Facebook Twitter

ბს-242-232(კ-10) 27 ივლისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ გ. ილინა

კასატორი _ გ. პ-აკი

მოწინააღმდეგე მხარეები _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახური; წარმომადგენელი – თ. ო-ია

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, მოქმედების განხორციელების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 2 ივლისს ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. პ-აკის წარმომადგენელმა ნ. ჯ-ძემ, მოპასუხეების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 1 ივნისისა და ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ქ. ფოთში ... ¹135-ში (141) მდებარე უძრავ ქონებაზე გ. პ-აკის საკუთრების უფლების აღიარება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება მოახდინოს გ. პ-აკის საკუთრებად ქ. ფოთში, ... ¹135-ში (141) მდებარე უძრავი ქონების დარეგისტრირება. მოსარჩელე ასევე ითხოვდა მის მიერ გადახდილი სარეგისტრაციო თანხის გადახდილად ჩათვლას.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2009 წლის 18 მაისს განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა ქ. ფოთში, ... ¹141-ში (ყოფილი ¹135) მდებარე უძრავი ქონების მის სახელზე დარეგისტრირება. მოსარჩელემ განცხადებას თან დაურთო სამკვიდრო მოწმობა და ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მიერ გაცემული 1969 წლის 24 თებერვალის ცნობა.

2009 წლის 19 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანებით დამტკიცებული “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” ინსტრუქციის 62-ე მუხლისა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, გ. პ-აკს დაევალა უძრავ ნივთზე უფლების დამდგენი დოკუმენტის წარდგენა. აღნიშნული გადაწყვეტილება გ. პ-აკის წარმომადგენელმა გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მიუთითა, რომ ვერ ხერხდებოდა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, ვინაიდან, ქ. ფოთის ტექბიუროს არქივი განადგურებული იყო ხანძრის გამო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით გ. პ-აკს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ მის მიერ ვერ იქნა წარდგენილი დამატებით დოკუმენტაცია.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით გ. პ-აკის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ,,უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანების მე-10 მუხლის თანახმად, რეგისტრაცია წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. ამავე ბრძანების მეორე მუხლის “კ” ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ნორმატიული ან/და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტი, რომელიც წარმოშობს უძრავ ნივთზე უფლების, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილებების და მათი შეწყვეტის რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.

სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურს ვერ წარუდგინა “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანების მეორე მუხლის “კ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლების დამადასტურებელი რომელიმე დოკუმენტი, მოპასუხეთა მხრიდან მას სწორად ეთქვა უარი უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე და არ არსებობდა გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, მოწმეების ჩვენებები, სანოტარო აქტი და 1969 წლის 24 თებერვალს გაცემული ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს ცნობა, არ წარმოადგენდა საკმარის მტკიცებულებას იმისათვის, რომ აღიარებული ყოფილიყო სადაო ქონებაზე გ. პ-აკის საკუთრების უფლება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. პ-აკის წარმომადგენელმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინებით გ. პ-აკის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2009 წლის 1 ივნისისა და საქართევლოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებები მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით დადგენილ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. პ-აკმა.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, მაგრამ არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 13 დეკემბრის ¹800 ბრძანების მეორე მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს სხვა სამართლებრივი აქტი, როგორი სახის აქტსაც კასატორის მოსაზრებით, წარმოადგენდა სწორედ ტექნიკური აღრიცხვის ცნობა, რაც იძლეოდა უძრავი ქონების რეგისტრაციაში გატარების საფუძველს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. პ-აკის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო, მართალია, ნორმათა შეფარდების ნაწილში იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს და თვლის, რომ ამ თვალსაზრისით არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, მაგრამ იმავდროულად მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიდგომა დავის საგნისადმი ატარებს ფორმალურ ხასიათს, საკითხი არასრულყოფილადაა გამოკვლეული და არ არის შეფასებული იმ შესაძლო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების საკითხი, რაც შესაძლებელს გახდის მოსარჩელის თავდაპირველ უფლებებში აღდგენას.

საქართველოს კონსტიტუციის 21.1 მუხლის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლება არის, ერთი მხრივ, საკუთრების უფლების, როგორც ინსტიტუტის გარანტია და მეორე მხრივ, პიროვნების უფლების გარანტია.

საკუთრების უფლების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დაუშვებლად მიიჩნევს პირის უფლებების უარყოფას მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მას საკუთარი ბრალის გარეშე არ შეუძლია წარმოადგინოს უფლების დამდგენი დოკუმენტი. უდავო და მხარეთათვის ცნობილ ფაქტს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქ. ფოთის ტექბიუროს არქივში დაცული მასალები განადგურებულია მომხდარი ხანძრის გამო. ასეთ პირობებში საკასაციო სასამართლო თითოეული მსგავსი დავის მართებულად გადაწყვეტისათვის საჭიროდ მიიჩნევს ყველა არსებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებასა და შეფასებას, რამაც ერთობლიობაში უდავო უნდა გახადოს მოსარჩელის სამართლებრივი კავშირი მოთხოვნილი ნივთისადმი.

საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მოსაზრების განვითარების საფუძველს აძლევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებები, რის შედეგადაც იურიდიული ფაქტის დადგენის გზით მსგავსი უფლებების განსაზღვრა შეიზღუდა საკანონმდებლო დონეზე. ასეთ პირობებში საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, მოსარჩელეს მიეცეს შესაძლებლობა მის ხელთ არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქმის არსებითად განხილვის გზით დაადასტუროს მოთხოვნის საფუძვლიანობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.2 მუხლის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საკასაციო სასამართლო ასევე მოიხმობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის დებულებებს, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს აწ გარდაცვლილი გ. გ. ძე დ-ოვის კავშირი უძრავი ნივთისადმი, ვინ ცხოვრობს მითითებულ სახლში ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდგომ, ხომ არ მომხდარა აღნიშნული სახლის გასხვისება და არის თუ არა სახლი აღრიცხული მე-3 პირის საკუთრებაში. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მითითებული გარემოებების დადგენის მიზნით სასამართლომ უნდა გამოიყენოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ყველა შესაძლო მექანიზმი.

საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს სათანადო შეფასება მიეცეს საქმეში ს.ფ. 17-ზე დაცულ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს 1969 წლის 24 თებერვლის ¹152 ცნობას, რომლითაც ირკვევა, რომ მოქ. გ. გ. ძე დ-ოვს ფოთში გააჩნდა საკუთარი საცხოვრებელი სახლი და საკარმოდამო მიწის ნაკვეთი; გამოთხოვილი და დადგენილი უნდა იქნას არსებობს თუ არა აღნიშნულ ბინასა და მიწის ნაკვეთზე შესაბამისი გადასახადების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები; წარმოდგენილი და გაანალიზებული უნდა იყოს საბინაო წიგნი, რომელიც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას დაადგინოს აწ გარდაცვლილი გ. გ. ძე დ-ოვის კავშირი საცხოვრებელი სახლისადმი, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ და სხვა სათანადო მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე შეუძლებელი იქნება არსებითად სწორი გადაწყვეტილების მიღება.

საკასაციო სასამართლო ასევე მნიშვნელოვნად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს ფოთის სარეგისტრაციო სამსახურის ქმედებას, კერძოდ გააჩნდა თუ არა ამ უკანასკნელს სათანადო უფლებამოსილება ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ამ გარემოებებზე დაყრდნობით მიეღო გადაწყვეტილება.

საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს რა საქმის გარემოებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევას, იმავდროულად აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ თანაბარმნიშვნელოვნად უნდა უზრუნველყოს როგორც პირის უფლებების გარანტირება, ისე მოთხოვნის კანონიერება და წინამდებარე სარჩელი დააკმაყოფილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე უდავო გახდება კასატორისა და მისი მამკვიდრებლის უფლებრივი კავშირი მოთხოვნილი ნივთისადმი.

ზემოაღნიშნული გარემოებების დადგენა-გამოკვლევის მიზნით საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. პ-აკის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 დეკემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის გადანაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.