Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-2-1(კ-10) 15 იანვარი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

განიხილა თ. შ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.09წ. განჩინებაზე.

სასამართლომ გამოარკვია:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.09წ. განჩინებით თ. შ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 01.06.09წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. შ-ძემ.

საკასაციო სასამართლო გაეცნო თ. შ-ძის საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.09წ. განჩინება კასატორ _ თ. შ-ძეს 11.11.09წ. ჩაჰბარდა (ს.ფ. 199), ხოლო საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას 14.12.09წ. წარუდგინა (ს.ფ. 203), რითაც გადააცილა საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილ ვადას და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული 1 _ თვიანი ვადის დარღვევით შეიტანა საკასაციო საჩივარი, რადგან საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, მას 11.12.09წ. ოცდაოთხ საათზე ამოეწურა. საკსაციო პლატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითბას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.11.09წ. განჩინება მას 12.11.09წ. ჩაჰბარდა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულ მხარეს ეკისრება ვალდებულება დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში კი კასატორს არ წარმოუდგენია ს.ფ. 199-ზე განთავსებული შპს “...”-ს გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის საწინაარმდეგო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 05.11.09წ. განჩინების მისთვის არა 11.11.09წ., არამედ 12.11.09წ. ჩაბარების ფაქტს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თ. შ-ძემ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც თ. შ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. შ-ძის საკსაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.