ბს-1915-1868(3კ-10) 31 იანვარი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლევანი მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრისა და შპს «...» საქართველოს წარმომადგენლობის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს «...» საქართველოს წარმომადგენლობამ სასარჩელო განხცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბჟო დეპარტამენტის რეგიონალურ საბაჟო «აღმოსავლეთის» მიმართ, რომლითაც მოითხოა ინდივიდუალური ადმინისტრციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს «...» საქართველოს წარმომადგენლობის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს მიერ შპს «...» საქართველოს წარმომადგენლობისთვის საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 12 მაისის ¹11-1529 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უარის გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი საართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის მიერ შპს «...» საქართველოს წარმომადგენლობითვის საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 12 მაისის ¹11-1529 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით უარის გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 12 მაისის ¹11-1529 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც შპს «...» საქართველოს წარმომადგენლობას საბაჟო დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენისათვის დაერიცხა გადასახადი 237 194,24 ლარი.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურმა საბაჟომ «აღმოსავლეთმა».
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს «...» საქართველოს წარმომადგენლობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...» საქართველოს წარმომადგენლობამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების გამოტანა ან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 16 Mმარტის გნჩინებით შპს «...» საქართველოს წარმომადგენლობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 ივნისის სხდომის ოქმით საქმის განხილვაში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. შპს «.» საქართველოს წარმომადგენლობის სარჩელი დაკმაყოფილდეა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საბაჟო დეპარტამენტის 2006 წლის 12 მაისის ¹11-1529 საგადასახადო მოთხოვნა და დაევალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვკევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ასევე საკასაციო წესით გაასაჩივრეს შემოსავლების სამსახურმა და შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე შპს «...» საქართველოს წარმომადგენლობამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფიება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრისა და შპს «...» საქართველოს წარმომადგენლობის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრისა და შპს «...» საქართველოს წარმომადგენლობის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე შპს «...» საქართველოს წარმომადგენლობას გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 8000 (რვა ათასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 8000 (რვა ათასი) ლარის 70% _ 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრისა და შპს «...» საქართველოს წარმომადგენლობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება;
3. კასატორს, შპს «...» საქართველოს წარმომადგენლობას დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 (რვა ათასი) ლარის 70% _ 5600 (ხუთი ათას ექვსასი) ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.