Facebook Twitter

ბს-189-186(2კ-11) 7 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბერის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. თ-ძემ 2010 წლის 22 ივლისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა სახელფასო დავალიანების, ერთჯერადი გასასვლელი დახმარებისა და სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. თ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1999-2000 წლების ხელფასის - 302,43 ლარის ანაზღაურება; მოსარჩელეს უარი ეთქვა 1999-2000 წლების დანამატის - 168,68 ლარისა და კვების კომპენსაციის - 475,54 ლარის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე; მოსარჩელს უარი ეთქვა 2001-2002-2003 წლების სანივთე ქონების კომპენსაციის 1050,02 ლარის სასარჩელო მოთხოვნაზე მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების ანაზღაურების თაობაზე; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხის მიმართ ერთჯერადი გასასვლელი დახმარების - 1880,00 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და გ. თ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მხოლოდ დანამატის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება დანამატის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. თ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა დანამატის ანაზღაურება 168,68 ლარის ოდენობით; დანარჩენ ნაწილში გ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ასევე გ. თ-ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 14 თებერვლის განჩინებით გ. თ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.