ბს-257-247(კ-10) 21 აპრილი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. გ-შვილისა და მ. შ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 16 ივლისს გ. გ-შვილმა, მ. გ-შვილმა და მ. შ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ მოპასუხისათვის მიუღებელი ხელფასის, კერძოდ: გ. გ-შვილის სასარგებლოდ _ 465,32 ლარის, მ. გ-შვილის სასარგებლოდ _ 359,39 ლარისა და მ. შ-შვილის სასარგებლოდ _ 347,99 ლარის დაკისრებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-შვილის, მ. გ-შვილისა და მ. შ-შვილის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს გ. გ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების 135,06 ლარისა და წოდების სარგოს 56,65 ლარის, მ. შ-შვილის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 98 ლარისა და წოდების სარგოს 36,28 ლარისა და მ. გ-შვილის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 100,68 ლარის და წოდების სარგოს 36,93 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელეებს კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურების დანამატის ანაზღაურებაზე ეთქვათ უარი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. გ-შვილმა, მ. შ-შვილმა და მ. გ-შვილმა.
აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-შვილის და მ. შ-შვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; მ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; მ. გ-შვილისათვის კვების კომპენსაციის და წელთა ნამსახურების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. გ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარ სამმართველოს დაეკისრა მ. გ-შვილისათვის კვების კომპენსაციისა და წელთა ნამსახურების დავალიანების - 221,78 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მ. შ-შვილიმა და გ. გ-შვილმა.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. შ-შვილისა და გ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, მ. შ-შვილისა და გ. გ-შვილის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ მ. შ-შვილისა და გ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მ. შ-შვილისა და გ. გ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. შ-შვილსა და გ. გ-შვილს უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.