Facebook Twitter

¹ბს-190-187(კ-11) 13 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) – გ. პ-ი, წარმომადგენელი ნ. შ-ი (რწმუნებულება 01.12.10წ. ¹101201540)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, წარმომადგენელი ს. ბ-ი (მინდობილობა 06.05.2011წ., ¹04/12308)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.10 წ. განჩინება

დავის საგანი _ მშობიარობის გამო დახმარების გაცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. პ-მა 19.08.10 წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, რომლითაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ქმედების განხორციელების დავალება მოითხოვა. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2008 წლის 19 ივლისიდან მუშაობს შპს «...» ... თანამდებობაზე. 11.12.09 წ. შეეძინა შვილი, რის გამოც 2009 წლის 1 დეკემბრიდან 2010 წლის 16 აპრილამდე იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში. სამუშაოზე დაბრუნების შემდეგ შპს «...» წარადგინა საავადმყოფო ფურცელი მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ანაზღაურების მოთხოვნით. დამსაქმებლის მიერ აღნიშნულ თანხაზე გაგზავნილი მოთხოვნა 18.05.10 წ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.07.10 წ. გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით რომ გ. პ-ის მიერ საავადმყოფო ფურცელი დამსაქმებელთან წარდგენილი არ ყოფილა ფაქტიური შრომისუუნარობის პერიოდში. მოსარჩელე თვლის, რომ უარი ლახავს მის უფლებას მიიღოს მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო საშვებულებო ანაზღაურება და აყენებს ზიანს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.07.10წ. ¹01/09-14402 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ. პ-ის და შპს „...“ ადმინისტრაციული საჩივრები შეტანილი სააგენტოს რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრის 18.05.10 წ. აქტზე, რომლითაც გ. პ-ს უარი ეთქვა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო დახმარების ანაზღაურებაზე. ადმინისტრაციული საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სააგენტომ მიუთითა, რომ საკეისრო კვეთას ადგილი ჰქონდა 11.12.09წ., ხოლო საავადმყოფო ფურცელი 01.03.10წ. გაიცა, 2009 წლის 11 დეკემბრიდან 2010 წლის 16 აპრილამდე პერიოდზე, რაც ადასტურებს გ. პ-ისათვის დოკუმენტური საფუძვლის გარეშე დეკრეტული შვებულების გაფორმებას შპს „...“ დირექტორის 01.12.09წ. ¹18 ბრძანებით. სააგენტომ მიიჩნია, რომ 01.12.09წ. ¹18 ბრძანება რეალურად გამოცემულია საავადმყოფო ფურცელის წარდგენის შემდეგ, 01.12.09წ. მდგომარეობით დამსაქმებელს არ გააჩნდა გ. პ-ისათვის შრომითი ურთიერთობის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შეჩერების სათანადო დოკუმენტაციის საფუძველი. სააგენტომ აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საავადმყოფო ფურცლის გასული პერიოდისათვის გაცემას ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო. გ. პ-ის საჩივარში დასმული მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ დარღვეულა საავადმყოფო ფურცლის დახურვიდან მისი წარმოდგენის კანონმდებლობით განსაზღვრული ექვსთვიანი ვადა არ იქნა გაზიარებული, ვინაიდან იგივე ლოგიკით შესაძლებელი იყო საავადმყოფო ფურცლის მოთხოვნა გაცილებით გვიან, მაგ. ერთი წლის შემდეგ და მისი წარმოდგენა ექვსი თვის გასვლამდე. სააგენტომ მიუთითა, რომ დროებითი შრომისუუნარობის გამო საავადმყოფო ფურცლის გაფორმების წესისაგან ერთადერთი განსხვავება ორსულობისა და მშობიარობის დროს საავადმყოფო ფურცლის გაფორმების შემთხვევაში არის ის, რომ ასეთ დროს საავადმყოფო ფურცლის გაცემა ხდება ერთდრულად კანონით დადგენილი ხანგრძლივობით. საავადმყოფო ფურცლის გაფორმების სხვა პირობები იგივეა, შესაბამისად საავადმყოფო ფურცელი მოცემულ შემთხვევაში უნდა გაცემულიყო მშობიარობის დღიდან და არა მოგვიანებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.09.10 წ. გადაწყვეტილებით გ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ საქმის განხილვისას დაადგინა, რომ შპს «...» 21.09.10 წ. გაცემული ცნობის მიხედვით 2009 წლის 01 დეკემბრიდან 2010 წლის 1 აპრილამდე გ. პ-ს დამსაქმებლისგან ხელფასი არ ანაზღაურებია, მასზე გაიცა დეკრეტული შვებულების თანხა _ 600 ლარი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქცია, დასაქმებულს აუნაზღაუროს ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო დახმარება 600 ლარის ოდენობით განხორციელებულია დამსაქმებელის _ შპს «...» მიერ, რაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 25.09.07წ. ¹281/ნ და 25.08.06წ. ¹231/ნ ბრძანებებით დამტკიცებული ნორმატიული აქტებით არ იკრძალება. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან დასაქმებულს _ მოსარჩელე გ. პ-ს დამსაქმებლის _ შპს «...» მიერ ანაზღაურებული ჰქონდა ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო დახმარება 600 ლარის ოდენობით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.09.10 წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. პ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.10 წ. განჩინებით გ. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 22.09.10 წ. გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატა დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ როგორც ფაქტობრივ გარემოებებს ასევე სამართლებრივ შეფასებებს და მათზე მითითებით დამატებით აღნიშნა, რომ შრომის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 477 კალენდარული დღის ოდენობით. იმავე კოდექსის 29-ე მუხლის მიხედვით, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ანაზრაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებითი ანაზღაურების შესახებ. აღნიშნული ნორმა არ შეიძლება გავრცელდეს იმ შემთხვევაზე, როდესაც დასაქმებულს დამსაქმებლის მიერ უკვე ანაზღაურებული აქვს დროებითი შრომისუუნარობის თანხა. ამასთან, არც შრომის კოდექსი და არც სხვა ნორმატიული აქტები არ ითვალისწინებენ დასაქმებულის უფლებას ერთდროულად დამსაქმებელისაგან და სახელმწიფო ბიუჯეტისაგან მოითხოვოს და მიიღოს დახმარება დროებითი შრომისუუნარობის გამო.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ვინაიდან გ. პ-ს დამსაქმებლის შპს «...» მიერ უკვე ანაზღაურებული აქვს დახმარება ორსულობისა და მშობიარობის გამო, ამიტომ მას აღარ აქვს უფლება იგივე სახის დახმარება მოითხოვოს სახელმწიფო ბიუჯეტისაგანაც, მითუმეტეს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.02.09წ. ¹87/ნ ბრძანებით დამტკიცებული «დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის» მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნას, გაანგარიშებას და გაცემას ახდენს დასაქმებულის შემთხვევაში შესაბამისი დამსაქმებელი, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს, ასეთი მოთხოვნის უფლება ბიუჯეტის მიმართ არ გააჩნია. მართალია, შრომის კოდექსის 29-ე მუხლით დადგენილია, რომ შვებულება ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაგრამ ეს ნორმა არ ვრცელდება შემთხვევაზე, როდესაც დასაქმებულს დამსაქმებლის მიერ უკვე ანაზღაურებული აქვს დროებითი შრომისუუნარობის თანხა. არც შრომის კოდექსი და არც სხვა ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს დასაქმებულის უფლებას ერთდროულად მოითხოვოს და მიიღოს დახმარება დამსაქმებლისაგან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.10 წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. პ-მა, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

კასატორმა აღნიშნა, რომ შრომის კოდექსის 29-ე მუხლით დადგენილია ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც არ გამორიცხავს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დამატებით ანაზღაურებაზე შეთანხმებას. კასატორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მიერ სადავო საკითხის გადაწყვეტისას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.02.09 წ. ¹87/ნ ბრძანებაზე მითითებას, აღნიშნული ბრძანება არეგულირებს საჯარო მოსამსახურეებისთვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესს ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 25.08.06წ. ¹231/ნ ბრძანება, რომელიც საჯარო მოხელეებისათვის და დასაქმებულებისათვის დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესს სხვადასხვაგვარად არ აწესრიგებს. აღნიშნული ნორმატიული აქტებიდან ასევე არ გამომდინარეობს სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ გ. პ-ს არ გააჩნდა უფლება დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარება მიეღო როგორც დამსაქმებლისგან, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.04.11 წ. განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი გ. პ-ის საკასაციო საჩივარი და საქმის განხილვა დაინიშნა ზეპირი მოსმენით.

საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარის - სააგენტოს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს შრომის კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 477 კალენდარული დღის ოდენობით, აქედან ანაზღაურებადია 126 კალენდარული დღე, დასაქმებულს თავისი შეხედულებით შეუძლია შვებულება გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. პ-ს 11.12.09 წ. შეეძინა შვილი _ ნ. კ-ე. სს «...» მიერ 01.03.10 წ. გაცემული საავადმყოფო ფურცლის მიხედვით ორსულობა/მშობიარობის გამო გ. პ-ის შრომისუუნარობის პერიოდი განისაზღვრა 2009 წლის 11 დეკემბრიდან 2010 წლის 15 აპრილის ჩათვლით. შპს «...» 01.12.09 წ. ¹18 ბრძანების თანახმად, გ. პ-ი იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში 2009 წლის 1 დეკემბრიდან 2010 წლის 16 აპრილამდე. შპს «...» მიერ 02.06.10 წ. გაცემული ცნობის თანახმად, გ. პ-ი მუშაობს აღნიშნულ შპს-ში და მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს თვეში 300 ლარს. ამავე შპს-ს 21.09.10 წ. ცნობის თანახმად, გ. პ-ი 2009 წლის 01 დეკემბრიდან 2010 წლის 01 აპრილამდე იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში და არ მიუღია ხელფასი, მასზე გაიცა დეკრეტული შვებულების 600 ლარი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 25.08.06წ. ¹231/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ მე-6 მუხლის თანახმად დახმარების გაცემის საფუძველს წარმოადგენს დასაქმებულზე/მოსამსახურეზე შევსებული საავადმყოფო ფურცელი. ის გარემოება,Eრომ საავადმყოფო ფურცელი გაიცა არა შრომისუუნარობის დაწყებიდან არამედ მოგვიანებით, არ გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ვინაიდან კანონმდებლობა ითვალისწინებს საავადმყოფო ფურცლის გაცემის შესაძლებლობას მშობიარობის შემდეგაც, კერძოდ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 25.09.07 წ. ¹281/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დროებითი შრომისუუნარობის ექსპერტიზის ჩატარებისა და საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის“ მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ მშობიარობის მომენტისათვის არ არის გახსნილი საავადმყოფო ფურცელი, მას გასცემს ის სამედიცინო დაწესებულება, სადაც მოხდა მშობიარობა ერთდროულად 126 კალენდარული დღით. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ სს «...» მიერ გ. პ-ზე საავადმყოფო ფურცელი გაცემულ იქნა შრომისუუნარობის დასრულებამდე, (01.03.10წ.), რომლითაც ერთჯერადად განისაზღვრა პერიოდი 2009 წლის 11 დეკემბრიდან 2010 წლის 15 აპრილის ჩათვლით, 126 დღე. ამდენად, საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესის დარღვევას განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 25.08.06წ. ¹231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის 10.7 მუხლის შესაბამისად მშობიარობის გამო შვებულება არ ანაზღაურდება, თუ საავადმყოფო ფურცლის დახურვიდან გასულია 6 თვე. ვინაიდან სხვა სახის შრომისუუნარობისას საავადმყოფო ფურცლის გაცემის წესისაგან განსხვავებით, ორსულობა, მშობიარობის გამო საავადმყოფო ფურცლის გაცემის შემთხვევაში იმთავითვე განისაზღვრება მისი გახსნისა და დახურვის თარიღი, საფუძველს მოკლებულია მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ შრომისუუნარობის დაწყების შემდეგ საავადმყოფო ფურცლის გახსნის შემთხვევაში გ. პ-ს შეეძლო ნებისმიერ დროს, თუნდაც ერთი წლის დაგვიანებით მიეღო საავადმყოფო ფურცელი და წარედგინა იგი დახმარების მისაღებად საავადმყოფო ფურცლის დახურვიდან 6 თვიან ვადაში. საავადმყოფო ფურცლის გახსნისა და დახურვის თარიღი, ასახავს პირის რეალური შრომისუუნარობის პერიოდს, ფურცელი გაცემულია შრომისუუნარობის პერიოდში და თუნდაც მოგვიანებით საავადმყოფო ფურცლის მიღება არ იწვევს აღნიშნული თარიღების შეცვლას. ორსულობისა და მშობიარობის გამო დახმარების მოთხოვნის საქართველოს შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის 25.08.06წ. ¹231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ 6 თვიანი ვადა აითვლება საავადმყოფო ფურცლის დახურვის დღიდან, რომელიც არ იცვლება საავადმყოფო ფურცლის მშობიარობის შემდეგ გაცემის გამო. დახმარების გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ გამორიცხავს ის გარემოება, რომ დამსაქმებლის მიერ გ. პ-ის დეკრეტული შვებულების თაობაზე ბრძანება შესაძლოა გაფორმებული იყოს მოგვიანებით, ბრძანების დოკუმენტური საფუძვლის (საავადმყოფო ფურცლის) მოგვიანებით გაცემის გამო, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. პ-ს აღნიშნულ პერიოდში კუთვნილი სახელფასო დავალიანება არ მიუღია, დამსაქმებლის შპს „...“ დირექტორის 01.12.09.წ. ¹18 ბრძანება გ. პ-ის დეკრეტულ შვებულებაში 2009 წლის 01 დეკემბრიდან 2010 წლის 16 აპრილამდე გაშვების შესახებ ძალაშია და არ გაუქმებულა, მოსარჩელის დეკრეტულ შვებულებაში ყოფნა სადავოდ არ გამხდარა, ამასთანავე დეკრეტული შვებულების შესახებ დამსაქმებლის ბრძანება მინისტრის 25.08.06წ. ¹231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6, მე-10 მუხლების თანახმად არ წარმოადგენს დამსაქმებლის მიერ სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში დახმარების მიღებისათვის საჭირო წარსადგენ დოკუმენტს.

დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ გ. პ-ს, როგორც დასაქმებულს არ გააჩნდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან შრომისუუნარობის გამო დახმარების მიღების უფლება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 25.08.06წ. ¹231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დახმარება არის შრომის კოდექსით განსაზღვრული ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარება. სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი შრომის კოდექსის 29-ე და ამჟამად მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 29-ე მუხლის თანახმად ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებები ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული არ გამორიცხავს დამსაქმებლის უფლებას გასცეს მუშაკზე დამატებითი ანაზღაურება, კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად დამსაქმებელი და დასაქმებული შეიძლება შეთანხმდნენ დამატებითი ანაზღაურების შესახებ. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 20.02.09წ. ¹87/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ 2.2 პუნქტზე, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან შვებულების ანაზღაურების გამომრიცხავ პირობაზე, ხსენებული წესი ეხება დასაქმებულთათვის და საჯარო მოსამსახურეთათვის დროებითი შრომისუუნარობის გამო დახმარების დანიშვნის, გაანგარიშების და გაცემის საკითხებს, ხოლო მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო დახმარებისა და კომპენსაციის დანიშვნის, გაანგარიშებისა და გაცემის საკითხებს არეგულირებს მინისტრის 25.08.06წ. ¹231/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესი, რომლის მე-5 მუხლის თანახმად, დახმარება გაიცემა სააგენტოს მიერ, მაგრამ არაუმეტეს 600 ლარისა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამდენად, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი და მისი გაცემის ვალდებულება გააჩნია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, მიუხედავად იმისა, დამსაქმებელი და დასაქმებული შეთანხმდებიან თუ არა სხვა დამატებით ანაზღაურებაზე. შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ მშობიარობასთან დაკავშირებით თანხის გაცემა არ გამორიცხავს მუშაკის უფლებას მოითხოვოს მშობიარობის გამო კანონმდებლობით გათვალისწინებული დახმარების თანხა.

საქართველოს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 27.07.07წ. ¹190/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების 2.2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ტერიტორიული ერთეულები შექმნილია სააგენტოს მიზნების და ამოცანების მისაღწევად, მე-5 მუხლის მიხედვით სააგენტო დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის სადავო 21.07.10 წ. ¹01/09-14402 გადაწყვეტილებთი არ დაკმაყოფილდა გ. პ-ის და შპს „...“ დირექტორის ადმინისტრაციული საჩივრები. უცვლელად დარჩა სააგენტოს რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრის 18.05.10წ. ¹05/818 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც საქმის მასალებში არ მოპოვება. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად დახმარების გაცემის უზრუნველსაყოფად დამსაქმებელი ვალდებულია სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულში წარადგინოს დოკუმენტაცია. ამდენად, განხილულ უნდა იქნეს სააგენტოს რუსთავის სამსახურის და შპს „...“, როგორც სადავო სამართალურთიერთობის მონაწილეების სასკ-ის მე-16 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაბმის საკითხი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არსებობს სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, კერძოდ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, სააპელაციო პალატას საერთოდ არ უმსჯელია სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 21.07.10წ. გადაწყვეტილებაში მოყვანილ არგუმენტაციაზე, რაც სსკ-ის 412-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო სასამართლოს საკასაციო წესით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველია. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. პ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.12.10წ. განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.