Facebook Twitter

ბს-214-206(კ-10) 7 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სსხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ი. კ-ძემ 31.07.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქ. ჯ-ძის, მ. მ-ძის, ხ. ა-ძისა და მ. გ-ძის მიმართ. მოსარჩელემ საბოლოოდ შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 20.07.07წ. ¹1-89 ბრძანების ქ. ჯ-ძისა და მ. მ-ძის თანამდებობებზე დანიშვნის ნაწილში ბათილად ცნობა, მისი 16.07.07წ. საჩივრის შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის განხილვის დავალება, ქ. ჯ-ძეზე, მ. მ-ძეზე, ხ. ა-ძესა და მ. გ-ძეზე მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება და ასოცირებული პროფესორისათვის კუთვნილი ხელფასის კონკურსის შედეგების ძალაში შესვლის დღიდან ანაზღაურება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 05.08.09წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 20.07.07წ. ¹1-89 ბრძანების ბათილად ცნობისა და მოსარჩელის საჩივრის განხილვის დავალების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო, ი. კ-ძეს უარი ეთქვა მოპასუხეებისთვის – ქ. ჯ-ძისთვის, მ. მ-ძისთვის, ხ. ა-ძისა და მ. გ-ძისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებასა და კონკურსის ძალაში შესვლის დღიდან ასოცირებული პროფესორის კუთვნილი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.09წ. განჩინებით ი. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 05.08.09წ. გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.11.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. კ-ძემ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ი. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. კ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.