ბს-195-189(კ-09) 30 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი – გულნარა ილინა
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმომადგენელი მ. ნ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელეები) – რ. და რ. ლ-ძეები, წარმომადგენელი ლ. ქ-ძე
მესამე პირები: საქართველოს მთავრობა, წარმომადგენელი ვ. ბ-შვილი, სს “...”, წარმომადგენელი გ. თ-შვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წარმომადგენელი გ. გ-უა, საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი ს. ა-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.08წ. გადაწყვეტილება.
დავის საგანი – საკომპენსაციო თანხის გადახდის დავალება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ი. და რ. ლ-ძეებმა 09.08.02წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის მიმართ. მოსარჩელეებმა სახლების ასაშენებლად 111400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების 4456 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება მოითხოვეს.
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ ცხოვრობდნენ საჩხერის რაიონის სოფელ .... აღნიშნულ სოფელთან მდებარეობდა ... ქვიშის კარიერი. საბადოს ¹1 უბნის დამუშავებას აწარმოებდა საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროსადმი დაქვემდებარებული საწარმო, ამჟამად სს ,,....”. ხსენებული კარიერის ექსპლუატაცია ხდებოდა დადგენილი წესების დარღვევით, რის გამოც კარიერის თავზე გაშენებული სოფელი იცქისი 1985 წელს დაინგრა. მთავრობის გადაწყვეტილებით სოფელ ... დაზარალებული მოსახლეობისათვის უსაფრთხო ადგილას დაიწყო საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 09.02.87წ. ¹42 დადგენილების საფუძველზე შემუშავდა საცხოვრებელი სახლების პროექტები და მათ ცალ-ცალკე გამოეყოთ 1000-1000 კვ.მ მიწის ნაკვეთები და დამტკიცებული პროექტის საფუძველზე, სახელმწიფოს სახსრებით უნდა აშენებოდათ ორსართულიანი, ოთხოთახიანი საცხოვრებელი სახლები სათავსოებით, მაგრამ გაკეთდა მხოლოდ ფუნდამენტი, რომელიც იმჟამინდელი მდგომარეობით მშენებლობისათვის უვარგისი იყო და იძულებული იყვნენ ცხოვრება გაეგრძელებინათ დამეწყრილ სოფელ ძველ ი..., რომელიც საცხოვრებლად საშიშ ზონად იყო გამოცხადებული. ზემოაღნიშნული დადგენილებით საშენ მასალათა მრეწველობის სამინისტროს დაევალა მეწყერის შედეგად დანგრეულ სოფელ ... მოსახლეობისათვის 1500000 მანეთის გამოყოფა. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მათი სახლების მშენებლობა არც კი დაწყებულა, რის გამოც ისინი წლების მანძილზე მიმართავდნენ შესაბამის ორგანოებს, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს სსრ სახმშენის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ “საქსოფლმშენსახპროექტის” მიერ 1990 წელს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით, 1984 წლის ფასებისა და ნორმების მიხედვით, თითო ორსართულიანი, ოთხოთახიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის გათვალისწინებული იყო 45555 მანეთი, რაც ორი საცხოვრებელი სახლისთვის შეადგენდა 91110 მანეთს. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 15.04.02წ. გაცემული ცნობით, 1984 წლის მდგომარეობით, 100 აშშ დოლარი საშუალოდ უდრიდა 81,42 მანეთს. აღნიშნულის გათვალისწინებით, 45555 მანეთი შეესაბამებოდა 55700 აშშ დოლარს, რაც ორზე გამრავლებული უდრიდა 111400 აშშ დოლარის შესაბამის ლარს, ხოლო ადვოკატის მომსახურების ხარჯები შეადგენდა 4456 აშშ დოლარს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 11.02.03წ. განჩინებით სათანადო მოპასუხედ იქნა მიჩნეული საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, არასათანადო მოპასუხეები – საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო შეიცვალა სს ,,...”, არასათანადო მოპასუხეებად მიჩნეული პირები საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 01.08.03წ. გადაწყვეტილებით ი. და რ. ლ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახლების ასაშენებლად 111400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის 4456 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება დაეკისრა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 11.02.04წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 01.08.03წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 23.12.04წ. გადაწყვეტილებით ი. და რ. ლ-ძეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ი. და რ. ლ-ძეებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.05წ. განჩინებით ი. და რ. ლ-ძეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 23.12.04წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ი. და რ. ლ-ძეებმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 28.06.06წ. განჩინებით ი. და რ. ლ-ძეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.12.05წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.07.07წ. საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე სს ,,...” საქმეში მესამე პირად ჩაება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.08წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 23.12.04წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. და რ. ლ-ძეების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოსარჩელეების სასარგებლოდ სახლების ასაშენებლად 111400 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება დაეკისრა, ი. და რ. ლ-ძეებს უარი ეთქვათ ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქვიშის კარიერის არასწორი ექსპლუატაციის გამო დაინგრა კარიერის თავზე გაშენებული სოფელი .... დაზარალებული მოსახლეობისთვის უსაფრთხო ადგილას დაიწყო სახლების მშენებლობა. სსრ მინისტრთა საბჭოს 09.02.87წ. ¹42 დადგენილების საფუძველზე შემუშავდა საცხოვრებელი სახლების პროექტები და მოსარჩელეებს – ი. და რ. ლ-ძეებს გამოეყოთ 1000-1000კვ.მ მიწის ნაკვეთები, სადაც უნდა აშენებოდათ ორსართულიანი საცხოვრებელი სახლები. სააპელაციო სასამართლომ დარგვეთის თემის საკრებულოს 18.04.02წ. ¹3 და ¹4 ცნობების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ი. და რ. ლ-ძე წარმოადგენდნენ ცალ-ცალკე კომლს და თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე იყო გათვალისწინებული 1000-1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ორსართულიანი, ოთხოთახიანი საცხოვრებელი სახლი სათავსოებით, რომლის ღირებულება 1990 წელს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვით შეადგენდა 45555 მანეთს, რაც უდრის 55700 აშშ დოლარს. ზიანი მიყენებული იყო სს ,,...” მიერ ქვიშის საბადოს დამუშავების შედეგად. სს ,,...” საშენმასალათა მრეწველობის სამინისტროში შედიოდა და ის გარემოება, რომ ამჟამად აღნიშნული სამინისტრო ლიკვიდირებული იყო ვერ გახდებოდა ზიანის ანაზღაურებაზე სახელმწიფოს ვალდებულებებისგან გათავისუფლების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს ,,...”-ს უფლებამონაცვლეს წარმოადგენდა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, როგორც სახელმწიფოს ფინანსურ ვალდებულებებზე პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანო და ი. და რ. ლ-ძეების სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება მას უნდა დაკისრებოდა. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკნის საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ სოფ. ..., ოთხოთახიანი სახლის მშენებლობის საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება, 1984 წლის ნორმებითა და მშენებლობის შემაფასებელთა კავშირის მიერ გამოცემული სამშენებლო რესურსების ფასებით, 2008 წლის მე-3 კვარტლის დონეზე, შეადგენს 207,19 ათას ლარს, 25.09.08წ. კურსის მიხედვით სახლის მშენებლობის ღირებულება 147,99 ათას აშშ დოლარს შეადგენს. ამდენად, სააპელაციო პალატამ უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ დღეის მდგომარეობით სადავო სახლების მშენებლობისათვის საჭირო თანხა შეადგენს 295,98 ათას აშშ დოლარს, ნაცვლად სარჩელში მითითებული 111400 აშშ დოლარისა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.08წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. ი. და რ. ლ-ძეებმა საკასაციო სასამართლოში შემოიტანეს შეგებებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 16.10.08წ. საოქმო განჩინებისა და 24.10.08წ. გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, დავის საგნის გაზრდა და მოპასუხისათვის დამატებით 184650 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 11840 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარისა და ექსპერტიზის ხარჯის 1100 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს. შეგებებული საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 17.06.09წ. განჩინებით მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს არასათანადო მოპასუხეს, რადგან ზიანი მიყენებულია სს ,,...” მიერ და საქმეში არ არსებობს სამართალმემკვიდრეობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება. შესაბამისად, არასათანადო მოპასუხის შეცვლა უნდა მოხდეს სათანადო მოპასუხით. კასატორი ასევე უთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და აღნიშნავს, რომ 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის მე-80 მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, ასეთი უფლება კი ი. და რ. ლ-ძეებს წარმოეშვათ 1994 წელს, როდესაც საქართველოს მინისტრთა საბჭოს 09.02.87წ. ¹42 დადგენილებით უნდა დამთავრებულიყო საცხოვრებელი სახლების აშენება. მათ სასამართლოს მიმართეს 09.08.02წ., რითიც დაარღვიეს 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გადაანგარიშა თანხა, იხელმძღვანელა ეროვნული ბანკის ცნობით და არა “საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმოქცევაში საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კუპონების გამოშვების შესახებ” მინისტრთა კაბინეტის 24.03.93წ. ¹246 დადგენილებით და “მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ლარის გაშვების შესახებ” საქართველოს სახელმწიფო მეთაურის 16.09.95წ. ¹363 ბრძანებულებით. კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით არის გამოტანილი, იურიდიულად დაუსაბუთებელია, გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 393-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქმეზე ერთ-ერთი მოსარჩელის – ი. ლ-ძის 04.09.09წ. გარდაცვალების გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.10.09წ. განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა ი. ლ-ძის უფლებამონაცვლის დადგენამდე. საკასაციო სასამართლოს 20.05.10წ. განჩინებით გარდაცვლილი ი. ლ-ძის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა რ. ლ-ძე, საქმეზე განახლდა საქმის წარმოება.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარეს და მესამე პირის – სს “...” წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და მოითხოვეს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება. საქმეში მესამე პირებად ჩაბმულები – საქართველოს მთავრობის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინიტროს წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჩხერის რაიონის სოფ. ... მეწყერის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების და მეწყერსაშიშ ზონაში მოქცეულ კომლთა უსაფრთხო ადგილას გადასახლების მიზნით, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 09.02.1987წ. ¹42 დადგენილებით საქართველოს საშენმასალათა მრეწველობის სამინისტროს დაევალა 1988-94 წლებში საჩხერის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანებისათვის 1.500 ათასი მანეთის გამოყოფა სოფლის დამეწყრის ზონაში მოქცეული კომლების ახალ ადგილზე დასახლებისათვის კერძო მესაკუთრის უფლებით საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობების მშენებლობისათვის. ამავე მიზნით 1988 წელს საჩხერის როაიონის აგროსამრეწველო გაერთიანებისათვის თანხის გამოყოფა (100 ათასი მანეთი) დაევალა საქართევლოს სსრ გეოლოგიურ სამმართველოს. საქართველოს სსრ სახაგრომრეწვს ყოველწლიურად გამოყოფილი მშენებლობის ლიმიტის ხარჯზე დაევალა 1988-94 წლებში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების და დამხმარე ნაგებობების მშენებლობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული კანონქვემდებარე აქტის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ სახლების ასაშენებლად 111400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება არის დაუსაბუთებელი, გადაწყვეტილება მოკლებულია სათანადო სამართლებრივ და ფაქტობრივ წინამძღვარებს და უნდა გაუქმდეს, რადგან სახეზეა საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, კერძოდ სსკ-ის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი – გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია სასკ-ის მე-4 მუხლის მოთხოვნების დაუცველად, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულად არ იქნა გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა სამართლებრივი ანალიზისა და მათგან მიღებული დასკვნების გარეშე შეუძლებელია საქმის სწორი გადაწყვეტა.
არ არის დასაბუთებული მოსარჩელეებისათვის ასაშენებელი საცხოვრებელი სახლების კომპენსაციის თანხის დადგენა ზიანის მიყენებამდე მოსარჩელეთა საცხოვრებელი პირობების გარკვევის გარეშე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მინისტრთა კაბინეტის 09.02.1987წ. ¹42 დადგენილებით, აგრეთვე მინისტრთა საბჭოს 01.04.1988წ. ¹143 დადგენილებით დასტურდება არა მთელი სოფლის, არამედ სოფელ ... იმ ოჯახების გადასახლება, რომლებიც მეწყერულ ზონაში აღმოჩნდნენ. შესაბამისად საქმეზე უნდა დადგინდეს ხსენებული აქტების გამოცემის პერიოდში მოსარჩელეთა სახლის სამეწყერო ზონაში ყოფნა. აღსანიშნავია, რომ სახლის დაზიანების დადგენის, კომპენსაციის თანხის მოსარჩელისათვის რეალურად მიყენებული ზიანის დადგენის მოთხოვნას შეიცავდა საკასაციო პალატის განჩინებები ანალოგიურ საქმეებზე (სუს 19.07.02წ., ¹3გ/ად-116-კ-02; 29.06.05წ. ¹ბს-423-13-კ-05 განჩინებები). საქმის მასალებით დადგენილია და სადავო არ არის, რომ მოსარჩელეები სარჩელის აღძვრის მომენტისათვის და მის შემდეგ ცხოვრობდნენ სოფ. ..., შესაბამისად დასადგენია სოფ. ... მდებარე სახლის დაზიანების ფაქტი, სახლის დაზიანების ხარისხი.
სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ სოფ. ახალ ... გამოეყოთ ნაკვეთი, გაკეთდა საძირკველი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაზარალებული კომლებისათვის გამოიყო მიწის ფართი, სახელმწიფო სახსრებით დაიწყო საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, აიგო საცხოვრებელი სახლების გარკვეული რაოდენობა, ზოგიერთი სახლის მშენებლობა კი შეწყდა სხვადასხვა სტადიებზე. გამგეობის 07.02.03წ. ¹40 წერილის თანახმად აწ გარდაცვლილი იაშა ლაბუჩიძის სახლზე მოწყობილია ნულოვანი ციკლი, ნაწილობრივ დაწყებულია პირველი სართულის მონტაჟი (ტ.1, ს.ფ. 126). სასამართლოს არ გაურკვევია შესრულებული სამუშაოების ღირებულება, შესრულებული სამუშაოების სადღეისოდ ვარგისიანობა.
მინისტრთა საბჭოს 09.02.1987წ. ¹42 დადგენილების თანახმად ხარჯების დაფარვა საშენმასალათა მრეწველობის სამინისტროს მიერ და გეოლოგიური სამმართველოს მიერ გამოყოფილ სახსრებთან ერთად უნდა მომხდარიყო სახელმწიფო დაზღვევის მიერ მოსახლეობაზე გაცემული სახსრებიდან (მე-3 პუნქტი). შესაბამისად, საქმეზე გარკვევას საჭიროებდა მოსარჩელეების მიერ სახელმწიფო დაზღვევის თანხების გაცემის საკითხი. აღნიშნულ საკითხზე დასმულ შეკითხვაზე რ. ლ-ძემ დაადასტურა, რომ საცხოვრებელი სახლი დაზღვეული ჰქონდა თანხის მისაღებად მიმართული ჰქონდა მინისტრთა საბჭოსათვის და გამგეობისათვის, მიუხედავად ამისა თანხა გადახდილია თუ არა არ იცის (ტ.2, ს.ფ. 128; ტ.1.ს.ფ. 245). სააპელაციო სასამართლოს სასკ-ის მე-4, მე-19 მუხლებზე დაყრდნობით არ მიუღია ზომები დამატებითი ინფორმაციის გამოსათხოვად.
დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ თითოეული მოსარჩელისათვის ორი საცხოვრებელი სახლის ღირებულების კომპენსაციის განსაზღვრა. “საჩხერის რაიონის სოფ. იცქისში მეწყერის შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებისა და მეწყერსაშიშ ზონაში მოქცეულ კომლთა უსაფრთხო ადგილას დასახლების შესახებ” მინისტრთა საბჭოს 09.02.1987წ. ¹42 დადგენილება ითვალისწინებდა დამეწყრილ ზონაში მოქცეული კომლების ახალ ადგილზე გადასახლებისათვის თანხების გამოყოფას. საქმეზე არ არის დადგენილი ზიანის დადგომამდე, მეწყერსაშიშ ზონაში მოქცევამდე და არც მის შემდეგ მამა-შვილის ი. და რ. ლ-ძეების ცალ-ცალკე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებში ცხოვრების ფაქტი, ცალკე საკომლო მეურნეობის წარმართვის ფაქტი. აღნიშნულის დასადგენად არ კმარა არგვეთის თემის საკრებულოს 18.04.02წ. ¹3 და ¹4 ცნობებზე მითითება, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე არ არის დადგენილი ი. ლ-ძის კომლიდან რ. ლ-ძის ცალკე კომლად გასვლის, ცალკე კომლად რეგისტრაციის პერიოდი, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ საკომლო დავთარში (საკომლო წიგნში) რეგისტრაციაში გატარება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეების მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მინისტრთა საბჭოს 09.02.1987წ. ¹42 დადგენილება, აღნიშნული დადგენილების გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით საკომლო დავთარს (საკომლო წიგნს) აწარმოებდა როაისაბჭოს აღმასკომი, რომელიც “საქართველოს სსრ სახალხო დეპუტატთა სადაბო, სასოფლო საბჭოს შესახებ” 25.12.1968წ. კანონის 22-ე მუხლის თანახმად, დადგენილი წესით ახდენდა მოქალაქეთა ჩაწერა-ამოწერას, რეგისტრაციაში ატარებდა საკოლმეურნეო (გლეხთა) კომლის საოჯახო ქონებრივ გაყოფას, ამასთანავე მიწის კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლი გაყრილად ითვლებოდა მხოლოდ აღმასკომში რეგისტრაციის მომეტიდან. საქმეზე არ არის დადგენილი კომლთან დაკავშირებული ადგილობრივი მმართველობის ორგანოს აქტი, საკომლო წიგნში დავთრის ჩანაწერი, მოსარჩელეთა მამა-შვილის ი. და რ. ლ-ძეების ცალ-ცალკე სახლმფლობელობა, ცალ-ცალკე საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ფლობა და ცალკე საკომლო მეურნეობის წარმოება. ამდენად, საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მიერ მოსარჩელეებისათვის ორი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის საჭირო თანხიდან კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა, სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულთან დაკავშირებით არ შეუფასებია საქმის მასალები, არ დაუდგენია თვითოეული მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის პარამეტრები და დაზიანების ხარისხი, არ გამოუთხოვია დამატებითი ინფორმაცია, ტექაღრიცხვის მასალები, არ შეუსწავლია საკომლო წიგნის ჩანაწერები.
არ არის დასაბუთებული სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ დამტკიცებული პროექტის თანახმად, თითოეული მოსარჩელისათვის სახელმწიფო სახსრებით უნდა აშენებულიყო ორსართულიანი, ოთხოთახიანი საცხოვრებელი სახლები, სათავსოებით. კომპენსაციის თანხის გაანგარიშებას, ხარჯთაღრიცხვის შედგენას საფუძვლად დაედო ინსტიტუტ “საქსოფლმშენსახპროექტის” მიერ შემუშავებული საპროექტო დოკუმენტაცია. საქმეზე არ არის დადგენილი საცხოვრებელი სახლის პროექტის შემუშავების საფუძველი. “საჩხერის რაიონის სოფ. ... მეწყერის შედეგად მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებისა და მეწყერსაშიშ ზონაში მოქცეულ კომლთა უსაფრთხო ადგილას დასახლების შესახებ” საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 09.02.1987წ. ¹42 დადგენილების მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სსრ მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტს დაევალა ინსტიტუტ “საქსოფლმშენსახპროექტის” ძალებით, საერთო ლიმიტის ფარგლებში, საჩხერის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანებისათვის 1987 წლის ბოლომდე სოფ. ... დამეწყრილ ზონაში მოქცეულ კომლების ახალ ადგილზე გადასახლებისათვის განაშენიანების, საცხოვრებელი სახლების და დამხმარე ნაგებობების მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. სასამართლოს არ გამოურკვევია თუ რამდენად შეესაბამება პროექტით გათვალისწინებული ორსართულიანი, ოთხოთახიანი სახლი, გათბობის სისტემით, დამხმარე სათავსოებით და სამეურნეო ნაგებობებით (სხვენი, სარდაფი, მარანი, გარაჟი, ბოსელი, მთლიანად 749,20 კვ.მ. სამშენებლო მოცულობით) მინისტრთა კაბინეტის 09.02.1987წ. ¹42 დადგენილებით განსაზვრული ლიმიტების ფარგლებს, საქმეზე თანდართული დოკუმენტაცია არ შეიცავს მითითებას პროექტის მინისტრთა საბჭოს 09.02.1987წ. ¹42 დადგენილების მე-2, მე-7 პუნქტების საფუძველზე შემუშავების შესახებ. საჩხერის რაიონის სოფ. ... გადმოსახლებული პირებისათვის საქმეზე თანდართული პროექტის (შეკვეთა ¹პ / 11430) განმარტებით ნაწილში მითითებულია, რომ პროექტი შემუშავებულია “სახმოქმშენის” 1983 წლის გეგმის მიხედვით, რაც არ უკავშირდება მინისტრთა საბჭოს 09.02.1987 წ. ¹42 დადგენილებას, პროექტი არ შეიცავს მითითებას მშენებლობის საქმეთა სახელმწიფო კომიტეტის ან “საქსოფლმშენსახპროექტის” რომელი ბრძანებით არის იგი დამტკიცებული. საჩხერის რაიონის გამგეობის 07.02.03წ. წერილით (ტ.1, ს.ფ.125) ირკვევა, რომ რაისაბჭოს აღმასკომის 11.12.90წ. ¹007 გადაწყვეტილებით პროექტი შეიცვალა და ნაცვლად სამოთახიანისა გეგმაში განისაზღვრა ოთხოთახიანი სახლის აშენება. საქმეზე არ არის დადგენილი სახლის პროექტის ასეთივე შეცვლა ი. ლ-ძის შვილის – რ. ლ-ძის მიმართ, მიუხედავად ამისა უკანასკნელს ცალკე ანალოგიური სახლის კომპენსაციის მიღების პრეტენზია აქვს. არ გარკვეულა აგრეთვე მმართველობის ადგილობრივი ორგანოს უფლებამოსილება პროექტის შეცვლაზე. აღმასკომის 11.12.90წ. ¹007 გადაწყვეტილების ტექსტის თანახმად (ტ.1, ს.ფ.308) დასტურდება, რომ ბინები განაწილდა სულადობის მიხედვით, აღნიშნულის მიუხედავად საქმეზე არ არის დადგენილი კომლების სულადობა, ხოლო საქმეზე თანდართული საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომელიც საფუძვლად დაედო კომპენსაციის თანხის გაანგარიშებას, არის ტიპიური და არ ითვალისწინებს კომლის სულადობას. საქმეზე არ არის დადგენილი დამკვეთის ვინაობა, შეკვეთის (¹პ-11430) შინაარსი, გაურკვეველია აგრეთვე თუ რას ითვალისწინებდა საქართველოს სსრ აგროსამრეწველო კომიტეტის მიერ შეთახმებული ფორმა ¹4, რომლის მიხედვითაც მინისტრთა საბჭოს 09.02.1987წ. ¹42 დადგენილების მე-7 პუნქტის თანახმად, უნდა განხორციელებულიყო მეწყერსაშიშ ზონაში მოქცეული კომლებისათვის საცხოვრებელი სახლების და დამხმარე ნაგებობების მშენებლობა. სააპელაციო სასამართლომ 13.07.07წ. განჩინებაში (ტ.3, ს.ფ. 60) გაიმეორა აპელანტების წარმომადგენლის შუამდგომლობის (ტ.3, ს.ფ. 57) მითითება პროექტის საქართველოს სსრ სახმშენის 19.06.1985წ. ¹70 ბრძანებით დამტკიცების შესახებ, თუმცა აღნიშნული ბრძანება სასამართლოსათვის არ წარმოდგენილა, მის შინაარსს სასამართლო არ გასცნობია, სააპელაციო სასამართლომ ისე დაავალა საფინანსო-საინჟინრო ექსპერტიზას ხსენებული ბრძანებით დამტკიცებული “საქსოფლმშენსახპროექტის” ინსტიტუტის მიერ შედგენილი პროექტის და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით აპელანტებისათვის ასაშენებელი ორსართულიანი ოთხოთახიანი საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოების, ნაგებობებისა და საკომუნიკაციო საშუალებების ღირებულების განსაზღვრა, რომ არ გასცნობია იმ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლითაც დამტკიცდა პროექტი. ამდენად, არ არის დასაბუთებული ხსენებული პროექტის საფუძველზე შემდგომში კორექტირებული პროექტის შედგენა და შპს “...” მიერ სახარჯთაღრიცხვო ღირებულების გამოანგარიშება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ 12.07.07წ. განჩინებით დაკმაყოფილდა აპელანტების ი. და რ. ლ-ძეების შუამდგომლობა საფინანსო-საინჟინრო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, საქმეზე დაინიშნა საფინანსო-საინჟინრო ექსპერტიზა, ექსპერტიზის ჩატარება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, აპელანტებს დაევალათ პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის მასალების ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წარდგენა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დ. ს-ულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 01.02.08წ. ¹20/01/13-473 დასკვნით საექსპერტო დაწესებულებამ, სსკ-ის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უარი თქვა დასკვნის გაცემაზე, ვინაიდან საქმის მასალები და აპელანტების მიერ წარდგენილი დამატებითი დოკუმენტები საკმარისი არ აღმოჩნდა დასკვნის გასაცემლად. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მიუთითა, რომ პროექტით საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად გათვალისწინებული იყო ასაწყობი რკინა-ბეტონის კონსტრუქციები, რომელთა დამზადება საქართველოში სრულიად აღარ წარმოებს. აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა შპს ...” მიერ შედგენილი კონსტრუქციული პროექტი იაშა ლაბუჩიძის სახლთან დაკავშირებით, სახლის კონსტრუქციული პროექტით გათვალისწინებულია ორსართულიანი შენობის მშენებლობა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტების მიერ წარმოდგენილ იქნა სამშენებლო ფირმა შპს “...” მიერ პროექტზე შედგენილი ლოკალური ხარჯთაღრიცხვა. სასამართლომ საქმის მასალებს მტკიცებულებად დაურთო დასკვნა და გაიზიარა იგი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 167-ე მუხლის თანახმად, არასპეციალურ სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებაში ექსპერტიზა ტარდება სასამართლო დავალებით, ამავე მუხლის შესაბამისად პირს ექსპერტად ნიშნავს თვითონ სასამართლო, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ხსენებული მუხლის მიხედვით განჩინება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და ყველა მასალა, რომელიც აუცილებელია ექსპერტიზის ჩასატარებლად, სასამართლოს მიერ ექსპერტად დანიშნულ პირს უშუალოდ სასამართლომ უნდა გადასცეს, განჩინების გაცემისას სასამართლო ამოწმებს ექსპერტის პიროვნებას, მის სპეციალობასა და კომპეტენტურობას, განუმარტავს ექსპერტს მის უფლება-მოვალეობებს, აფრთხილებს პასუხისმგებლობის შესახებ. ყოველივე აღნიშნული აისახება განჩინებაში ექსპერტიზის დანიშვნის შესაზებ და მოწმდება ექსპერტიზის ხელმოწერით. სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენილი შპს “...” სახელზე გაცემული სახელმწიფო ლიცენზია
( სლც ¹3438) საპროექტო-სამშენებლო საქმიანობის განხორციელებაზე არ ამართლებს ზემოაღნიშნული პროცედურის დაუცველად არასაექსპერტო დაწესებულებაში ექსპერტიზის ჩატარებას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფით მომზადებული საექსპერტო დასკვნა ვერ დაედება საფუძვლად სასამართლო გადაწყვეტილებას, ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე დადგენილი გარემოება იმის შესახებ, რომ საცხოვრებელი სახლების მშენებლობისათვის საჭირო თანხა 295,98 ათას აშშ დოლარს შეადგენს, ნაცვლად სარჩელში მითითებული 111400 აშშ დოლარის, რაც სააპელაციო პალატის აზრით მით უფრო ადასტურებს მოსარჩელეების მოთხოვნის საფუძვლიანობას, არის დაუსაბუთებელი და ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ. ამასთანავე სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილ თანხასთან დაკავშირებით (45555 მანეთი) სასარჩელო განცხადებაში მოყვანილი მოსაზრების საფუძვლიანობაზე. თანხის ოდენობას მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში ასაბუთებენ ოთხსართულიანი ოთხოთახიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობისათვის 1990 წლის ხარჯთაღრიცხვით ¹18870-18873 (შეკვეთა ¹პ/11430), მოსარჩელეები უთითებენ, რომ 27 საცხოვრებელ სახლზე გათვალისწინებული იყო საერთო თანხა 1230.07 (მილიონ ორას ოცდაათი ათასი) მანეთი, მაშინ, როდესაც საქმის მასალების მიხედვით (ტ.1, ს.ფ. 60,61) ხსენებული თანხა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული იყო არა 27, არამედ 29 ორსართულიან სახლზე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშულ გარემოებებს მნიშვნელობა აქვთ კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისათვის. მათი გაუთვალისწინებლობის შედეგად გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის მიკუთვნებული თანხა მნიშვნელოვად განსხვავდება ანალოგიურ დავებზე კომპენსაციის თანხებისაგან.
რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო სასამართლომ ამ საკითხზე უკვე იქონია მსჯელობა, კერძოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.06.06წ. განჩინებით აღინიშნა, რომ საჩხერის რაიონის გამგეობა, რომელსაც დავალებული ჰქონდა კონტროლის განხორციელება სოფელ ... დაზარალებული მოსახლეობისათვის სახლების მშენებლობის მიმდინარეობაზე, მიმართავდა ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს დაზარალებულთა სახლების მშენებლობისათვის შესაბამისი კაპიტალდაბანდებების გამოსაყოფად, რაზეც თანხმობა გამოხატეს ხსენებულმა ორგანოებმა და ამის შედეგად შემუშავდა კაპიტალდაბანდებათა პროექტი 1996-2000 წლებისათვის, რომლის შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელეებმა თავად მიმართეს ხელისუფლების უფლებამოსილ ორგანოებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით. სახელმწიფო ხელისუფლების სათანადო ორგანოები პირდებოდნენ მოსარჩელეებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რითაც, ფაქტობრივად, აღიარეს სახელმწიფოს შესაბამისი ვალდებულება მოსარჩელეთა წინაშე. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებს სასარჩელო მოთხოვნის უფლება წარმოეშვათ 1994 წელს, ხოლო სასამართლოს სარჩელით 09.08.02წ მიმართეს, საკასაციო პალატამ 28.06.06წ. განჩინებით მიიჩნია, რომ მათ არ დაურღვევიათ სასამართლოსათვის მიმართვის სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. კასატორს არ წარმოუდგენია საკასაციო პალატის ხსენებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობის უარსაყოფად რაიმე არგუმენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. შესაბამისად არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ყოველივე ზემოაღნიშნული, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს საქმის გარემოებებს და გამოიტანოს კანონიერი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.10.08წ. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, კერძოდ იმ ნაწილში, რომლითაც საქართევლოს ფინანსთა სამინისტროს ი. და რ. ლ-ძეების სასარგებლოდ დაეკისრა 111400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განსახილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.