¹ბს-1860-1814(კ-10) 13 აპრილი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. კ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. კ-ემ 08.06.05წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ა. მ-ის, ჯ. ე-ის, მცხეთის რაიონის სოფელ ....... გამგებლის ა. კ-ის, ე. ბ-ისა და გ. ხ-ის მიმართ, რომლითაც გრაფოლოგიური ექსპერტიზის და სხვა ოფიციალურად არსებულ დოკუმენტებთან შედარების მეშვეობით 10.10.97წ. ¹...... მიღება-ჩაბარების აქტში შეტანილი მონაცემების ნამდვილობის დადგენა, ჯ. ე-თვის 0,179 ჰა. მიწის ნაკვეთის გადაცემის ნაწილში 10.10.97წ. ¹..... მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ყალბად და ბათილად ცნობა, ა. მ-ის არაკეთილსინდისიერ შემძენად აღიარება, ა. მ-ესა და ჯ. ე-ს შორის 27.08.03წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის 5000 ლარის მოპასუხეებისათვის გადახდის დაკისრება და ა. მ-თვის დასახლების დაარსებიდან არსებული გზის აღდგენის დავალება მოითხოვა.
საქმე არაერთგზის იქნა განხილული რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ და ბოლოს მცხეთის რაიონული სასამრთლოს 20.02.09წ. საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჩართულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური. ამავე საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მ. კ-ის წარმომადგენლის ა. შ-ის შუამდგომლობა და ადმინისტრაციულ საქმეში მითითებული არასათანადო მოპასუხეების: ა. კ-ე, ე. ბ-ი და გ. ხ-ი შეიცვალნენ სათანადო მოპასუხით მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოთი.
მ. კ-ემ სასარჩელო მოთხოვნის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ 16.03.09წ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც ჯ. ე-თვის 0,179 ჰა. მიწის ნაკვეთის გადაცემის ნაწილში 10.10.97წ. ¹...... მიწის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობა, 10.10.97წ. ¹....... მიწის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე 0,179 ჰა. მიწის ნაკვეთის ჯ. ე-ის სახელზე რეგისტრაციის აქტის ბათილად ცნობა, ა. მ-ესა და ჯ. ე-ს შორის 27.08.03წ. გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და ა. მ-ის სახელზე 0,169 ჰა. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დამადასტურებელი სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობა მოითხოვა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 29.05.09წ. გადაწყვეტილებით მ. კ-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხე ა. მ-ის, ჯ. ე-ის, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მესამე პირის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ მცხეთის რაიონის ......... მიწის რეფორმის კომისიის მიერ 20.10.97წ. გაცემული ¹...... მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობისა და ჯ. ე-ის საკუთრების უფლების შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.10წ. განჩინებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.05.09წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო ინსტანციის სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება. საპროცესო კანონმდებლობის თანახმად საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენი სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, საკასაციო ინსტანციაში არ დაიშვება ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა, შესაბამისად საკასაციო საჩივარში დასმული შუამდგომლობა საგადასახადო ორგანოდან გადახდილი თანხების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის, მცხეთის რაიონის სოფელ ......... მოსახლეობის სიის გამოკვლევის შესახებ და სხვ., საკსაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება განხილული და დაკმაყოფილებული.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.06.10წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ა. შ-ეს დაუბრუნდეს მის მიერ მ. კ-ის საკასაციო საჩივარზე 12.01.11წ. ¹23 საგადასახადო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი ......... ) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.