Facebook Twitter

¹ბს-264-261(2კ-11) 4 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს «ა-ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქ. თბილისის მერიამ 2009 წლის 14 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ შპს «გ-ის», შპს «ა-ისა» და გ. ლ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება.

შპს «გ-ის» წარმომადგენელმა დ. გ-ამ 2009 წლის 17 აგვისტოს შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიის, შპს «ა-ისა» და გ. ლ-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა ქ. თბილისის მერიისა და გ. ლ-ის მიმართ ხელშეკრულების მოშლა და ორმხრივი რესტიტუცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს «ა-სა» და შპს «გ-ს» დაეკისრათ 100000 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს თანხის გადახდა მათი წილების პროპორციულად, კერძოდ, 80000 ლარი დაეკისრა შპს «გ-ს», ხოლო 20000 ლარი შპს «ა-ს»; ქ. თბილისის მერიას უარი ეთქვა გ. ლ-ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე; შპს «გ-ს» უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე; სახელმწიფო ბაჟი 600 ლარის ოდენობით დაეკისრა შპს «ა-ს», ხოლო 2400 ლარის ოდენობით შპს «გ-ს».

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და შპს «გ-მა».

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს «გ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების პირველი და მეოთხე პუნქტების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ქ. თბილისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს «ა-სა» და შპს «გ-ს» ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ დაეკისრათ პირგასამტეხლოს თანხის გადახდა 304020,52 ლარის ოდენობით, კერძპდ, შპს «ა-ს» დაეკისრა აღნიშნული თანხის 20%-ის გადახდა, ხოლო შპს «გ-ს» აღნიშნული თანხის 80%-ის გადახდა; დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს შპს «გ-მა» და შპს «ა-მა» და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით შპს «გ-ის» საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «ა-ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს «ა-ის» საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან შპს «ა-ს» გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი საკასაციო საჩივარზე მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 17 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 3040,20 (სამიათასორმოცი ლარი და ოცი თეთრი) ლარის 70% _ 2128,14 (ორიათასასოცდარვა ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «ა-ის» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება;

3. შპს «ა-ს» დაუბრუნდეს მის მიერ 2011 წლის 17 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 3040,20 (სამიათასორმოცი ლარი და ოცი თეთრი) ლარის 70% _ 2128,14 (ორიათასასოცდარვა ლარი და თოთხმეტი თეთრი) ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.