Facebook Twitter

ბს-187-180 (კ-10) 6 აპრილი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს ,,...”-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 25 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინებით მიიჩნია, რომ შპს ,,...”-ს საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და ამასთან, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ასევე საკასაციო საჩივარი არ იყო უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი. აღნიშნული განჩინებით შპს ,,...” დაევალა ხარვეზის შესახებ მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, იმდენ ასლად რამდენი მხარეცაა საქმეში, სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, კ. ქ-ძეზე გაცემული მინდობილობა და საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის – დავის საგნის ღირებულების 5%, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და განუხილველი დარჩებოდა.

2010 წლის 9 მარტს შპს ,,...” საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომლითაც ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი, კერძოდ მან სასამართლოს წარმოუდგინა უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, მინდობილობები და სახელმწიფო ბაჟის სახით 500 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის ხარვეზის შევსების ვადის გაგარძელების შესახებ განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის ხარვეზის შესახებ განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა. საკასაციო საჩივრის ავტორ შპს ,,...” დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის _ 1428 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი მის მიერ გადახდილი 500 ლარის გათვალისწინებით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოსული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ დასტურით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება შპს ,,...” წარმომადგენელ კ. ქ-ძეს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ... 261, ბინა 45) გაეგზავნა 2010 წლის 16 მარტს, რომელიც 2010 წლის 17 მარტს ჩაიბარა დედამ ზ. ნ-შვილმა. შესაბამისად, კასატორისთვის აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის დინება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის შესაბამისად, დაიწყო 2010 წლის 18 მარტს და ამოიწურა ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად 2010 წლის 22 მარტს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი; ხოლო, განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ (სახელმწიფო ბაჟის 930 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი) შპს ,,...” წარმომადგენელმა კ. ქ-ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა 2010 წლის 23 მარტს, ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო საამართლო თვლის, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დათქმულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომლის თანახმად თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ შპს ,,...”-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე შპს ,,...” 2010 წლის 9 მარტს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 500 (ხუთასი) ლარი, ხოლო 2010 წლის 23 მარტს გადახდილი აქვს 930 (ცხრაასოცდაათი) ლარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სულ _ 1430 (ათას ოთხასოცდაათი) ლარი სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველი დარჩეს შპს ,,...”-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე;

2. შპს ,,...” დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივრისათვის 2010 წლის 9 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 500 (ხუთასი) ლარი და 2010 წლის 23 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 930 (ცხრაასოცდაათი) ლარი _ სულ _ 1430 (ათას ოთხასოცდაათი) ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.