Facebook Twitter

ბს-1862-1816(კ-10) 9 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ნ. გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2009 წლის 26 აგვისტოს გ. გ-ძემ სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა 2009 წლის 23 თებერვლის ¹642501009, ¹642501010, ¹642501011 სარეგისტრაციო ჩანაწერების ბათილად ცნობა ნ. გ-ძის სახელზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის შესახებ (იხ. ს.ფ. 4-15; ტ.I).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. გ-ძე (იხ. ს.ფ. 66-68; ტ.I).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 2 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ დავის საგნის არარსებობის გამო (იხ. ს.ფ. 157-161; ტ.I).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით გ. გ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 61-68; ტ.II).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ძემ და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 77-90; ტ.II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 23 თებერვლის ¹882009044690-03, ¹882009044731-03 და 2009 წლის 24 თებერვლის ¹882009044734-03 გადაწყვეტილებები და ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების შედეგად ახალი აქტის გამოცემა (იხ. ს.ფ. 56-64; ტ.III).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით გ. გ-ძის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო (იხ. ს.ფ. 69-94; ტ.III).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 111-112; ტ.III).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს მხარეებმა.

კასატორის წარმომადგენელმა მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 119-125; ტ.III).

მოწინააღმდეგე მხარის – გ. გ-ძის წარმომადგენელმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 126; ტ.III).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, ნ. გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი და წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ნ. გ-ძის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ნ. გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, კასატორს _ ნ. გ-ძეს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს _ ნ. გ-ძის დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.