ბს-18-17(კ-11) 30 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 28.06.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ ზ. დ-ძის მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხემ თავდაცვის სამინისტროსთან 30.03.05წ. გააფორმა კონტრაქტი პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.10.07წ. ¹3458 ბრძანებით ზ. დ-ძე დათხოვნილ იქნა შეიარაღებული ძალებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მის სასარგებლოდ მოპასუხისათვის ჯარიმის _ 11799,84 ლარის, პირგასამტეხლოს _ ჯარიმის თანხის 30%-ის _ 3539,96 ლარის, ზიანის საკომპენსაციო თანხის _ 12881,84 ლარის და სანივთე ქონების დავალიანების _ 860,88 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 14.07.10წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე ზ. დ-ძეს დაეკისრა 28221,643 ლარისა და 860,88 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. დ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.10წ. გადაწყვეტილებით ზ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 14.07.10წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ზ. დ-ძეს დაეკისრა ჯარიმა _ 11799,84 ლარი, პირგასამტეხლო _ 3539,9 ლარი და სანივთე დავალიანება _ 860,88 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ზ. დ-ძისათვის ზიანის სახით 12881,84 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.10.10წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული ნაწილის გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.