საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-183-176 (2კ-10) 07 ივნისი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კ. ს-ძის და ბ. ხ-ანის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.2009წ. განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 10.02.2010 წლის განჩინებით მიიჩნია, რომ კ. ს-ძის და ბ. ხ-ანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტისა და ამავე კოდექსის 395-ე და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, კასატორებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამის ანგარიშზე არ ჰქონდათ გადახდილი საკასაციო საჩივრის განხილვისათვის დადგენილი სახელმწიფო ბაჟი და საკასაციო საჩივრები არ პასუხობდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებულ ფორმის ნიმუშის მოთხოვნებს, რის გამოც საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარი წარმოდგენილი იყო ხარვეზით. კასატორებს ბ. ხ-ანის და კ. ს-ძეს დაევალათ ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივრებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე ბაჟის _ 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის გადახდის ქვითრის წარმოდგენა.
კასატორებმა კ. ს-ძემ და ბ. ხ-ანმა 21.04.2010 წელს განცხადებებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელშიც აღნიშნეს, რომ ვინაიდან არიან თავისუფლებააღკვეთილები, არა აქვთ საშუალება მოიპოვონ იუსტიციის საბჭოს მიერ დამტკიცებული საკასაციო საჩივრის ფორმები ახალი საკასაციო საჩივრის შესადგენად, ამავე მიზეზით არც იმის საშუალება აქვთ, რომ აიყვანონ ადვოკატი, ითხოვეს ადვოკატის სახაზინო წესით დანიშვნა, ამასთან, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.04.09წ. გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯ. ჯ-ელს, კასატორებთან ერთად, სოლიდარულად დაეკისრათ 9000 ლარის გადახდა, მათ ასევე ითხოვეს ეცნობებინათ ასეთ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულების რამდენი პროცენტის გადახდა ეკისრება კონკრეტულად თითოეულს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციუილ საქმეთა პალატის 30.04.2010წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა კასატორების ბ. ხ-ანის და კ. ს-ძის შუამდგომლობა ადვოკატის სახაზინო წესით დანიშვნის შესახებ; გაგრძელდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 26.02.2010წ. ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. კასატორებს ბ. ხ-ანს და კ. ს-ძეს დაევალათ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 05 დღის ვადაში ხარვეზის შევსება, კერძოდ, უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის გადახდის ქვითრის წარდგენა; კასატორებს ბ. ხ-ანს და კ. ს-ძეს გაეგზავნათ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 08.12.09წ. ¹1/456 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკასაციო საჩივრის ფორმები. ამასთან, კასატორებს განემარტოთ, რომ აღნიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები არ დაიშვება და დარჩება განუხილველი;
კ. ს-ძემ და ბ. ხ-ანმა 27.05.2010 წელს საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარადგინეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივრი, სადაც მოითხოვეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იმ მოტივით, რომ ისინი იმყოფებიან პატიმრობაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, ამასთან, იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან, იმპერატიულად განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლი და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლი. მოცემული ნორმების თანახმად კი პირის პატიმრობაში ყოფნა არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების ან მითითებული მოტივით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების პროცესუალური წინაპირობა, რადგან კასატორის მიერ წარმოდგენილი განცხადება (საჩივარი) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ არ არის საკმარისად მოტივირებული და ის ფაქტი, რომ იგი იმყოფება პატიმრობაში, არ წარმოადგენს გადახდისუუნარობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებას.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან კასატორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კ. ს-ძის და ბ. ხ-ანის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კ. ს-ძის და ბ. ხ-ანის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.09წ. განჩინებაზე დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.