ბს-232-223(2კ-10) 4 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2006 წლის 4 აგვისტოს ნ. ო-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის - თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ, III პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 23 ივნისის ¹1/342 ბრძანების, თბილისის საგადასახადო ინსპექციის ¹11 საინკასო დავალების ბათილად ცნობა, საბანკო ანგარიშებიდან უკანონოდ ჩამოწერილი თანხის დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება (იხ. ტ.I, ს.ფ. 1-6).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ო-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 23 ივნისის ¹1/342 ბრძანება და თბილისის საგადასახადო ინსპექციის ¹11 საინკასო დავალება; მოპასუხეს დაევალა ნ. ო-შვილის საბანკო ანგარიშებიდან უკანონოდ ჩამოწერილი თანხის - 1596 ლარის მის ანგარიშზე დაბრუნება (იხ. ტ.I, ს.ფ. 106-108).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.UI, ს.ფ 113-117).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ტ.I, ს.ფ 151-155).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. ო-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაევალა, გამოეცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელის, როგორც გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათიდან თანხის - 1596 ლარის გაუქმების (მოხსნის) თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 23 ივნისის ¹1/342 ბრძანება და თბილისის საგადასახადო ინსპექციის ¹11 საინკასო დავალება; მოპასუხეს დაევალა ნ. ო-შვილის საბანკო ანგარიშიდან უკანონოდ ჩამოწერილი თანხის - 1596 ლარის დაბრუნება (იხ. ტ.I, ს.ფ. 290-297).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.UI, ს.ფ 302-313).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება (იხ. ტ.II, ს.ფ 25-34).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.II, ს.ფ. 39-45).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ნოემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.II, ს.ფ. 46-55).
საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 5 მარტის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ტ.II, ს.ფ. 59-60).
საკასაციო საჩივრების დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა. მოსაზრების ავტორმა სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მოითხოვა საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა (იხ. ტ.II, ს.ფ. 66-69).
საკასაციო საჩივრების დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა ნ. ო-შვილმა.
მოსაზრების ავტორმა მიიჩნია, რომ საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, მოცემული საქმე არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და საქნმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, ემოქმედა საქმის შედეგზე (იხ. ტ.II, ს.ფ. 72-73).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის მიერ არ იქნა რეალიზებული მათი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და ამავე სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.