Facebook Twitter

ბს-1833-1787(კ-10) 29 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა. მ-ი

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.09წ. გადაწყვეტილება.

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

07.04.09 წ. ა. მ-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის _ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, რომლითაც სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.03.09 წ. ¹07/07-6676 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის 2006 წლის აგვისტოდან 2008 წლის სექტემბრის ჩათვლით გაუცემელი პენსიის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იღებდა მარჩენალდაკარგულის პენსიას თვეში 38 ლარის ოდენიბით 2006წლის 8 აგვისტომდე. ზღვრული ასაკის მიღწევასთან დაკავშირებით პენსიის გაცემა შეუჩერდა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 15.09.06წ. ¹249/ნ ბრძანებაში შეტანილი ცვლილების შედეგად, იმ პირებს, რომლებმაც 2005 წელს სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა განაგრძეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გაუგრძელდათ პენსიის მიღება 23 წლის ასაკამდე. აღნიშნული ნორმატიული აქტის საფუძველზე 2008 წლის სექტემბერში სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სამსახურში წარადგინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 31.05.06წ. ცნობა იმის თაობაზე, რომ იგი ირიცხებოდა თბილისის სახელმწიფო სამედიცონო უნივერსიტეტში პირველი კურსის სტუდენტად. მოპასუხემ სიტყვიერად განუმარტა, რომ უნდა წარმოედგინა 20.09.06წ. დათარიღებული ცნობა. აღნიშნულის შემდეგ, სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების 04.02.09წ. ¹3 ცნობით განემარტა, რომ დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრი დაუბრუნდებოდა პენსიის გაცემის საკითხის განხილვას 2006წლის 20 სექტემბრიდან, თუ წარდგენილი იქნებოდა 2006 სასწავლო წელს გაცემული ცნობა, რაც შეუძლებელი იყო, ვინაიდან აღნიშნული თარიღი გავლილი იყო და ძველი თარიღით ცნობის გაცემა ვერ მოხდებოდა. მოსარჩელის განმარტებით, მან 05.02.09წ. მოპასუხეს წარუდგინა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ცნობა ¹935 იმის დასტურად, რომ 2005-2006 სასწავლო წლებში იყო I კურსის სტუდენტი, 2006-2007 სასწავლო წლებში ამავე ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი, 2007-2008 სასწავლო წლებში _ III კურსის სტუდენტი, ხოლო 2008-2009 სასწავლო წლებში _ IV კურსის სტუდენტი. მიუხედავად ამისა, სოციალური სუბსიდიების სააგენტოსგან კვლავ უარყოფითი პასუხი მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.05.09წ. გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. მ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.09წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 27.05.09წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.03.09 წ. ¹07/07-6676 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა 2006 წლის აგვისტოდან 2008 წლის სექტემბრის ჩათვლით ა. მ-ისთვის აენაზღაურებინა მიუღებელი პენსია მარჩენალის გარდაცვალების გამო.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ა. მ-ის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. ¹46/ნ ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების” მე-9 მუხლის მე-3 ნაწილი სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების გამო არ არსებობდა მისთვის პენსიის შეწყვეტის საფუძველი. პენსიის შეწყვეტის საფუძველი არ წარმოქმნილა არც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. ¹249/ნ ბრძანებით დამტკიცებული “სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების” მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 15.02.06წ. ¹46/ნ ბრძანებით შეტანილი ცვლილების შედეგად, რადგან ა. მ-ი 2005 წელს 17 წლის ასაკში გახდა სტუდენტი და 08.08.06წ., 18 წლის ასაკის მიღწევის გამო, არ არსებობდა მისთვის პენსიის შეწყვეტის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უკანონო და დაუსაბუთებელი იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.03.09წ. ¹07/07-6676 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმად, მარჩენალგარდაცვლილთა 23 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებსაც დანიშნული ჰქონდა შრომის სახელმწიფო პენსია და საშუალო სკოლის შემდგომ სწავლას აგრძელდებნენ საშუალოზე მაღალი დონის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ახალი საპენსიო კანონის ძალაში შესვლამდე (2006 წლის იანვრამდე), დანიშნული პენსიის დარიცხვა-გაცემა გაუგრძელდებათ 2006 წლის 20 სექტემბრიდან, თუ 2006 წლის 1 სექტემბრიდან სწავლის დაწყების ცნობა წარმოდგენილი იყო პენსიის დამნიშვნელ კომპეტენტურ ორგანოში. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიყენა კანონი _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 15.09.06წ. ¹249/ნ ბრძანება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. 46/ნ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა ყოფილიყო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდებოდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 23.03.09წ. აქტი კანონშესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძვლები. კასატორი თვლის, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, პენსიის გაცემა შეწყდება მარჩენალდაკარგული პირის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევისას. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. 46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის წესების” მე-9 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, მარჩენალის გარდაცვალების გამო პენსია ინიშნება სრულწლოვნების ასაკის მიღწევამდე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, იმ მარჩენალდაკარგულ პირებს, რომლებსაც ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე დაენიშნა ,,მარჩენალის შრომის პენსია” და ამ პენსიას იღებენ 18 წლის ასაკის მიღწევის შემდგომ პერიოდშიც, გაუგრძელდებათ პენსიის მიღება 23 წლის ასაკამდე საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების გამო, თუ არ დადგა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პენსიის შეწყვეტის საფუძველი. კასატორმა აღნიშნა, რომ პირებს, რომლებსაც 2006 წლის 1 იანვრამდე (,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე) მოუწიათ სკოლის დამთავრება და შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება, პენსიის გაცემა გაუგრძელდება სწავლის გამო 23 წლის ასაკამდე. ა. მ-ს 08.08.06წ. შეუსრულდა 18 წელი, რაც გახდა მარჩენალდაკარგულისათვის პენსიის შეწყვეტის საფუძველი. კასატორის განმარტებით, პენსიის გაცემა ხდება ყოველი სასწავლო წლის პირველ თვეში წარდგენილი სწავლის შესახებ ცნობის საფუძველზე. ა. მ-მა სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის ცენტრში წარადგინა 31.05.06წ. სწავლის შესახებ ცნობა, რომლის თანახმად იგი ირიცხებოდა უნივერსიტეტში პირველი კურსის სტუდენტად, რა დროისთვისაც ა. მ-ი არ იყო 18 წლის, რაც იმ დროისათვის (15 სექტემბრის ცვლილებებამდე) არ წარმოადგენდა 23 წლამდე პენსიის გაცემის გაგრძელების საფუძველს. 2006 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ა. მ-ს შეუსრულდა 18 წელი მოხდა პენსიის შეწყვეტა, რისი განახლებისთვისაც აუცილებელი იყო განცხადებისა და საჭირო დოკუმენტების წარდგენა კომპეტენტურ ორგანოში, რაც ა. მ-ის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, მისთვის 2006 წლის აგვისტოდან 2008 წლის სექტემბრის ჩათვლით პენსიის ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.09წ. გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა. მ-ს ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებამდე ანუ 2006 წლის 1 იანვრამდე დანიშნული ჰქონდა მარჩენალის გარდაცვალების გამო შრომის პენსია. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 31.05.06წ. და 05.02.09წ. გაცემული ცნობების თანახმად, ა. მ-ი 2005 წელს ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტში მედიცინის ფაკულტეტზე და 2005-2006 წლებში ირიცხებოდა პირველი კურსის სტუდენტად, 2006-2007 წლებში - მეორე კურსის სტუდენტად, 2007-2008 წლებში - მესამე კურსის სტუდენტად და 2008-2009 წლებში მეოთხე კურსის სტუდენტად. ა. მ-ს 2006 წლის 8 აგვისტოს შეუსრულდა 18 წელი, რის გამოც ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სრულწლოვნების მიღწევის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან შეუწყდა მარჩენალდაკარგულის პენსია. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების 04.02.09წ. წერილით დასტურდება, რომ ა. მ-მა განცხადება და IV კურსზე სწავლის დამადასტურებელი ცნობა სააგენტოს წარუდგინა 24.09.08წ., რის შემდეგაც პენსიის გაცემა განუახლდა. შესაბამისად, ა. მ-ს 2006 წლის სექტემბრიდან 2008 წლის სექტემბრამდე სრულწლოვანების მიღწევის გამო პენსია შეწყვეტილი ჰქონდა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, პენსიის დანიშვნის საფუძველია მარჩენალის გარდაცვალება. ამავე კანონის მე-17 მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის მიხედვით, პენსიის გაცემის შეწყვეტის საფუძველია მარჩენალდაკარგული პირის მიერ 18 წლის ასაკის მიღწევა. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. ¹46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის” მე-9 მუხლის შესაბამისასად, მარჩენალის გარდაცვალების გამო არასრულწლოვან შვილებს პენსია ენიშნებათ სრულწლოვანების – 18 წლის ასაკის მიღწევამდე. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის ადრინდელი რედაქცია, ნორმაში 15.09.06წ. ბრძანებით შეტანილ ცვლილებამდე, იმ მარჩენალდაკარგული პირებისათვის, რომლებსაც “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე დანიშნული ჰქონდათ “მარჩენალის შრომის პენსია” და ამ პენსიას იღებდნენ 18 წლის ასაკის მიღწევის შემდგომ პერიოდშიც, ითვალისწინებდა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების გამო 23 წლის ასაკამდე პენსიის მიღების უფლებას, თუ არ იყო დამდგარი ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პენსიის შეწყვეტის საფუძველი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. ¹46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის” მე-9 მუხლის მე-3 პუნქტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 15.09.06წ. ¹249/ნ ბრძანებით შეტანილი ცვლილების თანახმად, იმ მარჩენალდაკარგულ პირებს, რომლებსაც ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე დაენიშნა მარჩენალის შრომის პენსია და ამ პენსიას იღებენ სკოლის შემდგომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გამო, უგრძელდებათ პენსიის მიღების უფლება 23 წლის ასაკამდე, თუ არ დადგა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პენსიის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტით (სრულწლოვანების – 18 წლის ასაკის მიღწევა) განსაზღვრული გარემოებისა, ამავე ნორმის თანახმად პენსიის გაცემა ხდება ყოველი სასწავლო წლის პირველ თვეში წარმოდგენილი სწავლის შესახებ ცნობის საფუძველზე, რომლის წარუდგენლობის შემთხვევაში პენსიის გაცემა შეჩერდება და განახლდება ამ წესით განსაზღვრული პირობებით. ამდენად ცნობის წარმოუდგენლობა არის პენსიის გაცემის არა შეწყვეტის, არამედ შეჩერების საფუძველი, რაც განსხვავებულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს გასული პერიოდის პენსიის ანაზღაურების თვალსაზრისით. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. ¹46/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პენსიის გაცემის წესის” მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შეჩერებული პენსიის განახლების შემთხვევაში ანაზღაურდება პენსიონერის მიერ მიუღებელი თანხა წარსული დროისათვის, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა პენსიის შეჩერების დღიდან. ამდენად არ არსებობდა სააგენტოს სადავო აქტით მარჩენალდაკარგული პირისათვის განვლილი პერიოდის კუთვნილი პენსიის თანხის გაცემაზე მთლიანად უარის თქმის საფუძველი, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ აღუდგინა რა ა. მ-ს პენსიის მიღების უფლება, წესების 9.3 და 20.1 მუხლების საფუძველზე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის აენაზღაურებია წარსული პერიოდის ერთი წლის მიუღებელი თანხა.

ზემოაღნიშნულთან ერთად საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ პენსიის გაცემის შეწყვეტის, 2006 წლის სასწავლო წლის დაწყების მომენტისათვის მოქმედებდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. ¹46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თავდაპირველი რედაქცია, რომელიც პენსიის გაცემის სავალდებულო პირობად არ ითვალისწინებდა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სწავლების შესახებ ცნობის წარდგენას. ა. მ-ს მარჩენელდაკარგულის შრომის პენსიის გაცემა შუეწყდა სრულწლოვანობის ასაკის მიღწევასთან დაკავშირებით (08.08.06წ.), ამასთანავე ადმინისტრაციულ ორგანოს – სოციალური მომსახურების სააგენტოს პენსიის გაცემის შეწყვეტასთან დაკავშირებით არ გამოუცია რაიმე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ ორგანოს არ განუმარტავს მოსარჩელისათვის პენსიის შეწყვეტის საფუძველი, პენსიის გაცემის გაგრძელებისათვის სწავლების გაგრძელების დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საჭიროება, პენსიის გაცემის შეწყვეტა მოხდა რეალაქტით, უმოქმედობით, რაც არ იყო საკმარისი უკვე დანიშნული პენსიის შესაწყვეტად. ამდენად, ა. მ-ს მარჩენალდაკარგულის შრომის პენსია შეუწყდა 2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებამდე, ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ა. მ-ს მარჩენალის შრომის პენსია დანიშნული ჰქონდა “სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლამდე, 2005 წლიდან ა. მ-ი სწავლას აგრძელებდა სკოლის შემდგომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ხოლო წესების 9.3 მუხლის თავდაპირველი რედაქცია არ ითვალისწინებდა ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ცნობის წარმოდგენის ვალდებულებას, ამასთანავე საქმის მასალებით დასტურდება, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი 31.05.06წ. ცნობა მოსარჩელემ 2006 სასწავლო წლის დასაწყისში (ს.ფ. 100-102) წარუდგინა სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის ცენტრს, რომელსაც თავის მხრივ არ გამოუცია აქტი ა. მ-ისათვის დანიშნული მარჩენალდაკარგული პენსიის შეწყვეტის შესახებ, არ მოუთხოვია ხელმწორედ ცნობის წარმოდგენა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობდა 2006 სასწავლო წელს მარჩენალის შრომის პენსიის შეწყვეტის საფუძველი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფო პენსიის დანიშვნისა და გაცემის წესის” მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის განახლებული რედაქციის ამოქმედებიდან არსებობდა ა. მ-ისათვის 2007 სასწავლო წელს პენსიის გაცემის შეჩერების საფუძველი, რომლის განახლება ხდებოდა სასწავლო წლის პირველ თვეში წარდგენილი სწავლის შესახებ ცნობის საფუძველზე. ა. მ-მა განცხადება და სწავლის შესახებ ცნობა 24.09.08წ. წარუდგინა სააგენტოს, რა დროიდანაც განუახლდა პენსიის გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ ა. მ-ს 2007 წლის სასწავლო წელს აღნიშნული ცნობა არ წარუდგენია, საკასაციო პალატა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 10.02.06წ. ¹46/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თვლის, რომ 2008 წელს პენსიის განახლებასთან ერთად არსებობდა ა. მ-ისათვის 2007 წლის სასწავლო წელს მიუღებელი საპენსიო თანხის გაცემის პირობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არსებობდა პენსიის განახლებამდე განვლილი პერიოდისათვის (2006 წლის აგვისტოდან 2008 წლის სექტემბრის ჩათვლით) საპენსიო თანხის ანაზღაურების საფუძველი, შესაბამისად სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.09.09წ. გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.