Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-179-173(კ-10) 4 მაისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ი-ევა-მ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2010 წლის 10 თებერვალს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-179-173(კ-10) ა. ი-ევა-მ-იანის საკასაციო საჩივრით განსახილველად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 16 თებერვლის განჩინებით ა. ი-ევა-მ-იანის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზი). ამასთან, საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 368.2 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის სახით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს - ა. ი-ევა-მ-იანს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე (იხ.ს.ფ. 198-199).

ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მომართა კასატორმა ა. ი-ევა-მ-იანმა, რომელმაც წარმოადგინა საკასაციო საჩივრის ასლები, ხოლო სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 დეკემბრის განჩინების გასაჩივრების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება იყო უკანონო და უსაფუძვლო და არღვევდა მის კანონიერ უფლებას (იხ.ს.ფ. 208).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინებით ა. ი-ევა-მ-იანს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით და დაევალა, წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი კასაციის მიზეზის მითითებით (იხ.ს.ფ. 210-212).

2010 წლის 6 აპრილს საკასაციო სასამართლოს მომართა კასატორმა ა. ი-ევა-მ-იანმა, რომელმაც წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, ხოლო სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 9 დეკემბრის განჩინების გასაჩივრების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა იმ იმავე გარემოებებზე, რაზეც მითითებული იყო თავდაპირველად წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ა. ი-ევა-მ-იანის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული, რადგან ხარვეზის შევსების მიზნით ა. ი-ევა-მ-იანის მიერ წარმოდგენილია ფაქტობრივად იმავე შინაარსის საკასაციო საჩივარი, რომელიც არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნას და არ შეიცავს მითითებას, თუ რაში მდგომარეობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 დეკემბრის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი, ასევე არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობს მითითებული განჩინების უკანონობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ი-ევა-მ-იანის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ი-ევა-მ-იანის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.