Facebook Twitter

¹ბს-192-188(კ-08) 23 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) _ ნ. გ-ძის უფლებამონაცვლე _ ე. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური (ქ. თბილისის “...” უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინება

სარჩელის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 25 ოქტომბერს ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ ნ. გ-ძის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ დაბა .., ... ქ. ¹19-ში მცხოვრები ნ. გ-ძის დაკვეთით, აღნიშნულ მისამართზე მიმდინარეობდა საწარმოო შენობის (ფართით 150მ2) მშენებლობა _ მშენებლობის სათანადო ნებართვისა და პროექტის გარეშე.

მოსარჩელის განმარტებით, ნ. გ-ძემ ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” პუნქტის ,,კ.ა” და ,,კ.ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად, დაარღვია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ნ. გ-ძისათვის დაბა ..., ... ქ. ¹19-ში და მის მიმდებარედ მშენებარე საწარმოო შენობის დანგრევის და ნანგრევისაგან ტერიტორიის გაწმენდის დავალდებულება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის ,,...” სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ. გ-ძეს დაევალა დაბა ..., .... ქ. ¹19-ში კანონმდებლობის დარღვევით აშენებული საწარმოო შენობა-ნაგებობის დანგრევა და ტერიტორიის გაწმენდა საკუთარი ხარჯებით.

საქალაქო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-ძე დაბა ..., ... ქ. ¹19-ში სათანადო ნებართვისა და პროექტის გარეშე აწარმოებდა სამშენებლო საქმიანობას, რითაც დაირღვა ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” პუნქტის ,,კ.ა” და ,,კ.ბ” ქვეპუნქტების მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევად მიჩნეული იყო ობიექტის მშენებლობის დაწყება სათანადო ნებართვის გარეშე და მისი განხორციელება უპროექტოდ ან პროექტით, რომელსაც არ ჰქონდა გავლილი ექსპერტიზა დადგენილი წესით.

საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის ,,...” მიერ უნებართვო მშენებლობასთან მიმართებაში 2004 წლის 6 სექტემებრს მიღებულ იქნა არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების შესახებ ოქმი, რომლის თანახმად ნ. გ-ძეს მიეცა 10 დღიანი ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. 2004 წლის 16 სექტემბერს კი მოსარჩელემ მიიღო ¹52-1 დადგენილება დაბა ..., .... ქ. ¹19-ში მშენებარე საწაროო შენობის დანგრევის თაობაზე.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ არქიტექტურულ სამშენებლო საქმიანობაში დარღვევების შესახებ 2004 წლის 6 სექტემებრის ოქმი და 2004 წლის 16 სექტემბრის ¹52-1 დადგენილება მოპასუხეს არ გაუსაჩივრებია. ამასთან, მას არც დაბა ..., ... ქ. ¹19-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელი საბუთი არ წარუდგენია, რაც ქ. თბილისის არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის სარჩელის დაკმაყოფილების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 2 თებერვლის საოქმო განჩინებით ქ. თბილისის “...” უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინებით ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, 2007 წლის 11 ივლისს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მიღების პირობებში საფუძველს მოკლებული იყო ქ. თბილისის არქმშენინსპექციის სარჩელის დაკმაყოფილება, ვინაიდან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების არსებობის გამო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რაც კასატორს ავალებდა უძრავი ქონების (საწარმოო შენობის) დანგრევას და ტერიტორიის ნანგრევებისაგან გაწმენდას, მაშინ როდესაც იგივე ფაქტობრივი რეალობა იმავე სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებულს ქმნიდა არა სანქციის, არამედ უფლების რეალიზაციის კანონისმიერ საფუძველს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინებით ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2008 წლის 26 ივნისს, 11.00 საათზე.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 17 ივლისის სხდომაზე მხარეებმა _ ნ. გ-ძემ და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა დააყენეს შუამდგომლობა ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარზე წარმოების შეჩერების შესახებ, მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონისა და “პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის ¹660 ბრძანებულების საფუძველზე ქ. თბილისის მერიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ საქმის დასრულებამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ივლისის განჩინებით ნ. გ-ძისა და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარზე წარმოება მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, ქ. თბილისის მერიაში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოების შესახებ საქმის დასრულებამდე.

2011 წლის 27 აპრილს ნ. გ-ძის შვილმა გ. გ-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ კასატორი ნ. გ-ძე გარდაიცვალა და მემკვიდრეობა გადავიდა კასატორის მეუღლეზე _ ე. გ-ძეზე. განმცხადებელმა განცხადებას დაურთო საჯარო რეესტრის ამონაწერი და ე. გ-ძის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა.

2011 წლის 31 მაისს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. განმცხადებელმა განცხადებას დაურთო ნ. გ-ძის სახელზე გაცემული ¹1831 საკუთრების უფლების მოწმობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინებით ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 ივნისის განჩინებით ნ. გ-ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი მეუღლე ე. გ-ძე.

2011 წლის 23 ივნისის სასამართლო სხდომაზე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა სასამართლოს წარმოუდგინა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 22 იანვრის ¹ლეგ-8 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ლეგალიზებულად ჩაითვალა ნ. გ-ძის მიერ დაბა ..., ... ქ. ¹19-ში უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დავის საგნის არ არსებობის გამო უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,ა1” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან საკუთარი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის მითითებული საფუძველი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც აღარ არსებობს საგანი (სარჩელის ობიექტი), რომლის შესახებაც მიმდინარეობდა დავა.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს დაბა ..., ... ქ. ¹19-ში და მის მიმდებარედ მშენებარე საწარმოო შენობის დანგრევა და მოპასუხისათვის ნანგრევისაგან ტერიტორიის გაწმენდის დავალდებულება წარმოადგენდა. სარჩელის საფუძველს კი ქმნიდა ის გარემოება, რომ დაბა ..., ... ქ. ¹19-ში მდებარე მიწის ნაკვეთი ნ. გ-ძის საკუთრებას არ მიეკუთვნებოდა და იგი სათანადო ნებართვისა და პროექტის გარეშე აწარმოებდა სამშენებლო საქმიანობას.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ქ. თბილისის საკრებულოს მიერ 2008 წლის 6 ნოემბერს გაცემულ ¹1831 საკუთრების მოწმობაზე, რომლის თანახმად, დაბა ..., ... ქ. ¹19-ში მდებარე მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით გადაეცა ნ. გ-ძეს. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2009 წლის 22 იანვრის ¹ლეგ-8 ბრძანების თანახმად კი, ნ. გ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ. თბილისში, დაბა ..., ... ქ. ¹19-ში ნაკვეთ ¹06/12-ში უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ დღეის მდგომარეობით, როგორც დაბა ..., ... ქ. ¹19-ში მდებარე ¹06/12 მიწის ნაკვეთი, ისე მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნ. გ-ძის უფლებამონაცვლის ე. გ-ძის სახელზე.

ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურაღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2011 წლის 23 ივნისის სასამართლო სხდომაზე მხარეებმა განმარტეს, რომ მათ შორის აღარ არსებობს დავის საგანი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში აღარ არსებობს სარჩელის საფუძველი (უკანონო მშენებლობა), რაც დავის საგნის არ არსებობის გამო მოცემული საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მხარეებს განუმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარზე ი. კ-ძის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარის ოდენობით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი. კ-ძეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე მუხლებით, 272-ე მუხლის “ა1” ქვეპუნქტით, 273-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ძის (უფლებამონაცვლე _ ე. გ-ძე) საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება დავის საგნის არ არსებობის გამო;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 თებერვლის განჩინება;

3. ი. კ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის ნახევარი _ 150 ლარი;

4. მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.