Facebook Twitter

ბს-1773-1728(კ-10) 28 იანვარი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა გ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.10წ. განჩინებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.09.10წ. განჩინებით გ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 30.04.10წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ლ-ემ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.12.10წ. განჩინებით კასატორს გ. ლ-ეს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის – 300 (სამასი) ლარის გადახდის ქვითარი ან უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ მის მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას. აღნიშნული განჩინების კასატორისთვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინების შემცველი გზავნილი კასატორს 05.01.11 წ. ჩაჰბარდა. ხარვეზის გამოსწორების ბოლო ვადა იყო 12.01.11წ. ოცდაოთხი საათი. მიუხედავად ამისა, გ. ლ-ის მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. გ. ლ-ემ განცხადება ხარვეზის შევსების მიზნით სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენის თაობაზე ფოსტას 13.01.11 წ. ჩააბარა. აღნიშნულით დასტურდება, რომ კასატორის მიერ დაირღვა ხარვეზის გამოსწორების საქართველოს უზენაესი სასამართლოს 23.12.10წ. განჩიებით განსაზღვრული 7 დღიანი ვადა, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 74-ე და 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. გ. ლ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ 13.01.11წ. ¹321 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო ნომერი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.