Facebook Twitter
ბს-186-179(კ-10) 24 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე


საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შპს ,,...”

მესამე პირი _ სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ,,...”; საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინება

სარჩელის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 21 მარტს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ შპს ,,...“ მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 12 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (სესხის გამომყოფი), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (სესხის მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლის განმახორციელებელი), სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ ,,...“ (თანხის გამცემი) და შპს ,,...“ (სესხის მიმღები) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების პირველი მუხლის შესაბამისად, შპს ,,...“ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ,,ღვინის ქარხნების ფინანსური მხარდამჭერი ღონისძიებების“ დასაფინანსებლად საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის სახით გამოეყო 453 000 ლარი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად შპს ,,...“ ვალდებული იყო სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით ხელშეკრულების ხელმოწერიდან ორი კვირის ვადაში წარედგინა სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის ოდენობის საბანკო გარანტია ან შესაბამისი ღირებულების ქონება დაეტვირთა იპოთეკით ან დაეგირავებინა.
მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 13 დეკემბერს სესხის სახით კუთვნილი თანხიდან შპს ,,...“ გადაერიცხა პირველ ტრანში 226 500 ლარი, რომელსაც დაერიცხა სარგებელი 5 101 ლარის ოდენობით, ხოლო 2007 წლის 17 დეკემბერს გადაერიცხა მეორე ტრანში 226 500 ლარი, რომელსაც დაერიცხა სარგებელი 5 064 ლარის ოდენობით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ხელშეკრულება 2007 წლის 12 დეკემბერს დაიდო, შესაბამისად სესხის მიმღებს სესხის უზრუნველყოფის საშუალება 2007 წლის 26 დეკემბრამდე უნდა წარედგინა. მიუხედავად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არაერთი გაფრთხილებისა, შპს ,,...“ ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადებულება არ შეუსრულებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ შპს ,,...“ 463 165 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენის ან შესაბამისი ღირებულების ქონების იპოთეკით დატვირთვის ან დაგირავების დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაებნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი ,,...“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე განსახილველად გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობის თაობაზე დავის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2007 წლს 12 დეკემბერს, საქართველოს ფინანასთა სამინისტროს (სესხის გამომყოფი), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (სესხის მიზნობრივ გამოყოფაზე კონტროლის განმახორციელებელი), სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის “...” (თანხის გამცემი) და შპს “...” (სესხის მიმღები) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის ¹773 განკარგულების შესაბამისად, “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, შპს “...” სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ,,ღვინის ქარხნების ფინანსური მხარდაჭერის ღონისძიების” დასაფინანსებლად სესხის სახით გამოეყო 453 000 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სესხის სარგებლობის ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი წლის ვადით, ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დადგენილ ვადებში სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით სესხის მიმღები ვალდებული იყო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2 კვირის ვადაში, “სესხის გამომყოფისათვის” წარედგინა სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის ოდენობის საბანკო გარანტია ან დაეგირავებინა ან იპოთეკით დაეტვირთა შესაბამისი ღირებულების ქონება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ,,ღვინის ქარხნების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის ¹773 განკარგულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ “...” სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის – ,,ღვინის ქარხნების ფინანსური მხარდაჭერის ღონისძიებების” დასაფინანსებლად, საკრედიტო რესურსად 1 000 000 ლარის გამოყოფა დაევალა, ხოლო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სესხის მიმღები ღვინის ქარხნების შერჩევა და მათთვის საკრედიტო რესურსად გამოყოფილი თანხის სესხის სახით გაცემა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ “...” ერთად შერჩეულ სესხის მიმღებ ღვინის ქარხნებთან სასესხო ხელშეკრულების გაფორმება და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის 2008 წლის 8 იანვრის ¹05-03/30 წერილით, შპს ,,...” დირექტორს და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეცნობათ, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის ¹773 განკარგულებისა და 2007 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, დადგენილ ვადებში სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით, სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან ორი კვირის ვადაში უნდა წარედგინათ საბანკო გარანტია ან დაეგირავებინათ ან იპოთეკით დაეტვირთათ შესაბამისი ღირებულების ქონება, რაც არ განხორციელებულა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2007 წლის 13 დეკემბერს სესხის სახით კუთვნილი თანხიდან შპს ,,...“ გადაერიცხა პირველი ტრანში 226 500 ლარი, რომელსაც დაერიცხა სარგებელი 5 101 ლარის ოდენობით, ხოლო 2007 წლის 17 დეკემბერს გადაერიცხა მეორე ტრანში 226 500 ლარი, რომელსაც დაერიცხა სარგებელი 5 064 ლარის ოდენობით. შესაბამისად, შპს ,,...“ ვალდებული იყო წარედგინა 463 165 ლარის საბანკო გარანტია ან დაეგირავებინა ან იპოთეკით დაეტვირთა შესაბამისი ღირებულების ქონება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ შპს ,,...” მიერ ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა და შესაბამისად, სახეზე იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მატერიალური უფლების დარღვევის ფაქტი.
სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოცემულ დავასთან დაკავშირებით დარღვეული მატერიალური უფლების აღდგენის სამართლებრივი მექანიზმები განსაზღვრული იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილით, მე-400, 405-ე და 352-ე მუხლებით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დარღვეული უფლების აღდგენისათვის სამოქალაქო საპროცესო უფლების მოცემული სახით რეალიზაცია, არ იყო შესაბამისობაში მატერიალური კანონმდებლობის დანაწესთან, რაც გამორიცხავდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის კანონიერებას – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების – 463 165 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენის ან შესაბამისი ღირებულების ქონების იპოთეკით ან გირავნობით დატვირთვის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის 2008 წლის 8 იანვრის ¹05-03/30 წერილით, შპს ,,...“ დირექტორს და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეცნობათ, რომ მათ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის ¹773 განკარგულებისა და 2007 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, დადგენილ ვადებში სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით, სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან ორი კვირის ვადაში უნდა წარედგინათ საბანკო გარანტია ან დაეგირავებინათ ან იპოთეკით დაეტვირთათ შესაბამისი ღირებულების ქონება, რაც არ განხორციელებულა. შპს ,,...“ განემარტა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევდა ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტას და გაცემული სესხის და მასზე დარიცხული პროცენტის დაუყოვნებლივ უკან დაბრუნებას.
კასატორმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე და 623-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვალდებულების დარღვევის დროს კრედიტორს უფლება ჰქონდა თავად განესაზღვრა მოთხოვნა. ამდენად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ თავად განსაზღვრა მოთხოვნა და 463 165 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენა ან შესაბამისი ღირებულების ქონების იპოთეკით ან გირავნობით დატვირთვა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 აპრილის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის საფუძველზე დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან კასატორის მიერ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2007 წლს 12 დეკემბერს, საქართელოს ფინანასთა სამინისტროს (სესხის გამომყოფი), საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (სესხის მიზნობრივ გამოყოფაზე კონტროლის განმახორციელებელი), სსიპ ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის “...” (თანხის გამცემი) და შპს “...” (სესხის მიმღები) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის ¹773 განკარგულების შესაბამისად, “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, შპს “...” სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ,,ღვინის ქარხნების ფინანსური მხარდაჭერის ღონისძიების” დასაფინანსებლად სესხის სახით გამოეყო 453 000 ლარი (ტ. I, ს.ფ. 7). 2007 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულების მე-2 მუხლის პირველი პუქტის თანახმად, სესხის სარგებლობის ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი წლის ვადით, ხოლო მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დადგენილ ვადებში სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით სესხის მიმღები ვალდებული იყო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან 2 კვირის ვადაში, “სესხის გამომყოფისათვის” წარედგინა სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის ოდენობის საბანკო გარანტია ან დაეგირავებინა ან იპოთეკით დაეტვირთა შესაბამისი ღირებულების ქონება (ტ. I, ს.ფ. 7-10). 2007 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, ,,ღვინის ქარხნების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სესხის გამოყოფის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის ¹773 განკარგულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს “საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ “...” სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის – ,,ღვინის ქარხნების ფინანსური მხარდაჭერის ღონისძიებების” დასაფინანსებლად, საკრედიტო რესურსად 1 000 000 ლარის გამოყოფა დაევალა, ხოლო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სესხის მიმღები ღვინის ქარხნების შერჩევა და მათთვის საკრედიტო რესურსად გამოყოფილი თანხის სესხის სახით გაცემა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტ “...” ერთად შერჩეულ სესხის მიმღებ ღვინის ქარხნებთან სასესხო ხელშეკრულების გაფორმება და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება დაევალა (ტ. I, ს.ფ. 8-9).
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის 2008 წლის 8 იანვრის ¹05-03/30 წერილით, შპს ,,...” დირექტორს და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეცნობათ, რომ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 5 დეკემბრის ¹773 განკარგულებისა და 2007 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, დადგენილ ვადებში სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით, სასესხო ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან ორი კვირის ვადაში უნდა წარედგინათ საბანკო გარანტია ან დაეგირავებინათ ან იპოთეკით დაეტვირთათ შესაბამისი ღირებულების ქონება, რაც არ განხორციელებულა (ტ. I, ს.ფ. 12).
საკასაციო სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ ფაქტს, რომ 2007 წლის 13 დეკემბერს სესხის სახით კუთვნილი თანხიდან შპს ,,...“ გადაერიცხა პირველი ტრანში 226 500 ლარი, რომელსაც დაერიცხა სარგებელი 5 101 ლარის ოდენობით, ხოლო 2007 წლის 17 დეკემბერს გადაერიცხა მეორე ტრანში 226 500 ლარი, რომელსაც დაერიცხა სარგებელი 5 064 ლარის ოდენობით (ტ. I, ს.ფ. 13).
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დარღვეული უფლების აღდგენისათვის სამოქალაქო საპროცესო უფლების მოცემული სახით რეალიზაცია, არ არის შესაბამისობაში მატერიალურ კანონმდებლობასთან.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილზე.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს ,,...“ მიერ 2007 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ შესრულებულა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულების შეუსრულებლობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებაში გამოიხატება, კრედიტორს შეუძლია მოვალეს დაუნიშნოს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. მოვალის მიერ ამ დროში ვალდებულების შეუსრულებლობისას, კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად კი ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენების შემთხვევაში მხარეებს წარმოეშობათ მიღებული შემოსავლებისა და სარგებელის ერთმანეთისათვის გადაცემის ვალდებულება. ამ ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო სამოქალაქო კოდექსის მე-400, 405-ე და 352-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (ტ. I, ს.ფ. 12), ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის გაფრთხილების მიუხედავად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა, მოსარჩელის მხრიდან დარღვეული სამოქალაქო საპროცესო უფლების მოცემული სახით რეალიზაცია გამორიცხავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის კანონიერებას _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების, კერძოდ, 463 165 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენის ან შესაბამისი ღირებულების ქონების იპოთეკით ან გირავნობით დატვირთვის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.