Facebook Twitter
ბს-217-214(კ-11) 29 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

გ. პ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ერთდროული ფულადი დახმარების – 824 ლარისა და მასზე რიცხული ბოლო ერთი თვის (ოქტომბრის) ხელზე გასაცემი ხელფასის - 267 ლარის ანაზღაურება (იხ. ტ.1; ს.ფ. 1-11).
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შესაგებლით სასარჩელო განცხადება არ ცნო და მიუთითა, რომ მოცემულ დავაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სათანადო მოპასუხით შეცვლა (იხ. ტ.1; ს.ფ. 26-33).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (ტ.1; ს.ფ. 38-39).
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა შესაგებლით მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სათანადო მოპასუხით შეცვლა (იხ. ტ.1; ს.ფ. 50-53).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (იხ. ტ.1; ს.ფ. 57-60).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 იანვრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა არასათანადო მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა და სათანადო მოპასუხედ საქმეში ცნობილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური (იხ. ტ.1; 72-74).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 იანვრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და შემოსავლების სამსახურმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (იხ. ტ.1; ს.ფ. 82-84; 85-86).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (ამჟამდ სსიპ შემოსავლების სამსახურის) კერძო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ტ.2; ს.ფ. 102-109).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 ივლისის საოქმო განჩინებით გ. პ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სსიპ შემოსავლების სამსახური ამორიცხულ იქნა მოპასუხეთა სიიდან (იხ. ტ.1; ს.ფ. 117-118).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. პ-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გ. პ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 2003 წლის ოქტომბრის თვის ხელზე გასაცემი სახელფასო (გარდა კვების კომპენსაციის, ანუ ულუფის) დავალიანების – 152,88 ლარის ანაზღაურება, ხოლო სარჩელს მოპასუხისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის 2003 წლის ოქტომბრის თვის კვების კომპენსაციის – 114,14 ლარისა და 2003 წლის ერთდროული გასასვლელი დახმარების – 824,00 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი (იხ. ტ.1; ს.ფ. 131-140).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.1; ს.ფ. 144-153).
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე გ. პ-შვილმა და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკამყოფილება (იხ. ტ.1; ს.ფ. 156-164).
გ. პ-შვილმა შესაგებლით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ ცნო (იხ. ტ.2; ს.ფ. 8-14).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და გ. პ-შვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება (იხ. ტ.2; ს.ფ. 23-28).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.2; ს.ფ. 37-45).
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ტ.2 ს.ფ. 50-51).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.