Facebook Twitter

ბს-188-181(2კ-10) 28 ივლისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი – გულნარა ილინა

კასატორი (მოპასუხე) – ქ. თბილისის მერია, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი. ც-ავა

მესამე პირი – ნ. კ-ია

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.09წ. გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.09წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. ც-ავამ 27.03.09წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე გლდანი-ნაძალადევის გამგეობისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ. მოსარჩელემ გლდანი-ნაძალადევის გამგეობისათვის ქ. თბილისში, ... მე-... მ/რ-ნის ...-ე კორპუსის ბინა ¹... საკუთრების მოწმობის გაცემის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, 1983 წლიდან მუშაობდა ,,...” სამუშაოთა მწარმოებლად. შპს ,,...” სოციალურ საკითხთა კომისიის 04.04.97წ. გადაწყვეტილებით დროებითი ორდერის საფუძველზე, ხოლო მუნიციპალიტეტის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციის ცენტრის 05.08.04წ. გადაწყვეტილებით მუდმივი ორდერის საფუძველზე მოსარჩელეს მეუღლესთან ერთად გადაეცა ... მე-.. მ/რ-ნის ...-ე კორპუსის ბინა ¹.... საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად მოსარჩელემ მიმართა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას საკუთრების მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რაზეც უარი ეთქვა. აღნიშნული აქტი მის მიერ გასაჩივრდა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.03.08წ. გადაწყვეტილებით სადავო აქტი გაუქმდა და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნულის მიუხედავად, გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობამ კვლავ უარი უთხრა ი. ც-ავას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ი. ც-ავამ გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიაში, რომლის 09.02.09წ. ¹92 განკარგულებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ი. ც-ავამ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვდა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობისათვის სადავო ბინის მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების ორი კვირის ვადაში გამოცემის დავალდებულებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქმის განხილვის პროცესში საქმეში მესამე პირად ჩაებნენ მოპასუხე ქ. თბილისის მერია და ნ. კ-ია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.04.09წ. გადაწყვეტილებით ი. ჩ-ავას სარჩელი მერიის 09.02.09წ. ¹92 და გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 20.12.08წ. ¹ც-5983 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ც-ავამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.09წ. გადაწყვეტილებით ი. ც-ავას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.04.09წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ც-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობას დაევალა გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და გაეცა საკუთრების მოწმობა ი. ც-ავაზე – გლდანის მასივის VI მიკრორაიონის 23-ე კორპუსში მდებარე ბინა ¹..., გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 25.04.97წ. ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ ი. ც-ავას ორ სულზე მიეცა ¹013881 სამსახურებრივი ორდერი ... მასივის მე-... მ/რ-ნის ... კორპუსის ბინა ¹.... ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციის ცენტრის მიერ 05.08.04წ. ი. ც-ავას მიეცა ¹3176 მუდმივი ორდერი შპს ,,...” სოციალურ საკითხთა კომისიის ¹2 ოქმის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საბინაო კოდექსის 57-ე და 58-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ორდერი წარმოადგენდა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთ საფუძველს. ორდერის ბათილად ცნობის საკითხის დასმა შესაძლებელი იყო ორდერის გაცემიდან სამი წლის განმავლობაში. ,,ქ. თბილისში საცხოვრებელი ფონდის შექმნისა და განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 09.09.03წ. ¹12-7 გადაწყვეტილების 24-ე მუხლით იმპერატიულად იყო დადგენილი ორდერის მხოლოდ სასამართლოს მიერ ბათილად ცნობის შესაძლებლობა. ამავე გადაწყვეტილების მე-11 და მე-20 მუხლების თანახმად, ცალკეულ შემთხვევაში მოქალაქეებზე საცხოვრებელი ფართობის გაცემის საკითხს იხილავდა ქ. თბილისის მთავრობა და ქ. თბილისის მერიის ან საუწყებო საბინაო ფონდის სახლებში საცხოვრებელი ფართობების მიცემის გადაწყვეტილების საფუძველზე მოქალაქეს ეძლეოდა დაწესებული ფორმის ორდერი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ც-ავაზე ¹3176 ორდერის გაცემის მომენტისათვის ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და გავითარების ხელშემწყობ ცენტრს გააჩნდა მუდმივი ან სამსახურებრივი ორდერების გაცემის უფლებამოსილება. ამასთან, ი. ც-ავაზე გაცემული ორდერები არ გაუქმებულა და სავალდებულო იურიდიული ძალა გააჩნდა.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 01.11.96წ. ¹379 განკარგულებით სადავო ბინა კომუნალურ (სახელმწიფო საბინაო) ფონდში ჩაირიცხა და გადაეცა რაიონის გამგეობას კანონმდებლობით დადგენილი წესით გასანაწილებლად. დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ აღნიშნული ბინა 25.04.97წ. ორდერით (სამომსახურეო ფათზე) გადაეცა ი. ც-ავას ორ სულიან ოჯახს (თვითონ, მეუღლე) დროებით სარგებლობაში. ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულების 2.1 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ი. ც-ავა წარმოადგენს ზემოაღნიშნული ბინის მოსარგებლეს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 19.10.09წ. ¹722 ბრძანებულებით აღნიშნულ წესში “ე1” და “ე1)” ქვეპუნქტების დამატებისა და ,,საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის თანახმად, შესაძლებელი იქნებოდა სარჩელის დაკმაყოფილება, მხოლოდ დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ გაცემული 25.04.97წ. ¹013881 ორდერის (სამომსახურეო ფართის დროებით სარგებლობაში გადაცემა) საფუძველზეც, ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრის მიერ 05.08.04წ. გაცემული ¹3176 ორდერის არარსებობის შემთხვევაშიც კი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობამ. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

ქ. თბილისის მერიამ აღნიშნა, რომ ი. ც-ვასთვის საკუთრების მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არ გასაჩივრებულა, შესაბამისად აღნიშნული აქტის ძალაში არსებობის პირობებში იმავე საკითხზე ახალი აქტის გამოცემა და მის საფუძველზე საკუთრების მოწმობის გაცემა შეუძლებელი იყო, ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის თანახმად ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო საკუთრების უფლების მოწმობას გასცემს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და ქ. თბილისის მერიის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერებაზე. საქართველოს პრეზიდენტის 19.10.09წ. ¹722 ბრძანებულებით განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით კასატორმა აღნიშნა, რომ ცვლილება განხორციელებული იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემდეგ და აღნიშნული ვერ გახდებოდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ ორდერის გაცემაზე მუნიციპალიტეტის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციის ცენტრი არაუფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენდა. ორდერის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოებს წარმოადგენდნენ ქ. თბილისის მთავრობა და რაიონული გამგეობები.

გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობამ აღნიშნა, რომ ი. ც-ავაზე გაცემული სამომსახურეო დანიშნულების ბინა საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესში 19.10.09წ. ¹722 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილებების შემდეგ დაექვემდებარა პრივატიზებას. შესაბამისად, არ არსებობდა გამგეობის 20.12.08წ. აქტის და მერიის აქტის გაუქმების საფუძველი. კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის შესაბამისად (2.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტი) კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობით. ი. ც-ავას საერთოდ არ უსარგებლია სადავო საცხოვრებელი ფართით, ვინაიდან ბინაში დღემდე ცხოვრობს საქმეში მესამე პირად ჩაბმული – ნ. კ-ია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გამგეობის 20.12.08წ. ¹ც-5983 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით და მერიის 09.02.09წ. ¹92 განკარგულებით ი. ც-ავას უარი ეთქვა ბინის საკუთრებაში გადაცემაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების და საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობის შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ქ. თბილისის მერიის და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.09წ. გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ “მუნიციპალური საწარმო “...” მიერ წარდგენილი ბინების საცხოვრებელ ფონდში ჩათვლისა და განაწილების შესახებ” ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 01.11.96წ. ¹379 განკარგულების თანახმად, დაკმაყოფილდა მუნიციპალური საწარმო “...” 25.09.96წ. ¹1-02/99 მიმართვა და კომუნალურ საცხოვრებელ ფონდში ჩაითვალა 28 ბინა; მუნიციპალიტეტის საბინაო კომუნალური მეურნეობის დეპარტამენტის ტექინვენტარიზაციის ბიუროს დაევალა ¹1 დანართში აღნიშნული ბინების ტექდოკუმენტაციაში სათანადო ცვლილებების შეტანა; მუნიციპალურ საწარმო “...”, მუნიციპალურ საწარმო “...”, საბინაო მეურნეობის სამმართველოს, საბინაო საკითხთა გაერთიანებას, ნაძალადევის, ისნის, გლდანის, კრწანისის რაიონულ გამგეობებს დანართის თანახმად გადაეცათ საცხოვრებელი ბინები, გადაცემული ბინები დადგენილი წესის შესაბამისად უნდა განაწილებულიყო, განკარგულების შესრულებაზე კონტროლი დაევალა საბინაო საკითხთა გაერთიანებას. ამავე განკარგულების თანახმად, კომუნალურ საცხოვრებელ ფონდში ჩაითვალა და შპს “...” გადაეცა ქ. თბილისში, ... მასივის მე-... მ/რ-ის 23-ე კორპუსის პირველი სადარბაზოს პირველ სართულზე მდებარე ერთი ოთახი.

“...” სოციალურ საკითხთა კომისიის 04.04.97წ. ¹12 სხდომის ოქმის საფუძველზე, დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ 25.04.97წ. ი. ც-ავას ოჯახზე, სამსახურებრივი დანიშნულებით, გაიცა ¹013881 ორდერი. შპს “...” სოციალურ საკითხთა კომისიის 03.05.04წ. ¹2 ოქმის საფუძველზე, საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციის ცენტრის მიერ 05.08.04წ. ი. ც-ავაზე გაიცა მუდმივი ორდერი ¹3176.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. ც-ავამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, კერძოდ მოსარჩელემ მოითხოვა გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობისათვის საკუთრების მოწმობის გაცემის დავალება. მოსარჩელეს არ მოუთხოვია ქ. თბილისის მერიის 09.02.09წ. ¹92 და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 20.12.08წ. ¹ც-5983 ადმინისტრაციულ-სამსართლებრივი აქტების ბათილად ცნობა. აღნიშნული აქტებით მოსარჩელეს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ... მე-... მ/რ, კორპ. ¹.., ბინა ¹... პრივატიზებაზე. შესაბამისად, ქ. თბილისის მერიის 09.02.09წ. ¹92 და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 20.12.08წ. ¹ც-5983 ადმინისტრაციულ-სამსართლებრივი აქტები არ შეადგენენ მოცემული დავის საგანს. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებებს იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას არ იქნა დაცული სსსკ-ის 248-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქ. თბილისის მერიის 09.02.09წ. ¹92 და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 20.12.08წ. ¹ც-5983 ადმინისტრაციულ-სამსართლებრივი აქტების ძალაში ყოფნა გამორიცხავს ბინის საკუთრებაში გადაცემაზე აქტის გამოცემის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა მოსარჩელის უფლებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით ითვალისწინებს სხვადასხვა პროცესუალურ საშუალებებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი სარჩელის სახეობის გამოყენება დამოკიდებულია იმ მიზანზე, რომელსაც ისახავს მოსარჩელე. სასკ-ის 23-ე მუხლი განსაზღვრავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე სარჩელის დასაშვებობის, ხოლო 33-ე მუხლი მავალდებულებელი სარჩელის საფუძვლიანობის პირობებს. სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების თაობაზე და სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით განსხვავებულ მიზანს ისახავენ. სარჩელის ეს ორი სახეობა არის უფლების დაცვის ალტერნატიული საშუალებები. სარჩელის სახეობის შერჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მიზანს. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების მოთხოვნის მიზანია აღმოფხვრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით დამდგარი მდგომარეობა ანუ აღდგეს აქტის გამოცემამდე არსებული მდგომარეობა. ამის საპირისპიროდ, თუკი მოსარჩელის მიზანია არსებული მდგომარეობის შეცვლა და მისთვის ხელსაყრელი მდგომარეობის მიღწევა სარჩელის დასაშვები სახეობაა – სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე. ასეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის შემთხვევაშიც სარჩელის მიზანი არის არა აქტის გამოცემაზე უარის გაუქმება, არამედ აქტის გამოცემა. მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმისას, აქტის გამოცემის მოთხოვნა, საერთო წესის თანახმად, იმავდროულად მოიცავს უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასაც, უკეთუ შეუძლებელია აქტის გამოცემის დავალება ადმინისტრაციული ორგანოს იმ აქტის ბათილად გამოცხადების გარეშე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე. ამასთანავე, აღნიშნული არ გამორიცხავს ზოგიერთ შემთხვევაში, უარის თქმის შესახებ აქტის გაუქმების მოთხოვნის გარეშეც ადმინისტრაციული ორგანოსათვის აქტის გამოცემის დავალების შესაძლებლობას. აღნიშნულს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს იმ შემთხვევაში, როდესაც თვით უარის თქმის შესახებ აქტის დამოუკიდებლად არსებობა ან არარსებობა მოსარჩელის მიმართ არსებით შედეგს არ იწვევს და მისთვის მნიშვნელოვანია მოთხოვნილი აქტის გამოცემა. ასეთ შემთხვევაში უარის თქმის შესახებ აქტი გამოიყენება მხოლოდ როგორც სასკ-ის 23-ე მუხლით დადგენილი დასაშვებობის წინაპირობა, ვინაიდან, სასკ-ის 23-ე მუხლის მე-2 ნაწილის შასაბამისად, ამ სასარჩელო მოთხოვნის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს დაინტერესებული პირისათვის მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უარის თქმა. მოცემულ შემთხვევაში, ი. ც-ავას მიზანს წარმოადგენდა სადავო ბინაზე გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ საკუთრების მოწმობის გაცემა, მის სახელზე უკვე გაცემული იყო ორი სახის ორდერი, ქ. თბილისის მერიის 09.02.09წ. ¹92 და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 20.12.08წ. ¹ც-5983 ადმინისტრაციულ-სამსართლებრივი აქტებით არ გაუქმებულა ი. ც-ავას სახელზე გაცემული ორდერები, რომლებიც არ წარმოადგენენ დავის საგანს, საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის” თანახმად, ორდერი წარმოადგენს ბინის პრივატიზების საფუძველს, შესაბამისად მოსარჩელეს არ აქვს მერიის და გამგეობის ხსენებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენის ინტერესი. ი. ც-ავას ინტერესია არა ქ. თბილისის მერიის 09.02.09წ. ¹92 და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 20.12.08წ. ¹ც-5983 ადმინისტრაციულ-სამსართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და აღნიშნული აქტების გამოცემამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა, არამედ გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის მიერ საკუთრების მოწმობის გაცემა. აღნიშნული არის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც თვით უარის თქმის შესახებ აქტების, კერძოდ, მერიის და გამგეობის ბინის პრივატიზებაზე უარის თქმის შესახებ აქტების, დამოუკიდებლად არსებობა ან არარსებობა მოსარჩელის მიმართ არსებით შედეგს არ იწვევს და მისთვის მნიშვნელოვანია მოთხოვნილი აქტის გამოცემა, კერძოდ, მის სახელზე საკუთრების მოწმობის გაცემა.

საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნულ ურთიერთობაზე არ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული “კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი”. სამსახურებრივი დანიშნულებით გაცემული დროებითი ორდერის საფუძველზე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობი, საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესში საქართველოს პრეზიდენტის 19.10.09წ. ¹722 ბრძანებულებით შეტანილი დამატებების შედეგად დაექვემდებარა პრივატიზებას. საკუთრების მოწმობის გაცემის შესახებ ი. ც-ავას მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ გამორიცხავს ის გარემოება, რომ მას ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესში 19.10.09წ. ¹722 ბრძანებულებით ცვლილებების შეტანამდე. კანონის მოქმედება, როგორც წესი, ვრცელდება იმ სამართალურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა კანონის იურიდიულ ძალაში შესვლის შემდგომ, კანონებსა და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს აქვთ უკუქცევითი ძალა, უკეთუ ისინი აუმჯობესებენ პირის მდგომარეობას. იმ შემთხვევაში თუ პირს საკანონმდებლო ნოვაციით მიენიჭა ნებართვა, შეღავათი, რომელიც გათვალისწინებული არ იყო ადმინისტრაციული ორაგნოს მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს მოქმედი კანონმდებლობით, მაგრამ ასეთი დაშვებულ იქნა ადმინისტრციული საჩივრის ან სარჩელის განხილვის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, გამოიყენება ახალი ნორმა. ასეთ შემთხვევაში ახალი ნორმა ზემოქმედებს ნორმის მიღებამდე წარმოშობილი სამართალურთიერთობების მომავალში განვითარებაზე. საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესში, საქართველოს პრეზიდენტის 19.10.09წ. ¹722 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილების შედეგად, ი. ც-ავას მდგომარეობა გაუმჯობესდა, ვინაიდან დროებითი ორდერის საფუძველზე გაცემული ფართი პრივატიზებას დაექვემდებარა. ზემოაღნიშნული მოსაზრებების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებულ წესი (მუხ. 6) ითვალისწინებს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ, გამოცემული აქტის გაუქმების მოთხოვნის წარდგენის გარეშე, ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის შესახებ განცხადების განმეორებითი წარდგენის შესაძლებლობას, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილებას, შეიცვალა განმცხადებლის სასარგებლოდ. ამდენად, სახეზეა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მიხედვით ი. ც-ავას სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საკმარისი იქნებოდა დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ 25.04.97წ. გაცემული ¹013881 დროებითი ორდერიც, ამასთანავე, ი. ც-ავას სახელზე ქ. თბილისის საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი ცენტრის მიერ 05.08.04წ. გაცემულია აგრეთვე ¹3176 ორდერი, რომლის კანონიერება არ წარმოადგენს დავის საგანს, ¹3176 ორდერი არ გაუქმებულა და ძალაშია.

საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლეა პირი, რომელიც, უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობით. შესაბამისად, კანონიერ მოსარგებლედ პირის მიჩნევისათვის პირს უნდა გააჩნდეს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი და ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა სარგებლობდეს ფართობით. აღნიშნული წესის მე-2 მუხლის “ე” ქვეპუნქტი, მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ბინის ორდერს ფართობის კანონიერ სარგებლობაში ქონის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ი. ც-ავას სახელზე გაცემულია ორი სახის ორდერი, კერძოდ, დიდუბის გამგეობის მიერ 25.04.97წ. გაცემული ¹013881 ორდერი და საბინაო მეურნეობის რეაბილიტაციის ცენტრის მიერ 05.08.04წ. გაცემული ¹3176 ორდერი. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ი. ც-ავამ, ნ. კ-იას მიერ სადავო ფართის თვითნებურად დაკავების გამო, სამართლებრივი საფუძვლის (მის სახელზე გაცემული ორდერის) არსებობის მიუხედავად ვერ განახორციელა სადავო ფართობით სარგებლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, ვინაიდან სადავო ფართს ი. ც-ავა არ ფლობს ნ. კ-იას არამართლზომიერი, განგრძობადი მოქმედების – ფართის თვითნებური, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავების გამო, საკუთრების მოწმობის გაცემაზე უარის თქმის საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცეული წესის მიხედვით ფართის სარგებლობის უფლებასთან ერთად საჭიროა ფართის ფლობა. ნ. კ-იას არამართლზომიერი მოქმედება – ფართის კანონიერი საფუძვლის გარეშე დაკავება, არ წარმოადგენს ი. ც-ავასათვის ბინის კანონმდებლობით გათვალისწინებული საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობის გამომრიცხავ გარემოებას. საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცეული წესი არ უკავშირებს მფლობელობას უძრავი ნივთის ხელთმპყრობას, ნ. კ-იას მიერ ბინის ფლობის ფაქტი ი. ც-ავას მიერ სადავო ბინით სარგებლობის გამომრიცხავ გარემოებას შექმნიდა ი. ც-ავას ბრალით ფართის მფლობელობაში არ მიღების ან მფლობელობიდან გასვლის, უძრავი ქონების მიტოვების შემთხვევაში.

საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის პირევლი მუხლი განსაზღვრავს აღნიშნული დებულების რეგულირების სფეროს, რომლის მიხედვითაც, იმისათვის, რომ სამართალურთიერთობაზე გავრცელდეს აღნიშნული დებულება, ფართი ჩარიცხული უნდა იყოს სახელმწიფო საბინაო ფონდში. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 01.11.96წ. ¹379 განკარგულებით (მუნიციპალური საწარმო ,,...” მიერ წარდგენილი ბინების საცხოვრებელ ფონდში ჩათვლისა და განაწილების შესახებ), ქ. თბილისში, ... მე-.. მ/რ, კორპ. ¹..., ბინა ¹.. ჩაითვალა კომუნალურ (სახელმწიფო საბინაო) ფონდში და გადაეცა რაიონის გამგეობას კანონმდებლობით დადგენილი წესით გასანაწილებლად. აღნიშნული ბინა დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ 25.04.97წ. გაცემული ¹013881 ორდერით (სამომსახურეო ფართზე) გადაეცა ი. ც-ავას დროებით სარგებლობაში. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში სადავო ფართი ჩარიცხულია სახელმწიფო (კომუნალურ) საბინაო ფონდში. შესაბამისად, სადავო ფართის საცხოვრებელ ფონდში ჩარიცხვა განაპირობებს სადავო სამართალურთიერთობის მიმართ საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის გამოყენებას. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს აღნიშნული დებულების გამოყენების გამომრიცხავი გარემოებები. ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ სახეზეა ფართის პრივატიზებისათვის საქართველოს პრეზიდენტის 29.01.07წ. ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ, ი. ც-ავას სახელზე გაცემული ¹013881 დროებითი ორდერი და ¹3176 მუდმივი ორდერი, უნდა მოხდეს ი. ც-ავაზე საკუთრების მოწმობის გაცემა აღნიშნული დებულების პირობების შესაბამისად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.09წ. გადაწყვეტილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მერიის და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.09წ. გადაწყვეტილება;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.