ბს-266-256(კ-10) 27 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თ. შ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.09წ. განჩინებაზე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საკასაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული კასატორის მოთხოვნა საკასაციო საჩივრზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ იგი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.03.2010წ. განჩინებით თ. შ-ძეს ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. კერძოდ, უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 250 ლარის გადახდის ქვითარი.
ხარვეზის შესახებ განჩინების კასატორისათვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ კასატორს ხსენებული განჩინება ჩაბარდა 06.05.2010წ., ხოლო კასატორმა 17.05.2010წ. შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის (250 ლარის) გადახდის გადავადება ან ერთი თვის მანძილზე განაწილვადება, ვინაიდან იმყოფება სიღარიბის ზღვარს დაბლა და თანხის მხოლოდ ნაწილ-ნაწილ გადახდა შეუძლია.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო სახელმწიფო ბაჟის გადახდის განაწილვადებას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, კასატორ თ. შ-ძეს ხარვეზის შევსების შესახებ 10.03.2010წ. განჩინების ჩაბარების შემდეგ არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას, რის გამოც თ. შ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. შ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. თ. შ-ძეს დაუბრუნდეს 26.02.2010წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.