Facebook Twitter

ბს-23-22 (კ-10) 10 მარტი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 22 ივნისს მ. ც-ძემ და ნ. ი-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის _ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხეს – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს დაკისრებოდა 2000 წლის სახელფასო დავალიანების გ. ც-ძისათვის - 904,77 ლარისა და ნ. ც-ძისათვის – 633,01 ლარის ანაზღაურება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. ც-ძისა და ნ. ი-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) გ. ც-ძის სასარგებლოდ დაეკისრა შესაბამისი დაბეგვრის შემდეგ დარჩენილი ფულადი თანხის – 904,77 ლარის, ხოლო ნ. ი-ძის სასარგებლოდ – 633,01 ლარის ანაზღაურება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება; გ. ც-ძისა და ნ. ი-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ¹1 სამმართველოს დაეკისრა (ბათუმი) გ. ც-ძის სასარგებლოდ 426,35 ლარის, ხოლო ნ. ი-ძის სასარგებლოდ – 379,35 ლარის გადახდა.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმის) საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმის) საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმის) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.