ბს-226-217(კ-10) 21 სექტემბერი, 2010 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე –შპს “...”
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 6 თებერვალს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე - შპს “...” მიმართ ხელშეკრულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწლობრივ; შპს “...” საქართველოს ფინანსთა სამინსტროს სასარგებლოდ დაეკისრა 757,5 ევროს ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს “...”-ს შორის 2008 წლის 20 მაისს დადებული ¹332-88 ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რომლის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესრულების თაობაზე წარმოქმნილი ადმინისტრაციული დავისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით, რომლის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ¹332-88 ხელშეკრულების მხარეები ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმდნენ წერილობითი ფორმით, კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე, მიმწოდებელი (შპს “...”) იღებს ვალდებულებას მიაწოდოს შემსყიდველს (საქართველოს ფინანსთა სამინისტრო) პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, ხოლო შემსიდველი – აუნაზღაუროს მიმწოდებელს ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის ღირებულება. ტექნიკის რაოდენობა, ერთეულის ფასი და მიწოდების ადგილი განისაზღვრა ხელშეკრულების ¹1 დანართით. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება ხელშეკრულების კანონიერ ძალაში შესვლიდან 40 (ორმოცი) დღის განმავლობაში.
Pპირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არ შესრულებულა 2008 წლის 20 მაისის ¹332-08 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება ხელშეკრულების კანონიერ ძალაში შესვლიდან 40 (ორმოცი) დღის ვადაში, ვინაიდან შპს “...” საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი სრულად უნდა მიეწოდებინა 2008 წლის 29 ივნისისთვის, რადგან ხელშეკრულების 15.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისა და რეგისტრაციის დღიდან, საქმის მასალებით, კერძოდ, შპს “...” დირექტორსა და შემოსავლების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსს შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით კი დგინდება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნაწილის, კერძოდ, 3 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის მიწოდება განხორციელდა 2008 წლის 14 ივლისს. პირველი ინსტანციის მოსაზრებით, მართალია, შემოსავლების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი წარმოადგენდა არაუფლებამოსილ პირს, მაგრამ იმავე საქონელზე, მოგვიანებით - 2008 წლის 30 ოქტომბერს გაფორმდა ¹1493 მიღება-ჩაბარების აქტი, სასამართლოს აზრით, საქონლის ნაწილის მიწოდების თარიღად მიჩნეულ უნდა იქნეს 2008 წლის 14 ივლისი, როდესაც მოხდა საქონლის გადაცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისთვის – შემოსავლების სამსახურისთვის.
სასამართლომ საფუძვლიანად ჩათვალა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთავის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ამასთან, არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლზე და ასევე ხელშეკრულების მე-16 მუხლზე. სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “...” ¹332-88 ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი უნდა შემოეტანა თურქეთიდან, რის თაობაზეც შპს “...” და თურქულ კომპანიას (მექანიკური და ქიმიური ინდუსტრიული კორპორაცია) შორის 2008 წლის 11 მარტს დადებულ იქნა ხელშეკრულება 20 ერთეული MP5-K, 20 ერთეული MP5-A3 და 20 ერთეული MP5-A6 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის მიწოდების შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ ხელშეკრულების თანახმად, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო გამყიდველის მიერ საექსპერტო ლიცენზიის აღების შემდეგ, ხოლო საქმეში წარმოდგენილი თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 2008 წლის 8 ივნისის წერილით კომპანიას უარი ეთქვა ექსპორტის ნებართვის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, დროებით შეჩერებულია იარაღის გაგზავნა საქართველოში.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლომ განმარტა, რომ შპს “...” ვალდებულების შესრულების დაბრკოლების მიზეზი გახდა უცხო სახელმწიფოს აკრძალავა საქართველოში იარაღის ექსპორტზე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გამო. ვალდებულების შესრულება კიდევ უფრო გაძნელდა და პრაქტიკურალ შეუძლებელი გახდა საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს ¹402 ბრძანებულებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება 2008 წლის 15 ივლისის შემდეგ შპს “...” მიერ ვერ მოხერხდა ფორს-მაჟორული მდგომარეობის გამო, რაც გამოწვეული იყო საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებითა და ქვეყანაში გამოცხადებული საომარი მდგომარეობით.
სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს “...” პირგადსამტეხლო უნდა დაეკისროს საქონლის მიწოდების ვადების გადაცდენისთვის 14 დღეზე 2008 წლის 14 ივლისის მდგომარეობით, ხოლო 2008 წლის 15 ივლისის შემდგომ პერიოდზე, ხელშეკრულების 16.1 პუქნტის გათვალისწინებით, საწარმო უნდა გათავისუფლდეს საჯარიმო სანქციებისგან.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 ივნისის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება.
მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას. Kკასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უტყუარად დაადასტურა აღნიშნული მიწოდების ხელშეკრულებაში მითითებული პირობების დაცვით განხორციელება არა 2008 წლის 14 ივლისს, არამედ 2008 წლის 30 ოქტომბერს, როცა მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი მოაწერა ხელშეკრულებაში მითითებულმა უფლებამოსილმა პირმა_საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მატერიალუ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა ნ. გ-ძემ. Kკასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულებაში კონკრეტულად არის განსაზღვრული თუ როგორ უნდა განხორციელდეს საქონლის მიწოდება და მისი აზრით, შპს “...” მიერ 2008 წლის 14 ივლისს შემოსავლების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსთან გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი არ უნდა ჩაითვალოს საქონლის მიწოდების დამადასტურებელ დოკუმენტად. კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ შპს “...” მიერ 2008 წლის 15 ივლისის შემდეგ ხელშეკრულების შესრულება ვერ მოხერხდა ფორს-მაჟორული მდგომარეობის გამო, რაც გამოწვეულია საქართველოში შექმნილი პოლიტიკურ ვითარებათა და ქვეყანაში გამოცხადებული საომარი მდგომარეობით. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ 2008 წლის 7 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს “...” შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად ფორს-მაჟორულ მდგომარეობად ჩაითვალა 9 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე პერიოდი. აღნიშნულ შეთანხმებას საფუძვლად დაედო საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს ¹402 ბრძანებულება და 2008 წლის 20 მაისის ¹322-88 ხელშეკრულების 16.1 პუნქტი. შესაბამისად, შეთანხმებაში, რომელსაც ორივე მხარის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი, შპს “...” გამოხატა ნება, რომ ფორს-მაჟორულ პერიოდად ჩათვლილიყო 9 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე პერიოდი, რის შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, მხარეს შეთანხმების პირობებზე დათანხმების ნაცვლად, შეეძლო შეეწყვიტა ხელშეკრულება და იქვე გაეხადა სადავოდ ფორს-მაჟორული მდგომარეობის პერიოდი. ამასთან, Kკასატორი აღნიშნავს, რომ შპს “...” არცერთ წერილში არ უთხოვია საქართველოს ფინანსთა სამინისთვის ხელშეკრულების შეწყვეტა მისი შესრულების შეუძლებლობის გამო. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო შპს “...” შეთანხმდა მხოლოდ შეთანხმებაში მითითებული ვადის ფორს-მაჟორულ პერიდად ჩათვლაზე და შესაბამისად ამ პერიოდზე პარგასამტეხლო არც მოუთხოვია სასარჩელო განცხადებაში. კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 2008 წლის 8 ივნისის წერილს, ვინაიდან აღნიშნული წერილის საფუძველზე ჩნდება საფუძვლიანი ვარაუდი, რომ შპს “...” ხელშეკრულების გაფორმების მომენტში უკვე ცნობილი იყო, რომ იგი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას ვერ შეძლებდა. კასატორის მოსაზრებით, რადგან შპს “...” შეძლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის 3 ცალი პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის მიწოდება, მას ჰქონდა ალტერნატიული საშუალება, სრულად განეხორციელებინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის საქონლის მიწოდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა- განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების თაობაზე და თვლის, რომ სასამართლოს მხრიდან დავის გაწყვეტისას ადგილი არა აქვს საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების დარღვევას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
აღნიშნული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმების გამოყენებას და ამავე კოდექსის 327-ე მუხლის დებულებებიდან გამომდინარე თვლის, რომ წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
2008 წლის 20 მაისს ერთის მხრივ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და მეორეს მხრივ შპს “...” შორის დაიდო ¹332-88 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 40 დღის განმავლობაში შპს “...” საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის უნდა მიეწოდებინა 20 ერთეული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი, მათ შორის HK Mპ5A3 – 12 ერთეული, HK Mპ5K K – 3 ერთეული, H HKმპ5A6 – 5 ერთეული, საერთო ღირებულებით სულ 50 500 ევრო. ამავე ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელთა შემადგენლობიდან ხელშეკრულებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით, შეიქმნა სპეციალური ინსპექტირების ჯგუფი, რომელსაც დაევალა მიწოდებული ან/და მისაწოდებელი საქონლის ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლის განხორციელება. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, საქონლის შუალედური და საბოლოო ჩაბარება წარმოებდა მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდებოდა წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელის მოწერით, ინსპექტირების ჯგუფის დადებითი დასკვნის საფუძველზე. მოცემული ხელშეკრულებით, საქონლის მიღება-ჩაბარება უნდა ეწარმოებინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსს ნიკოლოზ გორდელაძეს.
2008 წლის 14 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტით ფინანსთა სამინისტროს გადაეცა შემდეგი დასახელების მატერიალური ფასეულობა: 1. 9 მმ Hეცკლერ & Kოცჰ-ის M5-A3 თO624-07 ¹ ჩ 0060818 სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი – 1 ცალი ღირებულებით 2500 ევრო; 2. 9 მმ Hეცკლერ & Kოცჰ-ისP5-A3 თO624-07 ¹ ჩ 0060819 სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი – 1 ცალი ღირებულებით 2500 ევრო; 3. 9 მმ Hეცკლერ & Kოცჰ-ის 5K თO624-05 ¹ D 0004494 სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი – 1 ცალი ღირებულებით 2500 ევრო; 4. 9 მმ Hეცკლერ & Kოცჰ-ისP5 სისტემის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის 30 ვაზნიანი მჭიდი – 6 ცალი.
საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მითითებული მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენს საქონლის მიწოდების დამადასტურებელ დოკუმენტს იმ მოტივით, რომ მას ხელს აწერს არაუფლებამოსილი პირი_შემოსავლების სამსახურის სპეციალური დანიშნულების რაზმის უფროსი-ე. კ-ძე. ტ.I, სფ.16-ზე წარმოდგენილი 2008 წლის 30 ოქტომბრის ¹1493 მიღება-ჩაბარების აქტით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ნ. გ-ძე ადასტურებს, რომ 2008 წლის 20 მაისის ხელშეკრულების შესაბამისად მიმწოდებელმა ჩააბარა, ხოლო შემსყიდველმა მიიღო 13548.75 ლარის ღირებულების 2008 წლის 14 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული საქონელი. საგულისხმოა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხელშეკრულებით დადგენილი მიწოდების ვადის გადაცილებისათვის შესრულების მიღებაზე უარის თქმის ან ნივთის ნაკლის თაობაზე შპს “...” მიმართ რაიმე პრეტენზიის არსებობა. საქმეში დაცულია ინსპექტირების ჯგუფის ¹1036 დასკვნა, რომლის თანახმად ზემოთ აღნიშნული პროდუქცია შეესაბამება ხელშეკრულებაში გათვალისწინებულ საქონელს. იმ პირობებში, როდესაც მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მოიცავს მხარეთა ორმხრივ ვალდებულებას, ხოლო საქონლის მიწოდებულად ჩათვლა დამოკიდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან, უფლებამოსილი პირის მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დაყოვნება ვერ წარმოშობს მიმწოდებლის პასუხისმგებლობას საქონლის მიწოდების ვადის გადაცილებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 983-ე მუხლის თანახმად, არაუფლებამოსილი პირის ვალდებულებას წარმოადგენს უფლებამოსილი პირისათვის განკუთვნილი შესრულების მიღების დაბრუნება უფლებამოსილი პირისათვის, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია საქმის მასალებით.
A ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქონლის ნაწილის მიწოდების თარიღად 2008 წლის 14 ივლისის მიჩნევას, როდესაც მოხდა საქონლის გადაცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შემოსავლების სამსახურისათვის.
საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ შპს “...” 2008 წლის 15 ივლისის შემდგომ პერიოდზე ხელშეკრულების მე-16 პუნქტის გათვალისწინებით განთავისუფლებულ უნდა იქნეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან.
ხელშეკრულების 10.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდების ვადების გადაცდენის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო სრულად მიუწოდებელი საქონლის 0,1%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 16.1 პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული მდგომარეობით.
მართალია, საქმის მასალებში წარმოდგენილი 2008 წლის 7 ოქტომბრის 332-99/1 შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 9 აგვისტოს ¹402 ბრძანებულებიდან გამომდინარე, 2008 წლის 20 მაისის ¹322-88 ხელშეკრულების 16.1 პუნქტის მიხედვით, საქართველოში 2008 წლის 9 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული პერიოდი ჩაითვალა ფორს-მაჟორულ მდგომარეობად, მაგრამ აქვე საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს ხელშეკრულების 16.2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისთვის “ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისთვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი შემსყიდველის ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან, და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. მითითებული პუნქტის საფუძველზე ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნეს არა მარტო ომით, ასევე სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვ. იმის გათვალისწინებით, რომ კასატორის მხრიდან, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში, წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლო უდავოდ დადასტურებულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შპს “...” ¹332-88 ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი უნდა შემოეტანა თურქეთიდან, რის თაობაზეც შპს “...” და თურქულ კომპანიას (მექანიკური და ქიმიური ინდუსტრიული კორპორაცია) შორის 2008 წლის 11 მარტს დადებულ იქნა ხელშეკრულება 20 ერთეული MP5-K, 20 ერთეული MP5-A3 და 20 ერთეული MP5-A6 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის მიწოდების შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო გამყიდველის მიერ საექსპერტო ლიცენზიის აღების შემდეგ. საქმეში წარმოდგენილი თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს 2008 წლის 8 ივნისის წერილით დგინდება, რომ კომპანიამ (მექანიკური და ქიმიური ინდუსტრიული კორპორაცია) 2008 წლის 12 მაისის ¹BO42MKE 760002.08 940.GE/2145 წერილით მიმართა თურქეთის თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა 20 ერთეული MP5-K, 20 ერთეული MP5-A3 და 20 ერთეული MP5-A6 პისტოლეტ-ტყვიამფრქვევის ექსპორტის ნებართვა შპს “...”. კომპანია MKEK-ს უარი ეთქვა ექსპორტის ნებართვის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, დროებით შეჩერებულია იარაღის გაგზავნა საქართველოში. საქმის მასალებში წარმოდგენილი თურქულ კომპანიის MKEK-ს (მექანიკური და ქიმიური ინდუსტრიული კორპორაცია) 2008 წლის 24 დეკემბრის წერილებით შპს “...” მიმართ დასტურდება, რომ თურქეთის ოფიციალური ორგანოები გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებების გამო უარს ამბობენ საქართველოში იარაღის ექსპორტის ნებართვის გაცემაზე (ტ1., სფ. 41-46). საკასაციო სასამართლო საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ შპს “...” არცერთ წერილში არ უთხოვია საქართველოს ფინანსთა სამინისტოსთვის ხელშეკრულების შეწყვეტა მისი შესრულების შეუძლებლობის გამო, ვინაიდან შპს “...” მიერ ოფიციალური სახელმწიფო ორგანოების მიმართ გაგზავნილი წერილებით დადასტურებულია მისი ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა მითითებული მოტივით (ტ.1, სფ. 48-49).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლის თანახმად, მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდანაც სხვა რამ არ გამომდინარეობს. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოში საქონლის მიწოდებაზე დაწესებულია ემბარგო.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმა საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაცია, რომელიც გაზიარებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ და თვლის, რომ შპს “...” პასუხისმგებლობის გამომრიცხავი ნორმები კასატორს ართმევს შესაძლებლობას, იმავე ხელშეკრულების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოპასუხის მიმართ გამოიყენოს საჯარიმო სანქციები.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების მატერიალური თუ პროცესუალური საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფანანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.