ბს-1772-1727(კ-10) 8 თებერვალი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს “...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის აჭარის ბიურომ 2009 წლის 12 ნოემბერს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს “...” (შემდგომში შპს “...”, შეეცვალა სახელწოდება) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ გარემოსათვის მიყენებული ზიანის - 82326 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის აჭარის ბიუროს სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე - შპს “...” დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 82326 ლარის გადახდა; მოპასუხე - შპს “...” დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 2469,78 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს “...” და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 1 დეკემბერს განცხადებით მომართა შპს “...”, რომელშიც აღნიშნა, რომ ორგანიზაციის მიერ, სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივრისათვის 4116,30 (ოთხიათასასთექვსმეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით, შეცდომით იქნა გადახდილი ორჯერ, 2010 წლის 25 და 29 ნოემბერს, რაც დასტურდებოდა მათ მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალებებით და მოითხოვა შეცდომით გადახდილი ბაჟის უკან დაბრუნება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “...” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს “...” საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე შპს “...” 2010 წლის 25 ნოემბერს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი - 4116,30 (ოთხიათასასთექვსმეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 4116,30 (ოთხიათასასთექვსმეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის 70% - 2881,41 (ორიათასრვაასოთხოცდაერთი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარი.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან მოცემულ საქმეზე შპს “...” მიერ 2010 წლის 29 ნოემბერს, ხელმეორედ, შეცდომით იქნა გადახდილი საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი - 4116,30 (ოთხიათასასთექვსმეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს შეცდომით გადახდილი 4116,30 (ოთხიათასასთექვსმეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარი სრულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “...” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 სექტემბრის განჩინება;
3. შპს “...” დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 25 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4116,30 (ოთხიათასასთექვსმეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის 70% - 2881,41 (ორიათასრვაასოთხოცდაერთი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარი.
4. შპს “...” დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 29 ნოემბერს შეცდომით, ხელმეორედ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 4116,30 (ოთხიათასასთექვსმეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარი სრულად.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.