ბს-201-198(კ-11) 11 თებერვალი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;
კასატორი – გ. ო-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – საკასაციო საჩივარზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 8 ივნისს გ. ო-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ერდვის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 19 მაისის ¹220 მიმართვის ბათილად ცნობა, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის დავალდებულება დაედასტურებინა 2008 წლის აგვისტოს ომამდე მისი დისევში მუდმივად ცხოვრების ფაქტი და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ამის შესაბამისი ინფორმაციის გადაცემა შემდგომი კომპენსაციის მიღების მიზნით.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. O-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ერდვის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2010 წლის 19 მაისის ¹220 მიმართვა; ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა სათანადო შეფასება მიეცა 2008 წლის 21 ნოემბრის ¹140-ე ცნობაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებისათვის; კერძოდ, წარმოადგენს თუ არა გ. O-ძე ცალკე მცხოვრებ ოჯახს და ვრცელდება თუ არა მასზე ,,რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიების განხორციელების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2008 წლის 25 დეკემბრის ¹915-ე განკარგულება; ეწეოდა თუ არა იგი დედისა და დისგან დამოუკიდებელ სამეურნეო საქმიანობას და წარმოადგენდა თუ არა მოსარჩელე ცალკე ოჯახს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. O-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 ნოემბრის განჩინებით გ. O-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. O-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2011 წლის 11 თებერვალს კასატორმა – გ. O-ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლითაც უარი თქვა საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გ. ო-ძის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, უნდა შეწყდეს საქმის წარმოება გ. ო-ძის საკასაციო საჩივარზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში კასატორმა – გ. ო-ძემ უარი განაცხადა რა საკასაციო საჩივარზე, გამოხატა ნება საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც ადმინისტრაციული პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შემდეგაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლზე და განმარტავს, რომ მითითებულ მუხლს საფუძვლად უდევს დისპოზიციურობის პრინციპი, კერძოდ, პირის შესაძლებლობა, განკარგოს საკუთარი პროცესუალური უფლებები.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ო-ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება. აქვე საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლზე მითითებით განუმარტავს მხარეს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ო-ძის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გ. ო-ძის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. კასატორს განემარტოს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მას ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს იგივე განჩინება საკასაციო წესით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.