Facebook Twitter

ბს-206-198(კ-10) 27 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ შპს “...” დირექტორი ნ. ჯ-უა

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი _ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს “...” დირექტორმა _ ნ. ჯ-უამ სარჩელი აღძრა აბაშის რაიონულ სასამართლოში სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ, რომლითაც მოპასუხისგან მოითხოვა შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის გაფორმების უზრუნველყოფა და შესრულებული სამუშაოსათვის 3491 ლარის ანაზღაურება /იხ. ს.ფ. 4-14/.

საქმის გარემოებები:

2008 წლის 8 დეკემბერს სოციალური სუბსიდიების სააგენტოს დირექტორმა _ ა. უ-ძემ, როგორც შემსყიდველმა, გააფორმა ¹262 ხელშეკრულება მიმწოდებელთან, ტენდერში გამარჯვებულ შპს “...” დირექტორ ნ. ჯ-უასთან, სააგენტოს აბაშის განყოფილების ოფისში 3491 (სამი ათას ოთხას ოთხმოცდათერთმეტი) ლარის სამუშაოების შესრულებაზე, რომელიც შპს “...” ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შეასრულა საკუთარი ხარჯებით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2008 წლის 8 დეკემბრიდან 2009 წლის 8 თებერვლამდე. სააგენტომ შესრულებულ სამუშაოებზე მიღება-ჩაბარების დოკუმენტაციის გაფორმებასა და ღირებულების გადახდაზე, სათანადო დოკუმენტაციის წარდგენის დაგვიანების მოტივით უარი განაცხადა. 2008 წლის 15 დეკემბერს, ავადმყოფობის გამო, მოსარჩელე მოთავსდა ზუგდიდის კლინიკა “…” რეანიმაციულ განყოფილებაში (ცნობა სარჩელს ერთვის), რის გამოც შეფერხდა პირველი ეტაპის შესრულებულ სამუშაოებზე ფორმა ¹2-ის წარდგენა, ხოლო 2008 წლის 24 დეკემბერს, როცა კლინიკიდან ტელეფონით დაუკავშირდა სააგენტოს საფინანსო განყოფილების წარმომადგენელს, შეიტყო, რომ დოკუმენტების წარდგენა უკვე დაგვიანებული იყო.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

სააგენტომ მხარეთა შორის დადებული ¹262 ხელშეკრულება (რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, არსებით პირობებს ითვალისწინებდა, ხოლო 317-ე მუხლის თანახმად, გარკვეულ ვალდებულებებს წარმოშობდა) უსაფუძვლოდ, ცალმხრივად გააუქმა სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის მოთხოვნათა იგნორირებით, ანუ მხარე გავიდა ხელშეკრულებიდან ისე, რომ მოსარჩელისათვის არ უცნობებია. 2009 წლის 4 იანვარს სააგენტოს საფინანსო განყოფილებაში მოსარჩელემ სრულად შესრულებულ სამუშაოებზე წარადგინა ფორმა ¹2 და ამ სამუშაოებზე იანვრის თვეში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლებიც სააგენტოს აღნიშნულმა განყოფილებამ არ მიიღო. სააგენტოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნის (შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება, ამ სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება) უგულებელყოფამ ფინანსური პრობლემები შეუქმნა შპს “...”, მოსარჩელემ შესრულებული სამუშაოებისათვის მუშებსა და ადმინისტრაციულ პერსონალზე ვერ გასცა ხელფასი, რამაც გამოიწვია გაუთვალისწინებელი ხარჯები. მხარეთა შორის დადებული ¹262 ხელშეკრულების 14.4 პუნქტით, შემსყიდველი (სოციალური მომსახურების სააგენტო) ვალდებული იყო მიმწოდებლისათვის (შპს “არქდიზაინი”) ყველა შემთხვევაში აენაზღაურებინა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რასაც დღემდე თავს არიდებს მოპასუხე მხარე, თუმცა შესრულებული სამუშაოთი სარგებლობს 2009 წლის დეკემბრიდან.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელემ სამოქალაქო კოდექსის 317.1, 327.1, 355 და 361-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.

აბაშის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა ხელშეკრულების შესაბამისად შპს “...” შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების დოკუმენტაცის გაფორმება, აგრეთვე შესრულებული სამუშაოს ღირებულების _ 3491 ლარის ანაზღაურება, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

შპს “...” “სახელმწიფო შესყიდვის შესახებ” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონის განყოფილების ოფისში სარემონტო სამუშაო, შეასრულა დათქმულ დროს, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. შპს “...” მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 3491 ლარს. შპს “...” მიერ დამონტაჟებული გისოსებითა და შესასვლელი რკინის კარით სააგენტოს აბაშის რაიონის განყოფილება სარგებლობს დღემდე. შპს “...” დაარღვია ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 4.3 პუნქტის მოთხოვნები, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის, სამუშაოს დამთავრებიდან 5 დღის ვადაში, შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტისა /ფორმა 2/ და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის შესახებ. მხარეთა განმარტებებითა და წარმოდგენილი წერილობითი მასალების საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს “...” დოკუმენტაცია შესრულებული სამუშაოს შესახებ, ვადის დარღვევით არაერთხელ წარუდგინა შემსყიდველს და მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება. შემსყიდველმა ვადის დარღვევით მიწოდებული დოკუმენტაცია არ მიიღო და მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარი განუცხადა.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების საერთო პირობების 11.1 პუნქტის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის გამომწვევი მიზეზების შესახებ. მოსარჩელეს, დოკუმენტაციის წარდგენის ხელისშემშლელი გარემოებების თაობაზე, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში წერილობით არ უცნობებია მოპასუხისათვის.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება იმის შესახებ, რომ ის 2008 წლის 24 დეკემბერს ტელეფონით დაუკავშირდა სააგენტოს და აცნობა ავადმყოფობის გამო, დოკუმენტაციის წარდგენის შეფერხების თაობაზე, რადგან აღნიშნული გარემოება მისი სიტყვიერი განმარტების გარდა, სხვა მტკიცებულებით არ დასტურდებოდა. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების შესახებ დოკუმენტაციის ვადაში წარუდგენლობა, არ შეიძლება გახდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საერთო პირობები და ხელშეკრულების სპეციფიკური პირობები ადგენს რა მხარეთა უფლება-მოვალეობებს, იმპერატიულად განსაზღვრავს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის თანმდევ შედეგებს.

რაიონულმა სასამართლომ გამოიყენა “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და განმარტა, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულებისა და მომსახურების გაწევისთანავე, აუნაზღაუროს მიმწოდებელს საქონლის, სამუშაოს ან/და მომსახურების ღირებულება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალიწინებული. მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების საერთო პირობებისა და ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 13.1 და 13.2 პუნქტების შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, გამოიყენება საჯარიმო სანქციები პირგასამტეხლოს სახით. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ძირითადი ვალდებულების შესრულებისაგან, ე.ი. ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო, მოპასუხე მხარე უფლებამოსილი იყო მოსარჩელის მიმართ გამოეყენებინა მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული საჯარიმო სანქციები. დოკუმენტაციის ვადაში წარუდგენლობის მიზეზით, ფაქტობრივად, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის თქმის შესაძლებლობა კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ იყო.

სასამართლომ განმარტა, რომ საერთო პირობების 14.4 პუნქტის შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაშიც, შემსყიდველი ვალდებულია, მიმწოდებელს აუნაზღაუროს მის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება. მიმწოდებლის მიმართ ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი დადგენილია ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.2.2 პუნქტით, რომელიც განსაზღვრავს რა ხელშეკრულებაში მონაწილე მხარეთა უფლებებს, ადგენს შემსყიდველის უფლებას, არ აუნაზღაუროს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მასალებისაგან განსხვავებული მასალებით შესრულებული ან შეუსრულებელი სამუშაო. დადგენილია, რომ მოპასუხეს რაიმე პრეტენზია მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიმართ არ გააჩნდა, რის გამოც არ არსებობდა ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.2.2 პუნქტით გათვალისწინებული წინაპირობა შპს “...” მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე /იხ .ს.ფ. 94-100/.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური მომსახურების სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:L

2008 წლს 8 დეკემბერს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და შპს “...” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს “...” სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილების ოფისში სარემონტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულებით ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდა 3491 ლარს, რომლის დაფინანსებაც ასევე უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. აღნიშნული ხელშეკრულების მე-4 თავის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ხელშეკრულების ფასი ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადებში. ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შედეგად, თუ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-4 მუხლის 4.3 პუნქტის შესაბამისად, სამუშაოს შესრულების ყოველი ეტაპის დამთავრებიდან, არა უგვიანეს 5 სამუშაო დღეში მიმწოდებელი წარუდგენს შემსყიდველს სპეციალურ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურასა და მიღება-ჩაბარების აქტს.

A აპელანტის მითითებით, თუ ხელშეკრულების შესრულება ფერხდება, მხარემ წინასწარ წერილობითი ფორმით უნდა აცნობოს ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს აღნიშნულის შესახებ. მოსარჩელის მხრიდან დაირღვა ხელშეკრულება, არ იქნა იგი ჯეროვნად შესრულებული და აღნიშნულზე შპს “...” მიერ არ მომხდარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. მოსარჩელე ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამაბათილებელ გარემოებად მის მიერ სააგენტოს დირექტორის სახელზე გაგზავნილ 2009 წლის 27 მარტის წერილში მიუთითებს, რომ იგი 15 დეკემბერს გახდა ცუდად და მოათავსეს ზუგდიდის კლინიკა “...” რეანიმაციულ განყოფილებაში, რის გამოც შეფერხდა პირველი ეტაპის შესრულებული სამუშაოების წარდგენა, ხოლო 24 დეკემბერს იგი კლინიკიდან, როგორც თავად განმარტა, ესაუბრა სააგენტოს საფინანსო განყოფილების წარმომადგენელს. შპს კარდიოლოგიური კლინიკა “...” მიერ 2009 წლის 18 დეკემბრით დათარიღებული ამონაწერიდან (ავადმყოფის სტაციონარის ბარათიდან) ირკვევა, რომ მოსარჩელე ნ. ჯ-უა, 50 წლის, მცხოვრები ზუგდიდში, ... ¹82-ში, სტაციონარში მოთავსებულ იქნა 2008 წლის 17 დეკემბერს, დიაგნოზით მოციმციმე არითმიის პაროქსიზმი, ქრ. ბრონქიტი-გამწვავება და იგი სტაციონარიდან გაეწერა 2008 წლის 18 დეკემბერს, ანუ სტაციონარში მოთავსებიდან მეორე დღეს. ამდენად, მოსარჩელის მიერ იმის მტკიცება, რომ გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას, ასევე ზემოთ აღნიშნულ სააგენტოს დირექტორის სახელზე გაგზავნილ წერილში მითითებული გარემოება, რომ 24 დეკემბერს კლინიკიდან ესაუბრა სააგენტოს საფინანსო განყოფილების თანამშრომელს, აშკარად უსაფუძვლოა.

A აპელანტის მითითებით, აღნიშნული თანხის ორ ეტაპად ანაზღაურება გათვალისწინებული იყო იმ გარემოებებითაც, რომ პირველი ეტაპი უნდა დაფინანსებულიყო 2008 წლის ბიუჯეტის შესაბამისად და ვინაიდან მხარემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები, სააგენტო მოკლებული იყო შესაძლებლობას, 2008 წლის ბიუჯეტით დასაფინანსებელი თანხები დაეფინანსება 2009 წლის ბიუჯეტით, რაც გამოიწვევდა სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას და სწორედ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, აუცილებელ პირობად დადგინდა მიღება-ჩაბარების აქტის სააგენტოში წარდგენა თითოეული ეტაპის შესრულებიდან არა უგვიანეს 5 დღეში. შესაბამისად, 2008 წლის თანხები სააგენტოს არა აქვს ასახული 2009 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ თანხებში. ამდენად, სააგენტოს არ გააჩნია აღნიშნული თანხის ანაზღაურების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები.

რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ შპს “...” ვალდებული იყო შემსყიდველისათვის წარედგინა სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა და შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა 2), მოსარჩელემ აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენა უბრალო ფორმალობად მიიჩნია და არ მიაქცია ყურადღება, რომ სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა და მიღება-ჩაბარების აქტის 5 დღის ვადაში წარმოდგენა არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების ერთადერთი პირობა. ამასთან, რაიონულმა სასამართლომ არასწორად იმსჯელა ბაჟის დაკისრების ნაწილშიც სარჩელის საფუძვლიანობაზე /იხ. ს.ფ. 109-119/.

სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის შედეგად, 2008 წლის 8 დეკემბერს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოსა და შპს “...” შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ¹262 (ს.ფ. 15-26). 2008 წლის 8 დეკემბრის ხელშეკრულებით ირკვევა, რომ მიმწოდებელმა, შპს “...”, მიიღო შესყიდვებისაგან, სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოსაგან, სატენდერო წინადადება სამუშაოს შესრულებაზე – თანხით 3491 ლარი. მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შემსყიდველისათვის სამუშაოების შესრულების შესახებ, ხოლო შემსყიდველმა აიღო ვალდებულება _ მიმწოდებლისათვის შესრულებული სამუშაო აენაზღაურებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში. ხელშეკრულების საერთო პირობების შესაბამისად, შპს “...” სამუშაო – ფანჯრების გისოსებისა და შესასვლელი რკინის კარის დამზადება-დამონტაჟება უნდა ეწარმოებინა სატენდერო წინადადებაში ასახული გრაფიკის შესაბამისად, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, 2008 წლის 8 დეკემბრიდან 25 დღეში ორ ეტაპად. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 4.3 პუნქტით, სამუშაოს შესრულების ყოველი ეტაპის დამთავრებიდან არა უგვიანეს ხუთ სამუშაო დღეში, შპს “...” ვალდებული იყო შემსყიდველისათვის წარედგინა სპეციალური ანგარიშ-ფაქტურა და შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა 2). ხელშეკრულების საერთო პირობების 5.1. პუნქტით, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, თუ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 5.2 პუნქტით, შესყიდვის ობიექტის მიღებისა და საბოლოო შემოწმების ადგილი, პირობები, ეტაპები და წესი ასახული იყო ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში. ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია ოპერატიულად, წერილობითი სახით აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები დაწუნებული სამუშაოს მოცულობისა და წუნდების მიზეზების შესახებ. ხელშეკრულების 6.2 პუნქტით, მიმწოდებლის წერილობით მოთხოვნას ანგარიშსწორების თაობაზე უნდა დაერთოს ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული დოკუმენტაცია. 14.3 პუნქტით, შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. 14.4 პუნქტით, ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება. 2009 წლის 8 იანვარს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება ¹262/1 2008 წლის 8 დეკემბრის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. ხელშეკრულების მხარედ მიეთითა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. შპს “...” მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 3491 ლარს. აბაშის რაიონული ოფისის შენობაში რკინის გისოსებისა და კარის დამზადება-მონტაჟი შესრულდა 2008 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, თუმცა ანგარიშ-ფაქტურა და შესრულებული სამსახურის მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა 2) მიმწოდებელს შემსყიდველისათვის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ წარუდგენია. შპს “...” დირექტომა განმარტა, რომ საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა სააგენტოში 2009 წლის 4 იანვარს, ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მას არ გააჩნია. შპს “...” შესრულებული სამუშაოს ღირებულება სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებული არა აქვს. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიმართ სააგენტოს აქვს პრეტენზიები, რის გამოც მან არ მიიღო (არ ჩაიბარა) შესრულებული სამუშაო (იხ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი).

სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაასკვნა, რომ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების შესახებ დოკუმენტაციის ვადაში წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 65-ე1 მუხლის მე-2 ნაწილი და განმარტა, რომ დავის საგანს წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების – ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულება. ხელშეკრულების ერთი მხარე (მიმწოდებელი), რომელიც მიიჩნევს, რომ მან შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მეორე მხარისაგან (შემსყიდველისაგან) ითხოვს იმავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. მხარეთა უფლება-მოვალეობები გამომდინარეობდა ნასყიდობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობიდან. ნასყიდობის საგანს, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წარმოადგენდა კონკრეტული სახის სამუშაო, 3491 ლარად ღირებული.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მყიდველის მოვალეობა, მყიდველისათვის შეთანხმებული ფასის გადახდის თაობაზე, წარმოიშობა გამყიდველის მიერ თავისი ვალდებულების შესრულების შემდგომ. იგივე დანაწესს შეიცავს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 4.3. და 6.2 პუნქტები. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართელოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლით, იმ პირს, რომელსაც ვალლდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, ამასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. შესაბამისად, გამყიდველის მოვალება არ /შემოიფარგლება მხოლოდ მყიდველისათვის საქონლის (ამ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების) გადაცემით, კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს მყიდველისათვის გაყიდულ ქონებასთან (შესრულებულ სამუშაოსთან) დაკავშირებით ყველა საჭირო დოკუმენტის წარდგენას. აღნიშნულის თაობაზე მითითებულია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2008 წლის 8 დეკემბრის ¹262 ხელშეკრულებაშიც.

“სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” 2005 წლის 20 აპრილის საქართველოს კანონის 7.2 მუხლის “დ” ქვეპუნქტით, შემსყიდველი ვალდებულია საქონლის მიწოდების, სამუშაო შესრულებისა და მომსახურების გაწევისთანავე აუნაზღაუროს მიმწოდებლებს საქონლის, სამუშაოსა და მომსახურების ღირებულება. ღირებულების ანაზღაურების სავალდებულო პირობად მითითებულია მიღება-ჩაბარების აქტისა და ანგარიშ-ფაქტურის წარდგენა განსაზღვრულ ვადაში. საქმის მასალებით არ დასტურდება მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც გამორიცხავს შემსყიდველის ვალდებულებას საპასუხო შესრულებაზე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების 14.4 პუნქტით შემსყიდველი მხოლოდ მაშინ არის ვალდებული, აანაზღაუროს ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება, თუ თვით შემსყიდველმა მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, იმის გამო, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ უზრუნველყოფდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, რის გამოც სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას /იხ. ს.ფ. 148-154/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. 161-169/.

კასაციის მოტივი:

სააგენტომ მხარეთა შორის დადებული ¹262 ხელშეკრულება (რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, არსებით პირობებს ითვალისწინებდა, ხოლო 317-ე მუხლის თანახმად, გარკვეულ ვალდებულებებს წარმოშობდა) უსაფუძვლოდ, ცალმხრივად გააუქმა სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის მოთხოვნათა იგნორირებით, ანუ მხარე გავიდა ხელშეკრულებიდან ისე, რომ მოსარჩელისათვის არ შეუტყობინებია. 2009 წლის 4 იანვარს სააგენტოს საფინანასო განყოფილებაში მოსარჩელემ სრულად შესრულებულ სამუშაოებზე წარადგინა ფორმა @¹2 და ამ სამუშაოებზე იანვარში გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც სააგენტოს აღნიშნულმა განყოფილებამ არ მიიღო. სააგენტოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნის (შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება, ამ სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება) უგულებელყოფამ ფინანსური პრობლემები შეუქმნა შპს ,,...”, მოსარჩელემ მუშებსა და ადმინისტრაციულ პერსონალზე ვერ გასცა შესრულებული სამუშაოებისათვის ხელფასი, რამაც გამოიწვია გაუთვალისწინებელი ხარჯები. მხარეთა შორის დადებული ¹262 ხელშეკრულების 14,4 პუნქტით შემსყიდველი (სოციალური მომსახურების სააგენტო) ვალდებული იყო ყველა შემთხვევაში მიმწოდებლისათვის (შპს ,,...”) აენაზღაურებინა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რასაც დღემდე თავს არიდებს მოპასუხე მხარე, თუმცა შესრულებული სამუშაოთი სარგებლობს 2009 წლის დეკემბრიდან.

აღსანიშნავია, რომ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებისა და ღირებულების ანაზღაურების უარის მოტივად არ დასახელებულა შესრულებული სამუშაოების უხარისხობა, სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში შესრულებული სამუშაოების ცალკეული ეტაპები კონკრეტულად დადგენილი თარიღებით არ იყო განსაზღვრული და მთლიანი სამუშაოები კასატორის მიერ შესრულებული იყო ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ ვადაზე ადრე.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორი შეფასება მისცა ხელშეკრულების 14.3 და 14.4 პუნქტებს, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულებიდან მისი გასვლის შემთხვევაში მიმწოდებლისათვის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე. არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ სააგენტო ისე გავიდა ხელშეკრულებიდან, რომ შპს “...” ამის შესახებ არ უცნობებია, რაც სავალდებულო იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განჩინებით შპს “...” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/.

მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს “...” დირექტორის – ნ. ჯ-უას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეგზავნოს უფლებამოსილ _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა მათ, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნები, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

საქმის მასალების მიხედვით, მხარეთა შორის 2008 წლის 8 დეკემბრის ¹262 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილების ოფისში სარემონტო სამუშაოების განხორციელება, მოსარჩელე შპს “...” მიერ შესრულდა 2008 წლის დეკემბრის ბოლოსათვის, მაგრამ მიმწოდებელმა დროულად ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურისა და მიღება-ჩაბარების აქტის წარდგენა. მითითებულ გარემოებას ადასტურებენ მხარეები და აღნიშნულის შესახებ საკასაციო პრეტენზია წარმოდგენილი არ ყოფილა.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების ვადაში წარუდგენლობა გახდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სოციალური მომსახურების უფროსის ა. უ-ძის 2009 წლის 15 ივნისის ¹01/05-13003 მიმართვით (იხ. ს.ფ. 39). აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ შემსყიდველს აქვს პრეტენზიები შესრულებული სამუშაოს ხარისხის მიმართ, რის გამოც ამ უკანასკნელმა არ მიიღო შესრულებული სამუშაო. სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ემყარება მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო ზეპირი ხასიათის მტკიცებულებას, რაც არ ემყარება საქმეში არსებული მასალების სრულყოფილ გამოკვლევას და ეწინააღმდეგება მათ, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილ მიმართვებში სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ დაფიქსირებულია, რომ ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა შესაბამისი დოკუმენტების ვადაში წარუდგენლობა. სოციალური მომსახურების სააგენტოს იმავე წარმომადგენელი, რომელიც წარმოადგენდა სააგენტოს სააპელაციო სასამართლოში, აბაშის რაიონული სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე სააგენტოს პრეტენზია არა აქვს, სამუშაო მიმწოდებლის მიერ შესრულდა ვადაში და იმ ღირებულებით, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. სადავო იყო მხოლოდ ის გარემოება, რომ სათანადო დოკუმენტაცია მიმწოდებელს არ წარუდგენია ვადაში, რის გამოც სააგენტო ვერ აანაზღაურებდა თანხას (იხ. ს.ფ. 79-82).

სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 744.1 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს ნასყიდობის ხელშეკრულების არსს და ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს არა ნასყიდობის, არამედ ნარდობის ხელშეკრულებას, რომელიც წარმოადგენს განსაზღვრული საზღაურის გადახდის პირობით გარკვეული სამუშაოს შესრულების შესახებ გარიგებას. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის გამოყენების საფუძველს არც სამოქალაქო კოდექსის 629.2 მუხლის დანაწესი იძლევა, რომელიც ნასყიდობის წესების გამოყენებას ითვალისწინებს მხოლოდ გვაროვნული ნივთის დამზადების პირობებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 477.1 მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. გარდა აღნიშნულისა, მითითებული ნორმა მისი გამოყენების პირობებშიც, ვერ გახდება შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი მხოლოდ საბუთების წარუდგენლობის მოტივით, რადგან სამოქალაქო კოდექსის 477.1 მუხლი ადგენს გამყიდველის მოვალეობას ქონებასთან დაკავშირებული საბუთების გადაცემაზე, რასაც კანონმდებლობა უკავშირებს საპასუხო შესრულებას, მაგრამ ქონებასთან დაკავშირებულ საბუთებად მოიაზრება ის დოკუმენტები, რომლებიც უშუალოდაა დაკავშირებული ქონებასთან იმგვარად, რომ მათ გარეშე შეუძლებელი ხდება ქონების გამოყენება ან განკარგვა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ სახის დოკუმენტებად ვერ იქნება განხილული მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და მიღება-ჩაბარების აქტი.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ იყო სამოქალაქო კოდექსის 477.1 მუხლის გამოყენების წინაპირობა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის შესაბამისად, ნარდობის ხელშეკრულებით, მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა ნარდობის ხელშეკრულების შესრულებას უკავშირებს მენარდის მიერ შემკვეთისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებას, მენარდის შრომის შედეგს, რასაც უნდა მოჰყვეს შემკვეთის მხრიდან საპასუხო შესრულება – შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დოკუმენტების წარდგენა შესრულებული სამუშაოს მიღების და არა მისი ღირებულების ანაზღაურების პირობად განიხილება. მით უფრო, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალების თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ფაქტობრივად მიღებული აქვს შესრულებული სამუშაო, მეტიც, სარგებლობს მიწოდებული პროდუქციით.

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების მე-13 პუნქტი განსაზღვრავს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შედეგებს, კერძოდ, მითითებული პუნქტის თანახმად, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები, რაც განსახილველ შემთხვევაში სადავო არ არის, ხოლო შესრულებული სამუშაოს საფასურის, ანუ პირველადი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის სამართლებრივი წინაპირობა ვერ გახდება ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წარუდგენლობა, როგორც სრულიად შეუსაბამო ვალდებულების ჯეროვანი შესრულების არსთან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში საქმე განხილულია განსჯადობის წესების დარღვევით ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რამდენადაც შპს “...” დირექტორის – ნ. ჯ-უას სარჩელი – სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოსთან დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების შესახებ წარმოადგენს სამოქალაქო და არა ადმინისტრაციულ სარჩელს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1 მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლო ადმინისტრაციული სამართალწარმოებით განიხილავს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს, ხოლო მოცემულ საქმეში სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კანონმდებლობიდან, რის გამოც იგი განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება სამართლებრივი ბუნებით წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას, ანუ განსაზღვრული საზღაურის გადახდის პირობით გარკვეული სამუშაოს შესრულების შესახებ ორმხრივ გარიგებას, რამდენადაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მიმწოდებელმა _ შპს “..” იკისრა ვალდებულება სააგენტოს აბაშის რაიონული განყოფილების ოფისში სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე, ხოლო თავის მხრივ შემსყიდველს _ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უნდა აენაზღაურებინა მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების ფასი. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება განხილულ უნდა იქნეს არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის “ზ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ, არამედ სამოქალაქო ხელშეკრულებად, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა დავის საგნის საფუძველს – სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას, რამდენადაც სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება იმგვარი ხელშეკრულებაა, როცა სახეზეა სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დამახასიათებელი ორი აუცილებელი ელემენტი _ მხარეთა თანასწორობა და ნების ავტონომია. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობები ზემოაღნიშნულისაგან განსხვავებით ხასიათდება მხარეთა უთანასწორობით, ვინაიდან ისინი ერთმანეთთან ურთიერთდაქვემდებარებულ ურთიერთობაში არიან. მხარეთა უთანასწორობა აუცილებელი წინაპირობაა, რომ სამართალურთიერთობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ხასიათს ატარებდეს, ვინაიდან სახეზე ვერ იქნება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა სუბორდინაციულობის გარეშე.

2005 წლის 24 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განისაზღვრა ტერმინის – ადმინისტრაციული ხელშეკრულების დეფინიცია, რითაც გაიმიჯნა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულებები ადმინისტრაციულ და კერძოსამართლებრივ ხელშეკრულებებად. აღნიშნულის გამო, ადმინისტრაციული კანონმდებლობა ჰარმონიზირებული გახდა სამოქალაქო კანონმდებლობასთან, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის მე-4 ნაწილით იმპერატიულად განსაზღვრულ დანაწესთან, რომ, “სახელმწიფო სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობს, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი”, რაც ნიშნავს, რომ კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ნებისმიერი სუბიექტი, თვით სახელმწიფოც, ექცევა სამოქალაქო კანონმდებლობით განსაზღვრული პრინციპებისა და წესების ფარგლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, უგულებელყოფილ იქნება სამოქალაქო სამართლის ფუნდამენტური პრინციპი, როგორც პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ქონებრივი, საოჯახო და პირადი ურთიერთობების მომწესრიგებელი სამართლისა.

კონკრეტულ შემთხვევაში, სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტო შპს “...” ხელშეკრულების დადებისას მოქმედებს, როგორც კერძო, და არა როგორც საჯარო სამართლის სუბიექტი, ვინაიდან იგი არ ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვას მისი ორგანული ფუნქციის სფეროში. მოცემული შესყიდვა განეკუთვნება ე.წ. დამხმარე ფუნქციათა ჯგუფს _ ოფისის რემონტი, რაც სამოქალაქო ხელშეკრულებათა ჯგუფს განეკუთვნება, ვინაიდან ამ შესყიდვას კონკრეტული საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზანი, როგორც აუცილებელი ელემენტი, არ გააჩნია.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებულია სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება, რომლის შესრულების შედეგად საპასუხო ვალდებულების – მიღებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე უარის კანონიერება უნდა შემოწმდეს სამოქალაქო და არა ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს _ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში /26-ე მუხლი/, კერძოდ, დავის განხილვისა და გადაწყვეტის აუცილებლობაში უფლებამოსილი სასამართლოს მიერ.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სარჩელის განსჯად სასამართლოში წარდგენის ვალდებულებას იმპერატიული შინაარსის ნორმაა, ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და მათი გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს, რომ იმ მომენტიდან, როცა სასამართლო არაგანსჯადი ხდება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს საქმე გადაუგზავნოს განსჯად სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე იქნება არაუფლებამოსილი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა, რაც იწვევს საპროცესო ნორმების იმგვარ დარღვევას, რომელიც სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური პროცესუალური საფუძველი ხდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394 “ა” მუხლის თანახმად. ადმინისტრაციული სასამართლო, განსხვავებით სამოქალაქო სასამართლოსაგან საქმის განსჯადობას ამოწმებს მოპასუხის მოთხოვნის გარეშეც, თავისი ინიციატივით, რამდენადაც როგორც აღინიშნა, სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში ვალდებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად შეამოწმოს განიხილა თუ არა საქმე უფლებამოსილმა სასამართლომ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, რის გამოც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.1 მუხლის მიხედვით საქმე განსახილველად უნდა გადაეგზავნოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე 399-ე, 408.3, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “...” დირექტორის – ნ. ჯ-უას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად გადაეგზავნოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას; სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.