ბს-1840-1794(კ-10) 9 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი
კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური
წარმომადგენელი _ ს. B-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ი/მ “კ. ბ-შვილი”
წარმომადგენელი _ ზ. ჯ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინება
დავის საგანი _ ხელშეკრულების პირობების დარღვევით მიყენებული ზიანისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 3 იანვარს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – ი/მ “კ. ბ-შვილის” მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურში 2007 წლის 5 მარტს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩატარდა ტენდერი ,,ცხოველთა განსაკუთრებით საშიში დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებაზე” მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით. ბოლნისის, წალკის და გარდაბნის რაიონებში გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა ი/მ ,,კ. ბ-შვილი”. 2007 წლის 12 მარტს გაფორმებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ _ ¹79 ხელშეკრულება. 2007 წლის 13 აპრილს ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები _ დანართი ¹1-ის სახით, რომელიც ჩაითვალა ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად. ხელშეკრულების პირობების თანახმად, ეროვნული სამსახური ვალდებული იყო აენაზღაურებინა მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების ღირებულება შესყიდვის ობიექტის მომსახურების მიღების შემთხვევაში, ხოლო ი/მ ,,კ. ბ-შვილი” ვალდებული იყო მომსახურება განეხორციელებინა მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში ასახული გრაფიკის მიხედვით და მომსახურების სრული ან ნაწილობრივი (ეტაპის) დამთავრებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურისათვის შესაბამისი რაიონის მიერ დამოწმებული ტექნიკური პირობებით მოთხოვნილი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
მოსარჩელის მტკიცებით, ვაქცინაციის ჩასატარებლად ი/მ ,,კ. ბ-შვილს” გადაეცა ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 84350 დოზა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 17060 დოზა, თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 94146 დოზა, 10050 დოზა და 28908 დოზა, საერთო ღირებულებით _ 142819.89 ლარი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სამსახურში შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომსახურების შემოწმების შედეგად, ი/მ ,,კ. ბ-შვილის” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჩაითვალა შეუსრულებლად, რის თაობაზეც ეცნობა მას და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და მისთვის გადაცემული ვაქცინების ღირებულების გადახდა დაევალა. ი/მ “კ. ბ-შვილის“ მიერ არ შესრულდა ეროვნული სამსახურის მოთხოვნა. შესაბამისად, მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელესთან დადებული ¹79 ხელშეკრულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა, ¹79 ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-10 მუხლის თანახმად, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს _ 8700 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება, ასევე გადაცემული ვაქცინების დაბრუნება ან ვაქცინების დაუბრუნებლობით მიყენებული ზიანის _ 142819.89 ლარის ოდენობით თანხის ანაზღაურება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 26 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სარჩელი მოპასუხე – ი/მ “კ. ბ-ვილის” მიმართ, ხელშეკრულებით ნაკისრი ზიანის და პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე, განსახილველად გადაედზავნა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს.
2009 წლის 8 მაისს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა წარადგინა დაზუსტებული სარჩელი და მიუთითა მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებზე. კერძოდ, განმარტა, რომ მხარეთა შორის 2007 წლის 12 მარტის ¹79 ხელშეკრულება დადებული იყო ურთიერთშეთანხმებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული ფორმით, სადაც მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ი/მ “კ. ბ-შვილმა” იკისრა რა ვალდებულება სრულად შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არ შეასრულა იგი ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროს, სრულად და ზედმიწევნით. შესაბამისად, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ი/მ “კ. ბ-შვილის” მიერ ნაკისრი ვალდებულებები შეუსრულებლად ჩათვალა ვალდებულების დარღვევის გამო. ეროვნულმა სამსახურმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მას მიადგა ზიანი, რაც წარმოადგენს ი/მ “კ. ბ-შვილისათვის” გადაცემული ვაქცინების ღირებულებას. მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში კი მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე და 417-ე მუხლებზე მიუთითა. აღნიშნულიდან გამომდინარე სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენართა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა მის სასარგებლოდ მოპასუხე - ი/მ “კ. ბ-შვილისათვის” პირგასამტეხლოს სახით – 8700 ლარის და ზიანის სახით – 142819.89 ლარის ოდენობით თანხის დაკისრება მოითხოვა.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სარჩელი, მოპასუხის – ი/მ ,,კ. ბ-შვილის” მიმართ, ხელშეკრულების პირობების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 2007 წლის 12 მარტიდან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ი/მ ,,კ. ბ-შვილს” ვაქცინაციის ჩასატარებლად გადაეცა ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 84350 დოზა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 17060 დოზა, თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 94146 დოზა, 10050 დოზა და 28908 დოზა, საერთო ღირებულებით _ 142819.89 ლარი. მოსარჩელემ აიღო ვალდებულება აენაზღაურებინა მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების ღირებულება შესყიდვის ობიექტის – მომსახურების მიღების შემთხვევაში. ი/მ ,,კ. ბ-შვილმა” აიღო ვალდებულება მომსახურება გაეწია შემსყიდველისათვის ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის. ი/მ ,,კ. ბ-შვილი” ხელშეკრულების საერთო პირობების მე-4 მუხლის და სპეციფიკური პირობების მე-3 მუხლის შესაბამისად, ვალდებული იყო მომსახურება გაეწია მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში ასახული გრაფიკის მიხედვით. მომსახურების სრული ან ნაწილობრივი (ეტაპის) დამთავრებიდან 10 დღის ვადაში წარედგინა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურისათვის შესაბამისი რაიონის მიერ დამოწმებული ტექნიკური პირობებით მოთხოვნილი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-2 მუხლის შესაბამისად დადგენილ იქნა, რომ კონტროლს ხელშეკრულების შესრულებაზე, მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, განახორციელებდა შემსყიდველის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი ან ადგილობრივი რაიონული სამმართველო Aშემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. ინსპექტირების ჯგუფის 2007 წლის 19 ივლისის ¹4 ოქმით დადგინდა ი/მ ,,კ. ბ-შვილის” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი, კერძოდ, ოქმში აღინიშნა, რომ ბოლნისის რაიონში ვაქცინაცია და სამუშაოები ჩატარებულია სრულად, რასაც ოქმის მე-2 გვერდზე ხელის მოწერით ადასტურებს ბოლნისის რაიონის სამმართველოს უფროსი გ. თალაკვაძე. ასევე, ამავე ოქმის მეორე გვერდზე ეროვნული სამსახურის მთავარი სპეციალისტის ლევან პაპუაშვილმა მიუთითა, რომ წალკის რაიონში ინსპექტირება ჩატარებულია სპეციალისტ ნ. მ-ძესთან ერთად და წარდგენილი სახელობითი სიების და ვაქცინაციის ხარჯვის შესახებ აქტების შედარებისას სრული თანხვედრაა. ამასთან, აღინიშნა, რომ შემოწმებულ იქნა ქ. გარდაბანი და მისი 7 სოფელი (თ., კ., ბ., ვ., ნ., ქ., ლ.). პირუტყვის მფლობელებთან საუბრების შედეგად, რეალურად აცრილი სულადობის რაოდენობა (შემოწმდა სახელობით სიებში მოცემული სულადობის 10%) და სახელობით სიებში მოცემული სულადობის რაოდენობა არ შეესაბამებოდა შემოწმებული სულადობის რეალურ რაოდენობას, კერძოდ, სიებში წარმოდგენილი სულადობა 12%-ით აღემატებოდა რეალურად აცრილ სულადობას (გარდაბანი, სოფ. ..., კ., ბ.). ზოგიერთ შემთხვევაში, რეალურად ვერ მოიძებნა სიით წარმოდგენილი სულადობა და მისი მეპატრონე (სოფ. ... 225 სული მსხვილფეხა პირუტყვი).
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ 2007 წლის 24 ივლისს ი/მ “კ. ბ-შვილმა” მოხსენებითი ბარათით მიმართა ეროვნული სამსახურის უფროსს, სადაც განმარტა, რომ 2007 წლის 13 მარტიდან 25 აპრილამდე გარდაბნის რაიონში ჩატარდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ეტაპი. თურქულის საწინააღმდეგო აო-აზია-I ტიპის (34- დოზიანი) ვაქცინით აიცრა მსხვილი რქოსანი 38188 სული, წვრილი რქოსანი 43541 სული. თურქულის საწინააღმდეგო აო-აზია-I ტიპის (34-დოზიანი) ვაქცინით აიცრა მსხვილი რქოსანი 7833 სული, წვრილი რქოსანი 17739 სული, აცრაზე გაიხარჯა 16702.5 დოზა, გაუვნებელდა 688.5 დოზა, სულ გაიხარჯა 17391 დოზა, ნაშთი დარჩა 264 დოზა. განდაბნის რაიონში სულ თურქულის საწინააღმდეგოდ აცრილია მსხვილი რქოსანი 46021 სული, წვრილი რქოსანი 61280 სული, მაშინ როდესაც სატენდერო პირობებისა და შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით გარდაბნის რაიონში თურქულის საწინააღმდეგოდ აცრილი უნდა ყოფილიყო მსხვილი რქოსანი 45807 სული და წვრილი რქოსანი 61085 სული. ამასთან, ი/მ “კ. ბ-შვილის” 2007 წლის 17 აგვისტოს ეროვნული სამსახურის უფროსისათვის წარდგენილ მოხსენებით ბარათში მითითებულ იქნა, რომ მ/წლის 1 მაისიდან 10 ივნისამდე განდაბნის რაიონში ჩატარდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯილეხისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა მსხვილი რქოსანი 31057 სული, მოზარდი – 2292 სული, სულ – 33349 სული. წვრილი რქოსანი – 41366 სული, მაშინ როდესაც სატენდერო პირობებისა და შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით გარდაბნის რაიონში ჯილეხის საწინააღმდეგოდ აცრილი უნდა ყოფილიყო მსხვილი რქოსანი 48607 სული და წვრილი რქოსანი 40454 სული. ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 3881 ძაღლი და 60 კატა, მაშინ როდესაც სატენდერო პირობებისა და შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით გარდაბნის რაიონში ცოფის საწინააღმდეგოდ აცრილი უნდა ყოფილიყო 7650 ძაღლი და კატა.
ამასთან, რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ი/მ “კ. ბ-შვილის” მიერ წარდგენილ იქნა სათანადო მტკიცებულება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულთან ერთად შედგენილი აქტების სახით, სადაც დაფიქსირებულია ყველა მესაკუთრის ხელმოწერა და აღიარება იმისა, რომ სახელობით სიებში დაფიქსირებული გარემოებები შეესაბამება სინამდვილეს, კერძოდ, ინსპექტირების ჯგუფის მიერ თითოეული სულადობის მიხედვით, თუ რამე დარღვევაზე იყო მითითებული ამის თაობაზე დამატებით მოსარჩელესთან წარდგენილია მესაკუთრეების მიერ შედგენილი აქტები, პირუტყვებზეც და ცხოველის ვაქცინაციის ჩატარების თაობაზე.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ი/მ “კ. ბ-შვილის” მიერ საერთოდ არ შესრულდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურთან დადებული ¹79 ხელშეკრულება. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია სრულად და განმარტა, რომ 2007 წლის 24 ივლისისა და 2007 წლის 17 აგვისტოს ი/მ “კ. ბ-შვილის” მოხსენებითი ბარათიდან უდავოდ დგინდება, რომ მის მიერ ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რაც თავის მხრივ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურს სადავოდ არ გაუხდია. ინსპექტირების ჯგუფმა 2007 წლის 19 ივლისის ¹4 ოქმის დადგენილების შინაარსი აცნობა ეროვნულ სამსახურს, რაც დასტურდებოდა ინსპექტირების ჯგუფის 2007 წლის 25 ოქტომბრის სამსახურებრივი ბარათის ასლით. ამის შემდეგ, 2007 წლის 20 ნოემბერს ეროვნული სამსახურის ¹02-7-08/2262 წერილით ი/მ “კ. ბ-შვილს” ეცნობა, რომ სამსახური წყვეტდა ხელშეკრულებას ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და აკისრებდა მას პირგასამტეხლოს – 8700 ლარის ოდენობით, რომელიც შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში უნდა ჩარიცხულიყო სახელმწიფო ხაზინაში შემსყიდველის საბანკო ანგარიშზე.
რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ი/მ “კ. ბ-შვილს” ასევე არ გადაუხდია პირგასამტეხლო - 8700 ლარის ოდენობით, რაც გათვალისწინებული იყო ეროვნულ სამსახურთან დადებული ¹79 ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-10 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ სადავო სამართლბრივი ურთიერთობა იურიდიული კვალიფიკაციის მიხედვით ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავების კატეგორიას განეკუთვნება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ” ქვეპუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება – ეს არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, ფიზიკურ და იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება. ამავე კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება როგორც ადმინისტრაციული, ასევე სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმები, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავები განიხილება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილად და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ი/მ “კ. ბ-შვილმა” დაარღვია კანონის ეს მოთხოვნა და ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუკი ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუკი ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდება ნატურით, მაგრამ თუ შეძენილის ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისი ნატურით დაბრუნება, მაშინ მოვალეს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
რაიონულმა სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა გადაცემული ვაქცინების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე და განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის ანაზღაურების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ვალდებულების, მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი იყო მხარეთა შორის შეთანხმება აღნიშნულის თაობაზე.
ამასთან, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე და 412-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება; ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე სადავოდ არ ხდიდა მოპასუხის მიერ ვაქცინების მიზნობრივად გამოყენების ფაქტს და მომსახურების გარკვეულ მოცულობას შესრულებულადაც მიიჩნევდა, საფუძველს მოკლებული იყო მოსარჩელისათვის ვაქცინების სრული ღირებულების დაბრუნების მოთხოვნა. შესაბამისად, სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელეს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება ქონდა, მაგრამ ფაქტობრივად დამდგარი ზიანის არსებობის ფაქტი და ოდენობა მოსარჩელემ ვერ დაადასტურა.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ შეძლო თავისი პოზიციის საფუძვლიანობის დასაბუთება.
რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ ინსპექტირების ჯგუფმა ი/მ “კ. ბ-შვილის” მიერ ჩატარებული მომსახურების მოცულობა, მომსახურების მიწოდების ვადები და დოკუმენტაციის წარმოება მიიჩნია დარღვეულად და შეაფასა შეუსრულებლად, წარმოადგენდა არა ხელშეკრულების შეუსრულებლობას, არამედ არაჯეროვან შესრულებას. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს მოთხოვნა, მხოლოდ მაშინ არის საფუძვლიანი, თუ მხარეები შეთანხმდნენ მისი გადახდის ვალდებულებაზე. სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ იქნა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მისი შეუსრულებლობისთვის და არა არაჯეროვანი შესრულებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს არ ჰქონდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება, ვინაიდან არ დასტურდებოდა ხელშეკრულების შეუსრულებლობის ფაქტი, ხოლო არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე არ შეთანხმებულან.
გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 393-ე, 394-ე მუხლებსა და 390-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტზე და მიიჩნია, რომ გარდაბნის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა უხეში საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითა მათზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი არ დაეთანხმა სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ზიანის არსებობის ფაქტი და ოდენობა. ასევე იმას, რომ მას არ გააჩნდა პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის უფლება, ვინაიდან არ დასტურდებოდა ხელშეკრულების შეუსრულებლობის ფაქტი, ხოლო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მხარეები პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე არ შეთანხმებულან.
კასატორი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა ვალდებულებები. კერძოდ, ეროვნულმა სამსახურმა აიღო ვალდებულება აენაზღაურებინა მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების ღირებულება შესყიდვის ობიექტის _ მომსახურების მიღების შემთხვევაში. ი/მ “კ. ბ-შვილმა” აიღო ვალდებულება მომსახურება გაეწია შემსყიდველისათვის ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებით. მხარეთა ვალდებულებები გაწერილ იქნა ხელშეკრულების საერთო პირობებსა და სპეციფიკურ პირობებში პუნქტობრივად. E
კასატორის განმარტებით, ეროვნული სამსახურის ინსპექტირების ჯგუფის მიერ მომსახურების შემოწმების შედეგად ი/მ “კ. ბ-შვილის” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ჩაითვალა შეუსრულებლად. ამასთან, ინსპექტირების ჯგუფმა შესრულების კონტროლი განახორციელა შერჩევითი წესით. დოკუმენტალური რევიზიის შედეგად დადგინდა, რომ ი/მ “კ. ბ-შვილს” დარღვეული ჰქონდა დოკუმენტაციის წარმოების წესი, აქტებში მითითებული სულადობა არ ემთხვევა სახელობით სიებში ნაჩვენებ სულადობას. სახელობით სიებს აკლდა პირუტყვის მეპატრონეთა ხელმოწერები, ხშირ შემთხვევაში არ იყო მითითებული აცრილი ცხოველის სახეობა, გადაკეთებული იყო თარიღები. ადგილზე ინსპექტირებისას დადგინდა, რომ ი/მ “კ. ბ-შვილის” მიერ ვაქცინაციის ამსახველ დოკუმენტაციაში ასახული მონაცემები არ ემთხვეოდა რეალურად არსებულ მდგომარეობას. Mმის მიერ დოკუმენტაციაში ნაჩვენები პირუტყვის სულადობა გაზრდილი იყო, ნაჩვენები იყო ვაქცინის არასწორი ხარჯვა, დარღვეული იყო მომსახურების მიწოდების ვადები ცოფზე, ჯილეხზე და ბრუცელოზზე სისხლის აღებაზე.
კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეუსრულებელია და აღნიშნული მომსახურების ამსახველი დოკუმენტაცია შემსყიდველ ორგანიზაციაში არ არის წარდგენილი. დარღვეულია მომსახურების მოცულობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი/მ “კ. ბ-შვილის” მიერ დარღვეული იყო ხელშეკრულებით აღებული ყველა ვალდებულება, რაც შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ჩაითვალა ვალდებულების შეუსრულებლად.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 394-ე, 412-ე, 416-ე და 417-ე მუხლები. ასევე, არასწორად მიიჩნია, რომ ეროვნული სამსახური ვერ ადასტურებდა ფაქტობრივად დამდგარ ზიანს. კასატორი განმარტავს, რომ ზიანის ოდენობა გამოხატულია ი/მ “კ. ბ-შვილისათვის” გადაცემული ვაქცინების ღირებულებით. აღნიშნული ვაქცინების შესყიდვა განხორციელდა სახელმწიფო ბიუჯეტის თანხებით, შესაბამისად ი/მ “კ. ბ-შვილის” მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევით სახეზეა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანი. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ხელშეკრულების შესრულება ჩათვალა არაჯეროვნად, ვერ განსაზღვრა რა ნაწილი ჩაითვალა შესრულებულად და რომელი არაჯეროვნად, მაშინ როდესაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი იყო მტკიცებულბები შეუსრულებელი მომსახურების შესახებ.
ამასთან, კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც ანალოგიური კატეგორიის საქმეზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ეროვნული სამსახურის მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 დეკემბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მარტის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი და საქმის განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურსა და ი/მ ,,კ. ბ-შვილს” შორის სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე ჩატარებული ტენდერის საფუძველზე 2007 წლის 12 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ი/მ ,,კ. ბ-შვილს” ვაქცინაციის ჩასატარებლად გადაეცა ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 84350 დოზა, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 17060 დოზა, თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინის _ 94146 დოზა, 10050 დოზა და 28908 დოზა, საერთო ღირებულებით _ 142819.89 ლარი. ი/მ ,,კ. ბ-შვილს” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უნდა განეხორციელებინა მიმწოდებლის სატენდერო წინადადებაში ასახული გრაფიკის მიხედვით. მომსახურების სრული ან ნაწილობრივი (ეტაპის) დამთავრებიდან 10 დღის ვადაში წარედგინა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურისათვის შესაბამისი რაიონის მიერ დამოწმებული ტექნიკური პირობებით მოთხოვნილი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამასთან, ინსპექტირების ჯგუფის 2007 წლის 19 ივლისის ¹4 ოქმით დადგინდა ი/მ ,,კ. ბ-შვილის” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლოს თავად შეეძლო დაედგინა ზიანის ოდენობა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, საკასაციო საჩივარზე, სადაც კასატორმა აღნიშნა, რომ ი/მ ,,კ. ბ-შვილის” მიერ შესრულებული სამუშაო შემოწმდა შერჩევით და არა სრული მოცულობით (ტ. III; ს.ფ. 39). სამუშაოს შერჩევით შემოწმების ფაქტი, საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ასევე დაადასტურა კასატორის წარმომადგენელმა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შემსყიდველს გააჩნდა ვალდებულება, შესრულებული სამუშაო შეემოწმებინა სრული მოცულობით, რათა დაედგინა თუ რა ოდენობის ვაქცინა იქნა გახარჯული მიზნობრივად, ხოლო რა ოდენობა გაიხარჯა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ან ტექნიკური პირობების დარღვევით, რაც იმთავითვე უთანაბრდებოდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობას. ამასთან, კასატორი თავად არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ი/მ ,,კ. ბ-შვილის” მიერ მოხდა გატანილი ვაქცინების გარკვეული ნაწილის მოხმარება. მათგან შესრულებული სამუშაოს შერჩევით შემოწმებისას აღმოჩენილ იქნა მათ შორის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მასალების ანალიზით შეუძლებელია დადგინდეს კონკრეტულად რა ოდენობის ვაქცინის გახარჯვა მოხდა არამიზნობრივად ან რა ოდენობის მიზნობრივი გამოყენება იყო დადასტურებული, ვინაიდან თავად კასატორი ხდის სადავოდ მიმწოდებლის მიერ წარმოებული დოკუმენტაციის სისწორეს და მიიჩნევს ხელშეკრულების პირობის დარღვევად. ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ოდენობა, ვინაიდან მოცემული დავის ფარგლებში ფაქტობრივად დამდგარი ზიანი არის ი/მ ,,კ. ბ-შვილის” მიერ ხელშეკრულების შესაბამისად გატანილი ვაქცინებიდან იმ ნაწილის ღირებულება, რომლების მიზნობრივი ხარჯვა ვერ იქნებოდა დადასტურებული შემოწმების შედეგად და ასევე არ იქნებოდა დაბრუნებული მიმწოდებლის მიერ შემსყიდველის მოთხოვნის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა მოთხოვნის ამ ნაწილში ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული იყო რა ადმინისტრაციული ხელშეკრულება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო შემთხვევაში სასამართლო წარმოებისას, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუძლებელია იმ ზიანის დადგენა, რაც მოსარჩელეს მიადგა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით წარმოებული შესასყიდი სამუშაოს წარმოებისას, ვინაიდან თავად მოსარჩელე ადასტურებს, რომ წარმოებული დუკუმენტაციის ის ნაწილი, რომელთა მიხედვითაც შერჩევითი წესით შემოწმდა სამუშაო, არ ასახავდა რეალურად არსებულ მდგომარეობას. შესაბამისად, ამ სახით წარმოებული დოკუმენტაციით შეუძლებელია არსებული სურათის დადგენა, თუ რეალურად რა ზიანი განიცადა მოსარჩელემ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევით. მოსარჩელეს თავად გააჩნდა ვალდებულება, რეალურად არსებული მდგომარეობის სრულყოფილი შესწავლით შეექმნა სათანადო მტკიცებულება, რომელთაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად მიენიჭებოდა მტკიცებითი ძალა. ამ სახის მტკიცებულებათა საფუძველზე სასამართლოს შესაძლებლობა ექნებოდა ემსჯელა მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების საფუძვლიანობაზე და დაეკმაყოფილებინა ამ სახით დასაბუთებული მოთხოვნა.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას ი/მ ,,კ. ბ-შვილისათვის” ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინება ამ ნაწილში და მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი მასალების ანალიზი, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, შეუძლებელს ხდის დადგინდეს, ი/მ ,,კ. ბ-შვილის” მიერ თუ რა მოცულობით არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-10 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება 8700 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომლის გადახდა უნდა მომხდარიყო მისთვის ასანაზღაურებელი თანხიდან გამოქვითვის ან მის მიერ თანხის გადახდის გზით (შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში). მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ი/მ ,,კ. ბ-შვილის” მიერ პირგასამტეხლო გადახდილი არ არის. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მასალებით შეუძლებელია დადგინდეს იმ სამუშაოს მოცულობა, რომელიც რეალურად შესრულებულ იქნა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დაცვით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე და განმარტავს, რომ პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აღნიშნული მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სასარჩელო მოთხოვნის მიმართ არსებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ადგენს, რომ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება მხარეს ეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ამაზე შეთანხმდნენ. განსახილველ შეთხვევაში, სახეზეა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების არასრულად შესრულების ფაქტი, რაც შემსყიდველის მოსაზრებით, ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე უთანაბრდება ხელშეკრულების შეუსრულებლობას. მართალია საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას, მაგრამ თვლის, რომ პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე მხარეთა შორის არსებული შეთანხმება ქმნის მისი მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველს. როგორც უკვე აღინიშნა, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელია იმ სამუშაოს მოცულობის დადგენა, თუ რა ოდენობა არ იქნა შესრულებელი მიმწოდებლის მიერ. ხელშეკრულების პირობებით ასევე არ არის დაკონკრეტებული თუ რა ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება ეკისრება მხარეს ხელშეკრულების ამა თუ იმ მოცულობით შეუსრულებლობისას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ი/მ ,,კ. ბ-შვილის” მიერ სამუშაოს ნაწილობრივ შეუსრულებლობის ფაქტი, რომლის ზუსტი მოცულობის დადგენა შეუძლებელია. შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება იმ მოცულობით, რაც გათვალისწინებულია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით სრულად _ 8700 ლარის ოდენობით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინება პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, ი/მ ,,კ. ბ-შვილს” მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს _ 8700 ლარის ანაზღაურება. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინება ი/მ ,,კ. ბ-შვილისათვის” პირგასამტეხლოს _ 8700 ლარის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ი/მ ,,კ. ბ-შვილს” საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს _ 8700 ლარის გადახდა;
5. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.