Facebook Twitter

ბს-1896-1849(კ-10) 9 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორი _ მ. თ-ური

წარმომადგენელი _ ე. თ-ური

მოწინააღმდეგე მხარე _ 1. ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა;

წარმომადგენელი _ ა. მ-აძე

2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;

წარმომადგენელი _ ლ. ბ-ძე

მესამე პირი _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

წარმომადგენელი _ ს. ა-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; დევნილად აღიარება; დევნილის სტატუსის მინიჭება; ყოველთვიური დახმარების გაცემა; საცხოვრებლით უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 4 დეკემბერს მ. თ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ ის დაბადებიდან დევნილობამდე ცხოვრობდა გორის რაიონის სოფელ ..., მამა-პაპისეულ სახლ-კარში. მამა-პაპისეული საკარმიდამო ნაკვეთი 40 წელზე მეტია ორ ნაწილად იყო გაყოფილი. ერთ ნაწილში, სადაც იდგა დიდი ორსართულიანი სახლი, ცხოვრობდნენ მოსარჩელის დედა და მისი ორი ძმის ოჯახი ცოლებით და ორ-ორი მოსწავლე ვაჟიშვილებით, ხოლო მეორე ნაწილში, ძველ ორსართულიან სახლში, დაბადებიდან ცხოვრობდა თვითონ მოსარჩელე ბებიასთან და გაუთხოვარ მამიდასთან ერთად, ხოლო მათი გარდაცვალების შემდეგ მამა-პაპისეულ სახლში მ. თ-ი დარჩა მარტო საცხოვრებლად.

მოსარჩელის განმარტებით, სოფელი ... მდებარეობს პატარა ლიახვის ხეობაში, რომელიც 90-იანი წლებიდან შედიოდა კომფლიქტის ზონაში, სადაც მუდმივად ჭირდა თავისუფლად გადაადგილება, რადგან მოპირდაპირე მხარეს ოსი შეიარაღებული რაზმები იდგა. ოსებისაგან მოშორებით კი სამშვიდობო ჯარები იდგა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ქართული სოფლის მოსახლეობას მუდმივად უხდებოდა ცხოვრება მუქარის, შიშის, მკვლელობისა და უბედურების ქვეშ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ეს უბედურება არ ამყოფინეს მათ და 2008 წლის 07 აგვისტოს დატრიალდა ახალი ტრაგედია, რომელმაც იძულებული გახადა მიეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი და თავი შეეფარებინა თბილისში, ... ქუჩაზე მდებარე “...” შენობას.

მოსარჩელე სარჩელში უთითებს, რომ მისი ძმის ოჯახები დროებით ჩასახლებულები არიან მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანის დევნილთა დასახლებაში. ვინაიდან მოსარჩელე ომამდე მშობლებისგან და ძმებისგან დამოუკიდებელ სახლში ცხოვრობდა ცალკე ოჯახად, თბილისში დევნილად ჩამოსვლის შემდეგაც რეგისტრირებულია დამოუკიდებელ ცალკე ოჯახად, ქ. თბილისში, ... ქ. ¹91 “...”-ს შენობაში, სადაც მისი ცხოვრება ასევე სადავო გახდა.

მოსარჩელის განმარტებით ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მისცეს ცნობა თითქოს ის მუდმივად არ ცხოვრობდა სოფელ ..., მაშინ როდესაც მან წარადგინა პირადობის მოწმობა, სადაც საცხოვრებელ ადგილად მითითებულია სოფელი .... ამასთან, მოსარჩელის მითითებით, ამდენი უბედურების შემდეგ მას შეერყა ჯანმრთელობა. უსახლკაროდ დარჩენილს არავითარი მატერიალური საშუალება არ გააჩნია და ვერც სოციალურ დახმარებას იღებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2009 წლის 05 ნოემბერს გაცემული ¹927 და მის საფუძველზე ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2009 წლის 05 ნოემბერს გაცემული ¹480 ცნობების, როგორც ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ასევე, დევნილად აღიარება; დევნილის სტატუსის მინიჭება; ყოველთვიური დახმარების გაცემა და მის საცხოვრებელ მისამართზე - ქ. თბილისში, “...”-ს შენობაში საცხოვრებლად დატოვება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. თ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს უარი ეთქვა 2009 წლის 5 ნოემბრის ¹927 და ¹480 აქტების ბათილად ცნობაზე; მოპასუხე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში მ. თ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქმეშია მ. თ-ის მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი, სადაც მითითებულია მისამართი - გორის რაიონის საფელი ..., გაცემული ერედვის თემის მ/რ და სარ. სამსახურის მიერ, გაცემის თარიღი 13.01.2006 წელი უვადო. (ს.ფ. 13); საქმეშია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი მ. თ-ზე, რითაც დადგენილია მისი დაბადების ადგილი და თარიღი – საქართველო, ცხინვალი, გამცემი ორგანო - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ერედვის სამსახური, გაცემის თარიღი - 13.01.2006 წელი, რეგისრაციის ადგილი - გორი, ს. ... (ს.ფ. 16); საქმეშია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2009 წლის 06 ნოემბრის 01/12-09-2/9/2/ წერილი, რითაც დადგენილია, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა სარეგისტრაციო ბაზაში რეგისტრირებულია მოსარჩელე შემდეგ მისამართზე – თბილისი, “...” მე-7 სართული, ბინა ¹65-ში (ს.ფ.-17); საქმეშია მოსარჩელის მ. თ-ის მიერ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში დევნილის მინიჭების თაობაზე მისი განცხადების ჩაბარების რეგისტრაციის ნორმის ასლი (ს.ფ. 33)

ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა სადავო ფაქტობრივ გარემოებებზე: საქმეშია ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული 2009 წლის 05 ნოემბრის ცნობა ¹927, რითაც დადგენილია, რომ მოქ. მ. თ-ი მუდმივად არ ცხოვრობდა გორის რაიონის სოფელ ... (ს.ფ. 14); საქმეშია საქართველოს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 03 ნოემბრის ¹480 წერილი, რითაც დადგენილია, რომ მ. თ-ი არ ცხოვრობს მუდმივად სოფელ ... და არ ექვემდებარება ბინით ან ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებას (ს.ფ. 15).

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული სამართლებრივი საფუძვლები რეგლამენტირებულია “იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონით, რომელიც განსაზღვრავს: იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივი სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტისა და ჩამორთმევის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის თანახმად, დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციას, დევნილის სტატუსის მაძიებლის დევნილად ცნობასა და დევნილის სტატუსის მინიჭებას ახორციელებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ხსენებული კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, პირს, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის შედეგად, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის გამო – მიენიჭა უფლებამოსილება დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართოს ხსენებულ სამინისტროს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, ხოლო ამავე ნორმის მე-5 პუნქტის საფუძველზე, სამინისტრომ პირის განცხადების მიღებიდან 10 დღის ვადაში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პირის დევნილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე; ხოლო დევნილის სტატუსის მაძიებლად შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს პირი, თუ არსებობს საფუძლიანი ვარაუდი იმისა, რომ პირი შეიძლება ჩაითვალოს დევნილად ხსენებული კანონის პირველი მუხლის საფუძველზე. ამასთან, აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მე-2 მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტების თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებლის, დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების ან დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას, კომპეტენტური სამინისტრო იღებს განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში; ხოლო სამინისტროს უარი პირის დევნილის სტატუსის მაძიებლად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭებაზე შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-12 მუხლზე და განმარტა, რომ ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და აღნიშნა, რომ მხარეებსაც სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მ. თ-ის განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის მიერ მ. თ-ის განცხადების მიმართ ზომების მიუღებლობა, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას მიმართოს სასამართლოს, მისი დარღვეული ან სადავო უფლების აღსადგენად.

სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთვევაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის განმსაზღვრელ მიზანს წარმოადგენს, მოპასუხის დავალდებულება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე მ. თ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. აღნიშნული მიზნის გათვალისწინებით, ამ სახის სარჩელი წარმოადგენს მავალდებულებელი სარჩელის ერთ-ერთ სახეს, რომელიც გამოიყენება იმ შემთვევაში, თუ მოსარჩელის მიზანია დაინტერესებული პირის სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და თუ მხარის მიერ მოთხოვნილ ღონისძიებას გააჩნია ადმინისტრაციულ სამართლებრივი ხასიათი. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, “იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნებოდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ლ” ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამოდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. აღნიშნულ მუხლს კიდევ უფრო აკონკრეტებს მე-6 მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესი, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ მართალია დისკრეციული უფლებამოსილება ადმინისტრაციულ ორგანოს ანიჭებს უფლებამოსილებას კანონის ნორმების მიზნებისა და კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, საკუთარი პასუხისმგებლობით, შეარჩიოს და მიიღოს გადაწყვეტილება, ამავე დროს, კანონმდებელი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს მას ეს უფლებამოსილება. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილებისას გამოცემული აქტი არ შეიძლება იწვევდეს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე აქტის გამოცემაზე მოსარჩელის უფლების სამართლებრივი საფუძველია “იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლები, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირს ანიჭებს უფლებას დევნილის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით მიმართოს შესაბამის სამინისტროს. დევნილად ცნობისა და დევნილის სტატუსის მინიჭების, ასევე დევნილთა რეგისტრაციის პროცედურა განისაზღვრება აღნიშნული კანონის შესაბამისად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისას კანონმდებელი ავალდებულებს მას იხელმძღვანელოს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპით. არსებულ ვითარებაში, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი კონკრეტული საკითხების გადაწვეტისას, საჯარო ინტერესის დაცვა ემსახურება - რუსეთის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესებას და ამ მხრივ იგი თანმხვედრია მოსარჩელის კერძო ინტერესებისა. ამასთან, სასამართლომ ჩათვალა, რომ ვიდრე ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილებიდან გამომდინარე არ გადაწყდება მოსარჩელის მიმართ დევნილად აღიარება ან არ აღიარება და მისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება ან არ მინიჭება, შესაბამისად, მოსარჩელის ის სასარჩელო მოთხოვნა, რაც დაკავშირებულია მისთვის ყოველთვიური დახმარების გაწევასთან და ასევე მისი დატოვება იმ საცხოვრებელ მისამართზე, სადაც მოსარჩელე ითხოვს, სასამართლო მოცემულ ეტაპზე მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ შეფასებაზე.

საქალაქო სასამართლომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 33-ე მუხლებზე მითითებითა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნია, რომ საფუძვლიანი იყო მოსარჩელის მოთხოვნა და მოპასუხე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უნდა დაკისრებოდა ვალდებულება – მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მ. თ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამოეცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელის მოთხოვნით ერთი თვის ვადაში.

რაც შეეხება მოსარჩელის - მ. თ-ის სასარჩელო მოთხოვნას 2009 წლის 05 ნოემბრის ... რწმუნებულის მიერ გაცემული ¹927 და მის საფუძველზე ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული ¹480 აქტების ბათილად ცნობის ნაწილში საქალაქო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და მთლიანად დაეთანხმა და გაიზიარა მოპასუხის - ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსაზრება, კერძოდ, როგორც საქმეში წამოდგენილი, ისე სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით და მათი შეფასების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ მოქალქე მ. თ-ი დაბადებულია გორის რაიონის სოფელ ..., მან 1978 წელს დაამთავრა ... საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ის საცხოვრებლად გადავიდა ქ. თბილისში და მხოლოდ სეზონურად აკითხავდა მშობლებს მ. და ზ. თ-ებს სოფელ .... 2008 წლის აგრესიამდე ერთ საცხოვრებელ ბინაში ერთად ცხოვრობდნენ მ. და ზ. თ-ურები და მათი შვილი გ. თ-ური მეუღლე ე. გ-ძესა და შვილებთან ნ. და გ. თ-ურებთან ერთად, რომლებიც დაკმაყოფილებულნი არიან ¹1095 და ¹1096 საცხოვრებელი კოტეჯებით მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში, დევნილთა დასახლებაში. მოსარჩელე მ. თ-ი არ ცხოვრობდა გორის რაიონის სოფელ ... და არ ფლობდა არანაირ საცხოვრებელ ფართს. გორის რაიონის სოფელი ... ტერიტორია არის ოკუპირებული ტერიტორია, ამ სოფლის მუდმივ მაცხოვრებლებს ეძლევათ კომპენსაცია, თუმცა ამ სოფელში სეზონურად ჩამსვლელთათვის ასეთი კომპენსაცია არაა გათვალისწინებული. სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად პირადობის მოწმობაში მითითებული საცხოვრებელი მისამართისა ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად არ ახორციელებს იმ პირთა საცხოვრებელი ფართით ან მის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურებით დაკმაყოფილებას, რომლებიც მუდმივად არ ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ მხოლოდ იმ მოსახლეობის საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულადი კომპენსაციის გაწევას 10 000 დოლარის ექვივალენტით ლარებში, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ვინაიდან მოსარჩელე მ. თ-ი მუდმივად არ ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ის მუდმივად ცხოვრობდა თბილისში და მხოლოდ სეზონურად ჩადიოდა სოფელ ..., მას არ აქვს საცხოვრებელი ფართით ან ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების მოთხოვნის უფლება. სასამართლოს მითითებით, ის რომ მოსარჩელე მ. თ-ი მუდმივად არ ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასტურდება მოპასუხის - ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო განხილვის დროს დათვალიერებული საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, რომლის დედნები მხარეთა მონაწილეობით იქნა დათვალიერებული, ხოლო იქიდან გადაღებული ასლები დამოწმებული ბეჭდით კი დაერთო საქმეს, სადაც რიგით ¹27 ოჯახად არის რეგისტრირებული მ. და ზ. თ-ები, ხოლო მოსარჩელე მ. თ-ი არ არის რეგისტრირებული. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარე აპელირებს იმის თაობაზე, რომ აღნიშნული საკომლო წიგნი ომის შემდგომ იქნა შეცვლილი და ამის დამადასტურებლად მას მოჰყავს მის მიერვე საქმეში წარმოდგენილი ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ გაცემული 2008 წლის 25 სექტემბრის ¹45 ცნობა, თავად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი ცნობის თანახმადაც კი დადგენილია, რომ მ. თ-ი აღნიშნულ ცნობაში მითითებულ პირებთან ერთად არ ითვლებოდა მუდმივ მაცხოვრებლად. მართალია, მოპასუხე მხარის მიერ საქმეში ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე ნორმატიული აქტი იმის თაობაზე თუ რის საფუძველზე უთხრეს უარი მოსარჩელეს, რომ არ იყო მუდმივი მაცხოვრებელი და შესაბამისად, არ ექვემდებარებოდა ბინით ან ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებას, მაგრამ სასამართლო განხილვის დროს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილ იქნა სხვა პიროვნებებთან მიმართებაში ფორმის ნიმუშები, რომლითაც განისაზღვრებოდა და დგინდებოდა პირის მუდმივად ცხოვრების ფაქტი და შესაბამისად, დასკვნის ნიმუშები, თუ რა შემთხვევაში შეიძლებოდა ვის მიერ და ვის მიცემოდა საცხოვრებელი ფართი ან საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხა 10 000 დოლარის ოდენობით, თუმცა ამის საპირისპირო რაიმე სამართლებრივი აქტი ვერც მოსარჩელის მხრიდან იქნა წარმოდგენილი, გარდა საქმეში არსებული მოსარჩელის პირადობის მოწმობის ასლისა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს ამონაწერისა (გადაწყვეტილების 5.1.1.-5.1.2 პუნქტები, 2010 წლის 25 ივნისის სასამართლოს სხდომის ოქმი).

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე და განმარტა, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი, წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. სასამართლომ განმარტა, რომ კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლისო შემთვევას, კერძოდ: როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე, მოპასუხე სუბიექტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან, ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისაგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ერედვის მუნიციპალიტეტის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დაადასტურეს სადავო 2009 წლის 05 ნოემბრის ¹927 და ¹480 აქტების დასაბუთება, ხოლო მოსარჩელემ ვერ გააბათილა აქტების დასაბუთება წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით და მასში მოყვანილი ფაქტების სინამდვილესთან შესაბამისობაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების დაზუსტება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროთი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. თ-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლსა და 390-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დამატებით მიუთითა საქართველოს მთავრობის 2008 წლის 12 ნოემბრის ¹753 განკარგულებაზე, რომლითაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ინვენტარისა და სხვა საჭირო პირველადი მოხმარების საგნების შეძენა, ტრანსპორტირება და მონტაჟი დაევალა. ასევე, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 19 თებერვლის განკარგულებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი იმ ოჯახების საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა დაევალა, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლადაშენებული საცხოვრებელი ფართების მიღებაზე.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის ¹262 დადგენილებით ცვლილება შევიდა საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილებაში და დადგენილების მე-11 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: “ამ წესის მე-7 მუხლით გათვალისწინებული საარსებო შემწეობის ზღვრული ქულა 2009 წლის 1 იანვრიდან ერთი წლის ვადით გავრცელდეს იმ ოჯახებზე, რომლებიც არ იღებენ საარსებო შემწეობას, 2008 წლის 6 აგვისტოდან საქართველოზე რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყვნენ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში, დადგენილი წესით აღრიცხული არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში და განსახლებული არიან სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში, მათი დაბრუნება მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე შეუძლებელია (ამ ადგილების ოკუპაციის გამო) და ამავდროულად ოჯახის არც ერთი წევრი არ ეწევა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობისა.”

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონის დარღვევით მიღების ფაქტი, რაც საფუძველი გახდებოდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობისა. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ აქტის გამოცემა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მოთხოვნის ამ ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, სადავო აქტების ბათილად ცნობა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ იგი გათხოვილი არასდროს ყოფილა და საცხოვრებელი ადგილი არასდროს დაუტოვებია. არც მას, არც მის მშობლებსა და დედმამიშვილებს სხვაგან საკუთრება არ ჰქონიათ სოფელ ... გარდა. მას ქ. თბილისში არ ჰქონია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.

კასატორი უთითებს საქმის მასალებში წარმოდგენილ მისი პირადობის მოწმობის ასლსა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ გაცემულ საინფორმაციო ბარათზე, რომელთა მიხედვითაც მ. თ-ი წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეს, მისი საცხოვრებელი მისამართია სოფელი ..., იგი დაიბადა ცხინვალში და 1989 წლიდან რეგისტრირებულია გორის რაიონის სოფელ ... .

კასატორის განმარტებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ მ. თ-ი ცხოვრობდა თბილისში და არა სოფელ ... . მისი მოსაზრებით, საცხოვრებელი ადგილის არჩევა დამოკიდებულია პირის ნებაზე და არა რომელიმე სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებაზე. ამდენად, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ არის ის ორგანო, რომელიც ადგენს პირის საცხოვრებელ ადგილს.

კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო, უსამართლო, დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შესაბამისად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ხოლო აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, პირის საცხოვრებელი ადგილი არ უქმდება, თუ იგი იძულების წესით ან სახელმწიფოებრივი მოვალეობის შესასრულებლად განსაზღვრული ვადით ტოვებს ამ ადგილს. ასევე, არ იქნა გამოყენებული “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონი. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-3 თავის მე-12 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამავე კანონის მე-4 მუხლით განმარტებულია, რომ საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არა უგვიანეს 10 დღისა ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით რეგისტრაციის გასავლელად და პირადობის მოწმობის მისაღებად ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, რომელიც 10 სამუშაო დღის ვადაში გაატარებს მას რეგისტრაციაში. აღნიშნული წესი არ ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე. საქართველოს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში პირის რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღად ითვლება ახალ მისამართზე მისი რეგისტრაციის თარიღი. კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმები ადგენს პირის საცხოვრებელ ადგილს და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობას უფლება არ აქვს საცხოვრებელი ადგილის დასადასტურებლად იხელმძღვანელოს საკუთარი მოსაზრებით.

კასატორი აღნიშნავს, რომ ვერც ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ წარმოადგინა და ვერც სასამართლომ მოიპოვა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მ. თ-მა სკოლის დამთავრების შემდეგ 1978 წლიდან უარი თქვა მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. კასატორის მოსაზრებით, არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მან გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი ან აქვს მეორე საცხოვრებელი ან სხვაგან რაიმე ქონება გააჩნია. სასამართლო კი ვერ უთითებს ნორმებს, რომლის საფუძველზეც კანონიერად მიიჩნია ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული ¹927 და ¹480 აქტები.

ამასთან, კასატორის მოსაზრებით, ერედვის მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილ “დასკვნას” არ გააჩნია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტისათვის დამახასიათებელი რეკვიზიტები.

კასატორი აღნიშნავს, რომ ომის შემდეგ დევნილობაში მისი დროებითი საცხოვრებელი იყო ქ. თბილისში, ყოფილი ამიერკავკასიის სამხედრო შტაბის შენობა, საიდანაც 2010 წლის 13 აგვისტოს იძულებით გამოიყვანეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული მ. თ-ის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით მ. თ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2011 წლის 19 მაისს 12:00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ მ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელე მ. თ-ის პირადობის მოწმობის თანახმად, რომელიც გაცემულია 2006 წლის 13 იანვარს ერედვის თემის მ/რ და სარ. სამსახურის მიერ, მ. თ-ი დაბადებულია 1961 წლის 3 სექტემბერს, ცხინვალში და რეგისტრირებულია მისამართზე - გორის რაიონის სოფელი ... (ს.ფ. 13). საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ მ. თ-ზე გაცემული საინფორმაციო ბარათით დადგენილია მისი დაბადების ადგილი და თარიღი - საქართველო, ცხინვალი, 1961 წლის 3 სექტემბერი, გამცემი ორგანო - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ერედვის სამსახური, გაცემის თარიღი - 13.01.2006 წელი, რეგისტრაციის ადგილი - გორი, სოფელი ... (ს.ფ. 16). ამასთან, საქმის მასალებში არსებული ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2010 წლის 15 ივნისს გაცემული ¹152 ცნობის თანახმად, მ. თ-ი გორის რაიონის სოფელ ... 1978 წლიდან აღარ ცხოვრობდა (ს.ფ. 80), ხოლო 2010 წლის 15 ივნისს გაცემული ¹151 ცნობის თანახმად, მ. თ-ი გორის რაიონის სოფელ ... 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესიამდე არ ფლობდა არანაირ საცხოვრებელ ფართს (ს.ფ. 81). სადავო - ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2009 წლის 05 ნოემბერს გაცემულ ¹927 ცნობასა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 05 ნოემბრის ¹480 ცნობაში აღნიშნულია, რომ მ. თ-ი მუდმივად არ ცხოვრობდა სოფელ ... და არ ექვემდებარება ბინით ან ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილებას (ს.ფ. 14-15).

ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია და დავას არ იწვევს, რომ თ-ების ოჯახი, რომელიც სოფელ ... მხოლოდ ერთ საცხოვრებელ ბინას ფლობდა, დაკმაყოფილებულია ¹1095 და ¹1096 საცხოვრებელი კოტეჯებით მცხეთის რაიონის სოფელ წეროვანში, დევნილთა დასახლებაში. აღნიშნული საკასაციო სასამართლოს სხდომაზე თავად კასატორის წარმომადგენელმაც დაადასტურა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინიტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. თ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში მ. თ-ისათვის დევნილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა; ამასთან, მოსარჩელეს უარი ეთქვა ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2009 წლის 05 ნოემბერს გაცემული ¹927 და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 03 ნოემბრის ¹480 აქტების ბათილად ცნობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხე მხარეს არ გაუსაჩივრებია; ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება ჯერ სააპელაციო წესით, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემდეგ კი საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-მა. ამდენად, მოპასუხისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვიური დახმარების გაწევასა და საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნები მიბმულია დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე საკითხის გადაწყვეტასთან, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს სადავო - ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2009 წლის 05 ნოემბერს გაცემული ¹927 და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 03 ნოემბრის ¹480 აქტების სამართლებრივი შეფასება და მათი კანონიერების დადგენა წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სამართალურთიერთობა რეგულირდება “იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონით, რომელიც განსაზღვრავს: იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სამართლებრივ სტატუსს, დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტისა და ჩამორთმევის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის თანახმად, დევნილთა აღრიცხვა-რეგისტრაციას, დევნილის სტატუსის მაძიებლის დევნილად ცნობასა და დევნილის სტატუსის მინიჭებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

“იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლი ახდენს დევნილის ცნების დეფინიციას, რომლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და გადაადგილებულიყო საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მის ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის აგრესიის, შიდა კონფლიქტის ან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამდენად, კანონმდებელმა კონკრეტულად განსაზღვრა და პირდაპირ მიუთითა იმ სავალდებულო პირობებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც პირი ჩაითვლება იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად. კერძოდ, კანონის დანაწესიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ იძულებით გადაადგილებულად – დევნილად, მას იძულებით, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უნდა უხდებოდეს თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დატოვება, ადგილის, სადაც იგი ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებას, საქმიანობას ეწევა. შესაბამისად, სადავო საკითხის გადაწყვეტისას არსებითი მნიშვნელობა აქვს კასატორის – მ. თ-ის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვების ფაქტის დადგენას.

კანონმდებელს ყოველ კონკრეტულ სამართლებრივ რეჟიმთან მიმართებაში შემოაქვს ცნება, რომელიც ცალკეული სამართლებრივი მოწესრიგების არსის განსაზღვრას და ნორმის შინაასის დადგენას ემსახურება.

ამასთან, საგულისხმოა, რომ კანონმდებელი “იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონთან მიმართებაში იყენებს ცნებას “მუდმივი საცხოვრებელი ადგილი” და არა “რეგისტრაციის ადგილი” ან “საცხოვრებელი ადგილი” და ეს შემთხვევითი არ არის და იგი გამომდინარეობს სწორედ აღნიშნული კანონით მოწესრიგებული სამართალურთიერთობის არსიდან; ემსახურება იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ჩადებულია ნორმის შინაარსში. შესაბამისად, სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს “საცხოვრებელი ადგილის”, “მუდმივი საცხოვრებელი ადგილისა” და “რეგისტრაციის ადგილის” ცნებების გამიჯვნას.

საცხოვრებელი ადგილის დეფინიცია და მასთან დაკავშირებული პირის უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლით, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონით, სხვა ნორმატიული აქტებით. საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება ძირითად, კონსტიტუციურ უფლებათა რიგს განეკუთვნება (საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ამდენად, კანონმდებლობის შესაბამისად, პირს მინიჭებული აქვს საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად, შეუზღუდავად არჩევის უფლება. ამასთან, პირი არც იმაშია შეზღუდული, რომ ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ზოგადად, საცხოვრებელი ადგილი პირის იდენტიფიკაციის მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. საცხოვრებელ ადგილზე მრავალი უფლება ან ინსტიტუტია დამოკიდებული. რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის სამართლებრივი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.

ამასთან, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონით, პირის რეგისტრაცია განიხილება რეჟიმად, რომლის პირობებშიც პირი დამოუკიდებლად ირჩევს საცხოვრებელს, რის შესახებაც ატყობინებს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოს, რომელიც ატარებს პირს რეგისტრაციაში და აძლევს რეგისტრაციის მოწმობას. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის პრინციპი წინ უსწრებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მოწესრიგებას, რეგისტრაციით ეს უფლება არ იზღუდება, პირიქით, რეგისტრაციის უფლება ნაწარმოებია საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლებით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის მიზანია მოქალაქეთა უფლებების და მოვალეობების განხორციელების მიზნით პირის შესახებ მონაცემების, მათ შორის საცხოვრებელი ადგილის დადგენა.

,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, მის ვინაობას და საცხოვრებელ ადგილს. ამასთან, აღნიშნული კანონისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის საფუძველზე, პირს მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და ასეთ შემთხვევაში, პირი არ არის შეზღუდული, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილის არსებობის შემთხვევაში საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით და სარეგისტრაციო მონაცემებში მიუთითოს საკუთარი სურვილით არჩეული საცხოვრებელი ადგილის მისამართზე.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, საცხოვრებელი ადგილი უფრო ფართო მნიშვნელობისაა, რომლის კონკრეტულ სახეებს წარმოადგენს “რეგისტრაციის ადგილი” და “მუდმივი საცხოვრებელი ადგილი”. თუ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ამის საწინააღმდეგოდ დროის განსაზღვრულ მონაკვეთში პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეგისტრაციის ადგილი და მხოლოდ ერთი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, თუ რეგისტრაციის ადგილს პირი საკუთარი სურვილით ირჩევს, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არჩევისათვის სავალდებულოა პირის ნებას თან ახლდეს ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა, რომ დევნილად ცნობისათვის გადამწყვეტია ფაქტობრივად ცხოვრების ფაქტი და არა პირის პირადობის მოწმობაში მითითებული მისამართი. ამდენად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტობრივი ცხოვრების ფაქტს, რომელსაც თან ახლავს პირის ნება, რომ მას სურს მოცემულ ადგილზე ჰქონდეს საცხოვრებელი ადგილი. ამასთან, პირის ნება - დააფუძნოს საცხოვრებელი ადგილი - უზრუნველყოფილი უნდა იყოს ამ ნების დაკმაყოფილების შესაძლებლობით, ე.ი. პირს უნდა ჰქონდეს ბინა, სახლი ან სხვა საცხოვრებელი სადგომი მოცემულ ადგილზე. პირის კონკრეტულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატულია აღნიშნულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც შეიძლება დასტურდებოდეს მაგალითად, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითრით, საკომლო ჩანაწერით, მუდმივი მაცხოვრებლების აღწერის შედეგებით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, რომ პირი განსაზღვრულ ადგილას წარმოადგენს მუდმივ მაცხოვრებელს.

"იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. შესაბამისად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია. მუდმივი საცხოვრებლის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს.

სადავო - ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2009 წლის 05 ნოემბერს გაცემული ¹927 და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 05 ნოემბრის ¹480 აქტების თანახმად, მ. თ-ი მუდმივად არ ცხოვრობდა სოფელ ... .

ამდენად, საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ დავას განსახილველ შემთხვევაში სწორედ მ. თ-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა წარმოადგენს. ამასთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა იმის დადგენას, ჰქონდა თუ არა მ. თ-ს თბილისში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, არამედ იმის დადგენას, მ. თ-ი მუდმივად ცხოვრობდა თუ არა სოფელ ... . საკასაციო სასამართლოს განმარტებით, აღნიშნულის მტკიცების ტვირთი ნაწილდება მხარეთა შორის. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. Mმტკიცების ტვირთი მოიცავს აგრეთვე ფაქტების მითითების ტვირთსაც. თითოეულმა მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლოდ მოქმედ გარემოებებზე და თუ იგი სადავო გახდება, უნდა დაამტკიცოს ამ გარემოების არსებობა. ამასთან, ადმინისტრაციული პროცესის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ანუ მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. აღნიშნულის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული ამტკიცოს მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. მტკიცების ტვირთის ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრება არ უნდა განიმარტოს არასწორად, ისე როგორც მისი პროცესუალური მოწინააღმდეგე მხარის - მოსარჩელის გათავისუფლება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისაგან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებისა და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. სასარჩელო მოთხოვნა მოსარჩელემ უნდა დაასაბუთოს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორის – მ. თ-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მისი მოთხოვნის დამადასტურებელი როგორც ფაქტობრივი, ასევე, სამართლებრივი საფუძვლები; კასატორი მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა გორის რაიონის სოფელ ... მისი მუდმივად ცხოვრების ფაქტს. კასატორი აპელირებს პირადობის მოწმობაში დაფიქსირებული საცხოვრებელი მისამართით, რომელიც საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ცალსახად არ მიუთითებს პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, იმ მოსაზრებიდან გამომდინარე, რომ პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი და საკუთარი არჩევანით რეგისტრაცია გაიაროს ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, რომელიც შეიძლება სულაც არ წარმოადგენდეს მის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, მ. თ-ი დაბადებულია გორის რაიონის სოფელ ... და მან სკოლაც სოფელ ... დაამთავრა, მაგრამ, საქმის მასალებში არსებული ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2010 წლის 15 ივნისს გაცემული ¹152 ცნობის თანახმად, მ. თ-ი გორის რაიონის სოფელ ... 1978 წლიდან აღარ ცხოვრობდა (ს.ფ. 80), ხოლო 2010 წლის 15 ივნისს გაცემული ¹151 ცნობის თანახმად, მ. თ-ი გორის რაიონის სოფელ ... 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესიამდე არ ფლობდა არანაირ საცხოვრებელ ფართს (ს.ფ. 81). ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო კასატორის მიერ არ დამტკიცებულა.

საკასაციო სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე – ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მათ იძულებით გადაადგილებულ პირთა აღწერა დაევალა, რის საფუძველზეც მუნიციპალიტეტმა მოახდინა კონფლიქტის ზონაში მუდმივი მაცხოვრებლების აღწერა. აღწერის შედეგად დადასტურდა, რომ მ. თ-ის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს სოფელი ... არ წარმოადგენდა. ამასთან, მოპასუხის - ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილი საკომლო წიგნის ჩანაწერის მიხედვით, დადასტურდა, რომ საკომლო წიგნში რიგით ¹27 ოჯახად რეგისტრირებულია მ. თ-ური და ზ. თ-ური, ხოლო მოსარჩელე მ. თ-ი არ არის რეგისტრირებული. აგრეთვე, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილია სხვა პიროვნებებთან მიმართებაში ფორმის ნიმუშები, რომლითაც განისაზღვრებოდა და დგინდებოდა პირის კონკრეტულ ადგილზე მუდმივად ცხოვრების ფაქტი.

ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაასაბუთა სადავო აქტების კანონიერება, ხოლო კასატორმა მხარემ ვერ შეძლო წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გააბათილებდა მოწინააღმდეგე მხარის დასაბუთებას.

ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ საცხოვრებელი ადგილის არჩევა დამოკიდებულია პირის ნებაზე და არა რომელიმე სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ კასატორმა – მ. თ-მა არა იძულებით, კანონით გათვალისწინებული მიზეზების გამო, არამედ სწორედ საკუთარი ნებით, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის პრინციპის საფუძველზე გადაწყვიტა დაეტოვებინა სოფელი ... და საცხოვრებლად თბილისში გადასულიყო. ამით იკარგება დევნილად ცნობის მეორე სავალდებულო პირობა – იძულებით გადაადგილების ფაქტი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება კასატორის – მ. თ-ის იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ცნობის კანონით დადგენილი სავალდებულო პირობა - მუდმივი საცხოვრებელი ადგილის იძულებით დატოვების ფაქტი; არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა კასატორის მოთხოვნის საფუძვლიანობას. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება დევნილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არც საქმის მასალებიდან გამომდინარეობს და არც კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოს სხდომებზე იქნა დასაბუთებული სადავო - ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის ... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ 2009 წლის 05 ნოემბერს გაცემული ¹927 და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 05 ნოემბრის ¹480 აქტების კანონთან შეუსაბამობა, რომ აღნიშნული აქტები მიღებულ იქნა კანონის მოთხოვნათა დარღვევით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მ. თ-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან გასაჩივრებული განჩინება არსებითად სწორია, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. თ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.