ბს-247-237(კ-10) 27 ივლისი, 2010წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – გ. ილინა
კასატორი _ ნ. ჩ-ძე, ო. ჩ-ძე, გ. ჩ-ძე და სხვები, წარმომადგენელი – გ. ქ-ძე
მოწინააღმდეგე მხარეები _ ქ. ბათუმის მერია; ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახური
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 11 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ნ. ჩ-ძემ, ო. ჩ-ძემ, გ. ჩ-ძემ, გ. ჯ-ძემ, რ. მ-ძემ, ნ. ჩ-ძემ და რ. პ-შვილმა მოპასუხეების ქ. ბათუმის მერიის და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეები სარჩელით ითხოვდნენ ქ. ბათუმის მერიის 2009 წლის 15 აპრილის ¹268 ბრძანებისა და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2008 წლის 29 დეკემბრის ¹231/08, ¹232/08, ¹233/08, ¹236/08, ¹238/08, ¹239/08, ¹240/08 დადგენილებების ბათილად ცნობას შემდეგი საფუძვლით:
ქ. ბათუმის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2008 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა ¹231/08, ¹232/08, ¹233/08, ¹236/08, ¹238/08, ¹239/08 და ¹240/08 დადგენილებები არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის დაჯარიმების შესახებ, რომელითაც ნ. ჩ-ძე, ო. ჩ-ძე, გ. ჩ-ძე, გ. ჯ-ძე, რ. მ-ძე, ნ. ჩ-ძე და რ. პ-შვილი ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხდეველობის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ქ. ბათუმში ... ქ. ¹13-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის განუხორციელებლობისათვის დაჯარიმდნენ თითოეული 2000 ლარით და მათვე საკუთარი ხარჯებით დაევალათ შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ ზედამხედველობის სამსახური საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და გადაწყვეტილება ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე მიეღო.
მოსარჩელეთა მტკიცებით საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ავარიულობა, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული. ამასთან, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მათ საკუთრებაში იმყოფება სახლის მხოლოდ ნაწილი, რის გამოც, მათი მხრიდან, სახლის დემონტაჟი არის შეუძლებელი.
მოპასუხე მხარემ სარჩელი არ სცნო და მოუთითა, რომ “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის “კ” პუნქტის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევას წარმოადგენს იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მხრიდან 2008 წლის 29 დეკემბრის ¹231/08, ¹232/08, ¹233/08, ¹236/08, ¹238/08, ¹239/08 და ¹240/08 დადგენილების გამოცემის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა ქ. ბათუმში, ... ქ/ ¹13-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ავარიულობა, რომლის ფუნქციონირება შპს ,,...” 2006 წლის 29 დეკემბრის დასკვნის საფუძველზე, საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მითითებით, ნ. ჩ-ძეს, ო. ჩ-ძეს, გ. ჩ-ძეს, გ. ჯ-ძეს, რ. მ-ძეს, ნ. ჩ-ძეს და რ. პ-შვილს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიწერილობის საფუძვეზე ეცნობათ იმ 15 დღიანი ვადის შესახებ, რომლის განმავლობაშიც უნდა განეხორციელებინათ მათ საკუთრებაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია ან/და დემონტაჟი, რისი შეუსრულებლობის გამოც მოსარჩელეები დაჯარიმდნენ და მათვე სადავო დადგენილებების საფუძველზე დაევალათ იმ ავარიული სახლის დემონტაჟი, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადმიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ-ძის, ო. ჩ-ძის, გ. ჩ-ძის, გ. ჯ-ძის, რ. მ-ძის, ნ. ჩ-ძის და რ. პ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2008 წლის 29 დეკემბრის ¹231/08, ¹232/08, ¹233/08, ¹236/08, ¹238/08, ¹239/08 და ¹240/08 დადგენილებები და ქ. ბათუმის მერიის 2009 წლის 10 აპრილის ¹268 ბრძანება ნ. ჩ-ძის, ო. ჩ-ძის, გ. ჩ-ძის, გ. ჯ-ძის, რ. მ-ძის, რ. მ-ძის, ნ. ჩ-ძის და რ. პ-შვილის ნაწილში. მოპასუხე მხარეს დაეკისრა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2008 წლის 22 თებერვალს ... ქ. ¹13-ში მდებარე მრავალბინიან სახლში მცხოვრებ მოსარჩლეებს ნამდვილად გაეგზავნათ მიწერილობა ¹.., ¹.., ¹.., ¹.., ¹.., ¹.. და ¹.., რომლითაც მიეცათ 15 დღიანი ვადა, სახლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟისათვის. აღნიშნული მიწერილობები ჩაბარდათ მოსარჩელეებს, თუმცა მიწერილობაში მითითებული დავალება მათ მიერ არ იქნა შესრულებული.
სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულ იქნა საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის გარეშე. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა გამოკვლეული ნ. ჩ-ძის, ო. ჩ-ძის, გ. ჩ-ძის, გ. ჯ-ძის, რ. მ-ძის, , ნ. ჩ-ძის და რ. პ-შვილის მიერ დარღვეულ იქნა თუ არა არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-510 მუხლის “გ” პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნიდა თუ არა ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანრთელობას.
სასამართლომ მიუთითა, რომ ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველო კანონის მე-510 მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იმ შენობა ნაგებობების რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობისათვის, რომლის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქნის ადამიანის სიცოხლეს ან/და ჯანმრთელობას. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა არგუმენტები, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სათანადო უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტი შენობის დემონტაჟის შესახებ და მხოლოდ შპს ,,...” დასკვნაზე დაყრდნობით მოსარჩელეთათვის მიწერილობის გაგზვანა საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის შესახებ იყო უსაფუძვლო და კანონშეუსაბამო.
ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ ავარიულობის შემთხვევაში მრავალბინიანი სახლის დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საჭიროა ყველა მესაკუთრის ერთობლივი ნება, ხოლო დემონატაჟის განხორციელებისათვის აუცილებელია მესაკუთრეთა ერთობლივი მოქმედება.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მერიამ და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა.
აპელანტებმა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის23 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების სარჩელის უარყოფა, შემდეგი საფუძვლებით:
“არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის “ვ” პუნქტის “ვ.ა” ქვეპუნქტი პირდაპირ მიუთითებს დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და დაჯარიმების უშუალო წინაპირობებზე – ა) უნდა არსებობდეს ავარიული შენობა-ნაგებობა; ბ) მისი რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა საფრთხეს უნდა უქმნიდეს ადამიანის სიცოხლეს ან ჯანრმთელობას. აპელანტების მითითებით აღნიშნული ორივე წიპირობა არსებობდა ... ქ. ¹13-ში მდებარე შენობასთან დაკავშირებით.
აპელანტები უსაფუძვლოდ მიიჩნევდნენ სასამართლოს მითითებებს, რომ მოსარჩელეები კანონის შესაბამისად არ იყვნენ ინფორმირებული ზეპირი სხდომის შესახებ, რადგან სხდომის დანიშვნის შესახებ მოსარჩელეებს შეტყობინებები გაეგზავნათ მათ მიერ მითითებულ მისამართზე. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩლეთა უმრავლესობა ესწრებოდა ზეპირ განხილვას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის და ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება; მოსარჩელეების ნ. ჩ-ძის, ო. ჩ-ძის, გ. ჩ-ძის, გ. ჯ-ძის, რ. მ-ძის, ნ. ჩ-ძისა და რ. პ-შვილის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილება არ იყო მიღებლი უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო მიერ.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის “ვ.გ” ქვეპუნქტების თანახმად, ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება კანონდარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ. დადგენილების მიღების საფუძველი შეიძლება იყოს: შენობა-ნაგებეობების მდგომარეობა, თუ იგი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხო ექსპლუატაციის პირობებს და არ არის უზრუნველყოფილი კონსტრუქციული ელემენტების სიმტკიცე, მდგრადობა, საიმედოობა და ამ დარღვევების გამოსწორება ტექნიკურად შეუძლებელია. ამავე კანონის მე-510 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, იმ ავარიული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა, რომლის არსებობა რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის გარეშე უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას თვითმმართველ ქალაქში იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმები სრულიად აწესრიგებს დემონტაჟთან დაკავშირებულ საკითხებს და დაიზიარა აპელანტთა მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ზედამხედველობის სამსახურის მიერ დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია შენობა-ნაგებობა იყოს ავარიული და მისი რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობა საფრთხეს უქმნიდეს ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ უსაფუძვლო იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ სადავო საცხოვრებელ სახლზე დემონტაჟის გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
სააპელაციო სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან 2009 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის 1998 წლის 2 აპრილის ¹07.15.116 დადგენილებისა და ქ. თბილისის საკრებულოს 2001 წლის 1 აგვისტოს ¹8-15 გადაწყვეტილებაზე მითითება, რადგან აღნიშნული წესი არ ეხება და არ არეგულირებს ქ. ბათუმის საბინაო ფონდში არსებული ბინების საკითხს. აღნიშნული საკითხები რეგულირდება ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფოს ზედემხედველობის შესახებ საქართველოს კანონით”, რის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამოიყენა ის კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
აქვე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ კონკრეტულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ზედამხედველობის სამსახურის მიერ “არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოკვლეული იქნა ყველა არსებითი გარემოება, ჩატარდა საქმის ზეპირი მოსმენა და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დაინტერესებულ პირთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ. აგრეთვე, დაჯარიმება-დემონტაჟის შესახებ 29.12.08წ. მიღებული დადგენილებები დასაბუთებულია ფაქტობრივად და სამართლებრივად და არ არსებობს მათი ბათილობის საფუძველი.
მითეთებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივარეს ნ. ჩ-ძემ, ო. ჩ-ძემ, გ. ჩ-ძემ, გ. ჯ-ძემ, რ. მ-ძემ, ნ. ჩ-ძემ და რ. პ-შვილმა.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ ქუთაისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
კასატორები კასაციო საჩივარს აფუძნებდნენ იმავე გარემოებებზე, რაზედაც ფაქტობრივად მიუთითებდნენ სასარჩელო განცხადებაში და იმავდროულად თვლიდნენ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო იურიდიულად დაუსაბუთებელი და სასამართლომ არასწორად მოახდინა სამართლებრივი ნორმების შეფარდება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ჩ-ძის, ო. ჩ-ძის, გ. ჩ-ძისა და სხვათა საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო საქმეში დაცული მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2008 წლის 22 თებერვალს ... ქუჩა ¹13-ში მდებარე მრავალბინიან სახლში მცხოვრებ მოქალაქეებს გაეგზავნათ მიწერილობა ¹.., ¹.., ¹.., ¹.., ¹.., ¹.. და ¹.., რომლითაც მიეცათ წინადადება 15 დღის ვადაში მოეხდინათ სახლის რეკონსტრუქცია ან დემონტაჟი იმ მოტივით, რომ სახლი იყო ავარიული და მისი ფუნქციონირება საფრთხეს უქმნიდა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
კასატორებმა 2008 წლის 20 მარტს განცხადებით მიმართეს ქ. ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურს შენობის დემონტაჟის ნებართვის მიღების მოთხოვნით, რაზედაც 2008 წლის 31 მარტს მიიღეს პასუხი ¹01-20/171, რომელშიც მიეთითათ, რომ დემონტაჟის ნებართვა გაიცემოდა მას შემდგომ, როდესაც გაცემული იქნებოდა შესაბამისი არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება ახალი მშენებლობის თაობაზე.
ზემოაღნიშნული აქტები კასატორთა მხრიდან გასაჩივრდა ქ. ბათუმის მერიაში. მითითებული აქტების ბათილობასთან ერთად საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს, არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის დავალდებულება გაეცა ნებართვა სიცოცხლისათვის საშიში შენობა-ნაგებობის დემონტაჟის თაობაზე.
ქ. ბათუმის მერიის 2008 წლის 19 აგვისტოს ¹736 ბრძანებით კასატორთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2008 წლის 29 დეკემბერს მიღებულ იქნა ¹231/08, ¹232/08, ¹233/08 ¹236/08, ¹238/08, ¹239/08 და ¹240/08 დადგენილებები, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევისათვის ნ. ჩ-ძის, ო. ჩ-ძის, გ. ჩ-ძის, გ. ჯ-ძის, რ. მ-ძის, ნ. ჩ-ძის და რ. პ-შვილის დაჯარიმებისა და სახლის დემონტაჟის დავალდებულების თაობაზე.
კასატორებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძვლად გასაჩივრებულ აქტებში მითითებულია ,,არქიტექტურულ-სამენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-510 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი, რომლის საფუძველზეც ნ. ჩ-ძე, ო. ჩ-ძე, გ. ჩ-ძე, გ. ჯ-ძე, რ. მ-ძე, ნ. ჩ-ძე და რ. პ-შვილი ავარიული სახლის რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის განუხორციელებლობისათვის დაჯარიმდნენ 1 000 ლარით, ხოლო მიწერილობის შეუსრულებლობისათვის იმავე კანონის 58 მუხლის ,,გ’ პუნქტის საფუძველზე თითოეული დამატებით 1 000 ლარით.
სადავო აქტების გამოცემის პერიოდისათვის მოქმედი ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანიბაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის 41 მუხლის შესაბამისად, არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები ხელმძღვანელობენ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით. იმავე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული დადგენილება, არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნული მუხლების ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიუთითოს, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია, თავის საქმიანობაში იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას გასაჩივრებული აქტების კანონშესაბამისობის თაობაზე და თვლის, რომ სადავო აქტები ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მიღებულია საქმის გარემოებათა სათანადო გამოკვლევის გარეშე.
,,მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹140 დადგენილების (ძალადაკარგულია საქართველოს მთავრობის 03.24.2009 წლის ¹57 დადგენილებით) 85-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ,,დასრულებული ან დაუსრულებელი შენობა-ნაგებობები (გარდა უძრავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა) შეიძლება დაიშალოს/დაინგრეს შემდეგ შემთხვევაში, როდესაც შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილები გამოსულია მწყობრიდან, საფრთხეს უქმნის გარემოს ან ადამიანთა ჯანმრთელობას და ვერ ხერხდება მესაკუთრის მიერ მისი გამოსწორება და ეს დადგენილია შესაბამისი საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.”
იმავე დადგენილების 43.4 მუხლის ,,გ” პუნქტის შესაბამისად, ,,შენობა-ნაგებობის საექსპერტო შეფასება სავალდებულოა სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანოსათვის ამ დადგენილების 85-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად”. ხოლო მითითებული დადგენილების 43.6 მუხლი განსაზღვრავს, რომ მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ჩაატაროს საექსპერტო შეფასება ამ დადგენილების 85-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტში განსაზღვრულ შემთხვევაში.
ზემოაღნიშნულ ნორმებში ასახული იმპერატიული მოთხოვნის პირობებში საკასაციო სასამართლო გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობას, იხელმძღვანელოს მხარეთა დაკვეთით 2006 წელს შპს ,,...” მიერ შედგენილი დასკვნით და თვლის, რომ მითითებული ნორმების საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ჩაეტარებინა ექსპერტიზა და გადაწყვეტილება მიეღო მასში წარმოდგენილი დასკვნის საფუძველზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში ჩადენილი დარღვევა თავისი ბუნებით წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომლის შეფარდების პროცესშიც სპეციალური კანონით დადგენილი წესების გარდა გამოყენებულ უნდა იქნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. მითითებული კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. იმის გათვალისწინებით, რომ ,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონი არ განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც უნდა მოხდეს გამოვლენილ სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენება, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მშენებლობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელის 38.1 მუხლი ცალსახად განსაზღვრავს სახდელის შეფარდების შესაძლო ვადას. მიწერილობის შედგენიდან სადავო დადგენილების მიღებამდე გასული პერიოდი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს ადმინისტრაციული ორგანოს ყურადღება მიაქციოს აქტების კანონიერებას ამ თვალსაზრისით და თვლის, რომ წინამდებარე შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული აქტების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ბათილობის საფუძველი, იმავდროულად საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა სადავო საკითხის სპეციფიკას და იმ საშიშროებას, რაც შესაძლოა თან ახლდეს სახლის ავარიულობას, თვლის, რომ საკითხი საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისა და შესწავლის მიზნით, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მისაღებად, უნდა დაუბრუნდეს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 32.4 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ., ო., გ. და ნ. ჩ-ძეების, გ. ჯ-ძის, რ. პ-შვილის და რ. მ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ნ., ო., გ. და ნ. ჩ-ძეების, გ. ჯ-ძის, რ. პ-შვილის და რ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნას ცნობილი ქ. ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის 2008 წლის 29 დეკემბრის ¹..., ¹..., ¹.., ¹.., ¹..., ¹... და ¹... დადგენილებები და ქ. ბათუმის მერიის 2009 წლის 10 აპრილის ¹268 ბრძანება ნ., ო., გ. და ნ. ჩ-ძეების, გ. ჯ-ძის, რ. პ-შვილის და რ. მ-ძის ნაწილში და ქ. ბათუმიის მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაევალოს საქმის გარემოებათა სრულყოფილი შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე ზემოაღნიშნულ პირებთან მიმართებაში მიიღოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები.
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.