ბს-1865-1818(2კ-10) 31 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევანი მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. გ-ძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ვანის რაიონულ სასამართლოს მოპასუხის, გ. გ-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკისრებოდა ჯარიმის სახით 26 141,07 ლარის გადახდა, ზიანის საკომპენსაციო თანხის 1 984,62 ლარის გადახდა და პირგასამტეხლოს 7 842,33 ლარი გადახადა.
ვანის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ. გ-ძეს დაეკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ჯარიმის 26 141,07 (ოცდაექვსი ათას ას ორმოცდაერთი) ლარის, 7 (შვიდი) თეთრის და აღნიშნული ჯარიმის 30% პირგასამტეხლოს სახით 7 842,33 (შვიდი ათას რვაას ორმოცდაორი) ლარის, 33 (ოცდაცამეტი) თეთრის გადახადა. მოპასუხეს ასევე დაეკისრა ზიანის საკომპენსაციო თანხის 204,5 (ორას ოთხი) ლარის და 5 (ხუთი) თეთრის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
რაიონული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე გ. გ-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. გ-ძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ვანის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდებოდა თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა.
სააპელაციო პალატის განჩინება ასევე საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ძემ, რომლითაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. გ-ძის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. გ-ძის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. გ-ძის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.