Facebook Twitter

ბს-213-210(კ-11) 2 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. ვ-იანის და ს. ბ-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 6 მაისს ს. ვ-იანმა, ვ. ვ-იანმა, ვ. გ-იანმა, რ. ნ-იანმა, ვ. ა-იანმა, ს. ბ-იანმა, ლ. თ-იანმა და ა. რ-იანმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - ა. ხ-იანისა და მ. ა-იანის მიმართ.

მოსარჩელეებმა ახალქალაქის რაიონის გამგეობის 2002 წლის 20 დეკემბერს მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ მიღებული ¹9/65 დადგენილების ბათილად ცნობა და ახალქალაქში, ... ქ. ¹53-ში ჩატარებული აუქციონის არშემდგარად გამოცხადება მოითხოვეს.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 13 თებერვლის განჩინებით არასათანადო მოპასუხე შეიცვალა სათანადო მოპასუხით ახალქალაქის რაიონის გამგეობის და მიწის მართვის სამმართველოთი; ა. ხ-იანის და მ. ა-იანი საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის საფუძველზე.

ახალქალაქის რაიონული საასმართლოს 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით ს. ვ-იანის, ვ. ვ-იანის, ვ. გ-იანის, რ. ნ-იანის, ვ. ა-იანის, ს. ბ-იანის, ლ. თ-იანისა და ა. რ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ახალქალაქის რაიონული საასმართლოს 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. ვ-იანმა, ა. რ-იანმა, ვ. ვ-იანმა, ა. ვ-იანმა, ვ. გ-იანმა, რ. ნ-იანმა, ვ. ა-იანმა, ს. ბ-იანმა, ლ. თ-იანმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 17 მაისის განჩინებით ახალქალაქის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ახალქალაქის მუნიციპალიტეტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინებით ს. ვ-იანის, ა. რ-იანის, ვ. ვ-იანის, ა. ვ-იანის, ვ. გ-იანის, რ. ნ-იანის, ვ. ა-იანის, ს. ბ-იანის, ლ. თ-იანის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს. ვ-იანის და ს. ბ-იანის წარმომადგენელმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ს. ვ-იანის და ს. ბ-იანის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 ივნისის განჩინება ს. ვ-იანის და ს. ბ-იანის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში; ს. ვ-იანის და ს. ბ-იანის სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 იანვრის განჩინებით ს. ვ-იანის და ს. ბ-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილება ს. ვ-იანის და ს. ბ-იანის სარჩელის არ დაკმაყოფილების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ვ-იანმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინებით ს. ვ-იანის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება, დაუშვებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს. ვ-იანმა და სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის იმავე ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 17 ივნისის განჩინებით ს. ვ-იანის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 მარტის განჩინება და საქმე ს. ვ-იანის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს. ვ-იანმა და ს. ბ-იანმა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საკასაციო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 24 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ვ-იანის და ს. ბ-იანის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ვ-იანის და ს. ბ-იანის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს. ვ-იანის და ს. ბ-იანის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ს. ბ-იანს ს. ვ-იანის და ს. ბ-იანის საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს ს. ვ-იანის და ს. ბ-იანის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ვ-იანის და ს. ბ-იანის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 მაისის განჩინება;

3. ს. ბ-იანს დაუბრუნდეს ს. ვ-იანის და ს. ბ-იანის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.