ბს-204-201(კ-11) 11 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი «საქპატენტი», წარმომადგენელი _ მ. ფ-ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ კომპანია «ჯ-ი», წარმომადგენელი _ გ. თ-ი
მესამე პირი _ კომპანია «ნ-ი»
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
კომპანია «ჯ-მა» სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხე სსიპ _ «საქპატენტის» მიმართ, მესამე პირის _ კომპანია «ნ-ის» მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა სსიპ _ «საქპატენტის» ექსპერტიზის 2007 წლის 5 ოქტომბრის ¹83617 გადაწყვეტილებისა და სსიპ _ «საქპატენტის» სააპელაციო პალატის კოლეგიის 2008 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით კომპანია «ჯ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე _ სსიპ _ «საქპატენტს» დაეკისრა მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის ოდენობით გადახდა მის სასარგებლოდ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა «საქპატენტმა», რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სსიპ _ «საქპატენტის» ექსპერტიზის 2007 წლის 5 ოქტომბრის ¹83617 გადაწყვეტილებისა და სსიპ _ «საქპატენტის» სააპელაციო პალატის კოლეგიის 2008 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინებით ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის «საქპატენტის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა «საქპატენტმა», რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 14 თებერვლის განჩინებით ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის «საქპატენტის» საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად მიღებულ იქნა წარმოებაში.
2011 წლის 1 მარტს მოსარჩელე კომპანია «ჯ-ის» წარმომადგენელმა გ. თ-მა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება სარჩელზე უარის თქმის თაობაზე, რაც ერთვის მოცემულ საქმეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, გაეცნო მოსარჩელის _ კომპანია «ჯ-ის» წარმომადგენლის გ. თ-ის მიერ წარმოდგენილ განცხადებას სარჩელზე უარის თქმის თაობაზე და მიიჩნია, კომპანია «ჯ-ის» წარმომადგენლის გ. თ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის «საქპატენტის» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება და კომპანია «ჯ-ის» მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კომპანია «ჯ-ის» წარმომადგენელს _ გ. თ-ს გააჩნია უფლებამოსილება კომპანია «ჯ-ის» სახელით უარი თქვას სარჩელზე. მინდობილობა გაცემულია 2011 წლის 17 მარტს და ძალაშია მის გაუქმებამდე.
კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის კომპანია «ჯ-ის» წარმომადგენელმა გ. თ-მა უარი თქვა რა სარჩელზე, ამგვარად, როგორც უფლებამოსილმა პირმა გამოხატა ნება კომპანია «ჯ-ის» საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე პირის ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კომპანია «ჯ-ის» სარჩელზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 272-ე მუხლის «გ» პუნქტის საფუძველზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, მოსარჩელეს მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კომპანია «ჯ-ის» წარმომადგენლის გ. თ-ის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის «საქპატენტის» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილება და მოსარჩელის კომპანია «ჯ-ის» მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო, მოცემულ საქმეზე შეწყდეს საქმის წარმოება.
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.3 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საქმის შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევრდება. შესაბამისად, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს «საქპატენტს» საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველზე უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ნახევარი _ 150 (ასორმოცდაათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კომპანია «ჯ-ის» წარმომადგენლის გ. თ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის «საქპატენტის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინება და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ნომებრის გადაწყვეტილება;
4. შეწყდეს კომპანია «ჯ-ის» სარჩელზე საქმის წარმოება, სარჩელზე უარის თქმის გამო;
5. მხარეებს განემარტოთ, საქმის წარმოების შეწყვეტის გამო, სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, დაუშვებელია.
6. კასატორს _ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს «საქპატენტს» დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 (სამასი) ლარის ნახევარი _ 150 (ასორმოცდაათი) ლარი.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.