საჯარო მოსამსახურის უფლებამოსილებას და არ წესრიგდება ,,ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით. ამდენად, კონკურსი, რომელიც გამოცხადდა ბაგა-ბაღის დირექტორთა თანამდებობის დასაკავებლად, ვერ დაეყრდნობა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე-36-ე მუხლებს და ვერ მოექცევა მითითებული სამართლებრივი ნორმების რეგულირების სფეროში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იქნა განხილული.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმე წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავას, რის გამოც ა. მ-ის, თ. ა-ას, ს. ზ-ისა და მ. კ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2 და 26-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. მ-ის, თ. ა-ას, ს. ზ-ისა და მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე განსახილველად გადაეცეს განსჯად სასამართლოს _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.