Facebook Twitter

ბს-1811-1766(2კ-10) 22 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ძველი თბილისის რაიონის გამგეობისა და ლ. ს-ძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2009 წლის 24 ნოემბერს ლ. დ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის მიმართ, მესამე პირის _ ლ. ს-ძის მონაწილეობით და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქ. ¹36-ში მდებარე მრავალსართულიანი ბინის 8 კვ.მ სარდაფის ლ. ს-ძისათვის მიკუთვნების შესახებ მთაწმინდა-კრწანისის გამგეობის გადაწყვეტილების, 2003 წლის 7 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-12).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ნოემბრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა უფლებამოსილ – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას (იხ. ს.ფ. 31-33).

ლ. დ-შვილის სარჩელი არ ცნო მოპასუხე ძველი თბილისის რაიონის გამგეობამ და უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 46-54).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 10 თებერვლის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაერთო ლ. ს-ძე და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «...» (იხ. ს.ფ. 74-77).

მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, მოითხოვა 2003 წლის 7 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა 8 კვ.მ სარდაფის ლ. ს-ძის საკუთრებაში გადაცემის ნაწილში (იხ. ს.ფ. 100-103).

მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დააზუსტა სარჩელი და ასევე მოითხოვა საბინაო პირობების შემოწმების ცნობის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 122-129).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 მაისის განჩინებით მოცემულ საქმეზე 2003 წლის 18 ივნისის საბინაო პირობების შემოწმების შესახებ ცნობის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა წარმოება (იხ. ს.ფ. 187-190).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ლ. დ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი 2003 წლის 7 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულება 8 კვ.მ სარდაფის ნაწილში (იხ. ს.ფ. 191-200).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის გამგეობამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ს.ფ. 224-233).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით ძველი თბილისის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 294-306).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ძველი თბილისის გამგეობამ და ლ. ს-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება ლ. დ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (იხ. ს.ფ. 314-321; 323-331).

საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ძველი თბილისის გამგეობისა და ლ. ს-ძის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 339-340).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს მხარეებმა.

კასატორმა – ლ. ს-ძემ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 393.1 და 393.2 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით მიიღო განჩინება, არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი კერძოდ, განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია.

კასატორის მოსაზრებით, მის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი დასაშვებია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად, კერძოდ, მოცემულ საქმეში დავის საგანს წარმოადგენს პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რომლის თანახმად, ლ. ს-ძემ ბინის ორდერის საფუძველზე მოიპოვა საკუთრების უფლება სარდაფზეც, რომელიც წლების განმავლობაში ჰქონდა დაკავებული. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 1 აგვისტოს ¹825 დადგენილებით დადგინდა ფაქტობრივად დაკავებული სარდაფების საკუთრებაში გადაცემა. სარდაფებზე უფლების მოპოვების საფუძვლად კანონმდებლობამ უპირატესობა მიანიჭა ფაქტობრივი ფლობის ფაქტს, რაც არ არსებობდა მოსარჩელის შემთხვევაში.

კასატორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «ბ» და «გ» ქვეპუნქტების შესაბამისად (იხ. ს.ფ. 344-351).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა ასევე ძველი თბილისის გამგეობამ, რომელმაც მიიჩნია, რომ საქმის განხილვა მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების შემდგომ რაიონის გამგეობების ან სახლმმართველობების მიერ განხორციელებული არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზაცია განიხილება, როგორც არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებად და ექვემდებარება ბათილად ცნობას. არასაცხოვრებელი ფართი ითვლება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებად, რაც არ შეესაბამება იმ პერიოდისათვის მოქმედ სამოქალაქო კოდექსის 208-ე მუხლის განმარტებას, რომელიც ინდივიდუალურ საკუთრებად განიხილავდა როგორც საცხოვრებელ, ასევე არასაცხოვრებელ ფართს.

კასატორის მითითებით, პრივატიზაციის დროს გაცემული ფორმა ¹1-ით დასტურდება, რომ სადავო ფართი წარმოადგენდა კომუნალური საბინაო ფონდის შემადგენელ ნაწილს. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო განეკარგა იგი (იხ. ს.ფ. 352-353).

მოწინააღმდეგე მხარემ _ ლ. დ-შვილმა მოითხოვა საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა 357-366).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, ძველი თბილისის გამგეობისა და ლ. ს-ძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორების _ ძველი თბილისის გამგეობისა და ლ. ს-ძის საკასაციო საჩივრები და წარმოდგენილი მოსაზრებები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ძველი თბილისის გამგეობისა და ლ. ს-ძის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ძველი თბილისის გამგეობისა და ლ. ს-ძის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ძველი თბილისის გამგეობისა და ლ. ს-ძის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.