Facebook Twitter

ბს-272-262(კ-10) 16 ივნისი, 2010 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი _ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ბ-შვილი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 23 თებერვალს ლ. ბ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სარწყავი სისტემების (სიონის წყალსაცავი) სამმართველოს მიმართ და მოითხოვა სამელიორაციო სისტემის მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემის სამმართველოს უფროსის 2006 წლის 24 იანვრის ¹7 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება; ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1998 წლის 1 ივლისიდან 2006 წლის 24 იანვრამდე მუშაობდა სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოში და აწარმოებდა .... მუშაობის პერიოდში მას არ ჰქონია მიღებული რაიმე სახის დისციპლინური სასჯელი. 2006 წლის 24 იანვარს იგი გათავისუფლებული იქნა სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სარწყავი სისტემების სამმართველოს უფროსის ¹7 ბრძანებით, რაც მოსარჩელეს მიაჩნდა უკანონოდ და თვლიდა, რომ ბრძანებას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი და ეყრდნობოდა არარსებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სარწყავი სისტემების სამმართველოს უფროსის 2006 წლის 24 იანვრის ¹7 ბრძანება ლ. ბ-შვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ და მოპასუხეს საქართველოს შრომის კოდექსისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დაევალა ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში განმარტავდა, რომ ლ. ბ-შვილი მუშაობდა რა ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს წყალსაცავის ... თანამდებობაზე, იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის მეორე ნაწილის ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, ამასთან, ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

პირველი ინსტანციის სასამართლო აღნიშნავდა, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას და უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. კანონის მიხედვით, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს მხოლოდ იმ თანამდებობის პირმა ან ორგანომ, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე მიიღოს მოხელე. სამსახურიდან გათავისუფლება ფორმდება შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით-ბრძანებით.

ვინაიდან, ბრძანების სამართლებრივი შედეგია საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, ამიტომ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც მიმართულია საჯარო შრომითი სამართალურთიერთობის შეწყვეტისაკენ და აღნიშნულიდან გამომდინარე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ ბრძანების კანონიერებაზე დავები განხილული უნდა იქნეს და სასამართლომ უნდა იმსჯელოს ბრძანების, როგორც ადმინისტრაციული აქტის კანონიერებაზე. სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული დავების განხილვისას უნდა შემოწმდეს ამ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის შესაბამისობა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 თავით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონითა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის ნორმებით დადგენილ მოთხოვნებთან.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით, მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურეობრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება, განკარგულება, გადაწყვეტილება, აგრეთვე მოქმედება. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, მოხელეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს ბრძანების, განკარგულების, გადაწყვეტილების ან მოქმედების ნაწილობრივ ან მთლიანად არაკანონიერად აღიარება.

სასამართლო მიუთითებდა, რომ მოსარჩელე ლ. ბ-შვილს სასამართლოში სარჩელი აღძრული აქვს 2006 წლის 23 თებერვალს, ხოლო სადაო ბრძანება გამოცემულია 2006 წლის 24 იანვარს, ამდენად, მოსარჩელის მიერ დაცულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.

სადაო ბრძანებაში მითითებულია, რომ ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს წყალსაცავის ... მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან გათავისუფლებული იქნა ლ. ბ-შვილი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. აღნიშნულ მუხლს მე-3 პუნქტი არ გააჩნია, ხოლო ამავე კანონის 99-ე მუხლი ითვალისწინებს დისციპლინარული გადაცდომისათვის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებს. ამავე მუხლის მესამე პუნქტი ითვალისწინებს, რომ მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობას. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78-ე მუხლის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული ან არაჯეროვანი შესრულება ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

ამდენად, კანონით რეგლამენტირებული არ არის, კონკრეტულად რა ითვლება სამსახურებრივ მოვალეობათა ისეთ უხეშ დარღვევად, რის გამოც მოხელეს სამსახურიდან შედარებით მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების გარეშეც პირდაპირ დაითხოვენ. დისციპლინური გადაცდომის შეფასების უფლებამოსილება გააჩნია დაწესებულების ხელმძღვანელობას, მაგრამ თუ ეს შეფასება უსაფუძვლოა, მოხელეს შეუძლია დაიცვას საკუთარი უფლებები. მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება თავისი პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გაბათილების მიზნით, მას ასევე შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა. ხოლო დისციპლინური სასჯელის დადებამდე დისციპლინის დამრღვევს უნდა მოეთხოვოს წერილობითი ახსნა-განმარტება, ხოლო დისციპლინური სასჯელის გამოყენების შემდეგ ბრძანებას მისი გამოყენების მოტივების მითითებით მოხელეს, რომელსაც დაედო სასჯელი, გამოუცხადებენ ან შეატყობინებენ ხელწერილის ჩამორთმევით, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 103-ე მუხლის თანახმად, მოხელე თავისუფლდება სამსახურიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც, მას შეეფარდა სასჯელი განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის, ან სასჯელი, რომელიც გამორიცხავს სამსახურის გაგრძელებას. მოხელე თავისუფლდება სამსახურიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს.

სასამართლო აღნიშნავდა, რომ მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის შესახებ, რომ სადაო ბრძანების მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შეწავლილი. ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო ბრძანება – ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე.

ამასთან, სასამართლომ გაიზიარა, რომ მოსარჩელეს აქვს სადაო ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სარწყავი სისტემების სამმართველოს უფროსის 2006 წლის 24 იანვრის ¹7 ბრძანება და არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სადაო ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მოპასუხეს დაევალოს ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველომ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 26 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ადმინისტრაციულ საქმეზე ¹3ბ/3335-06 სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს სააპელაციო საჩივრისა გამო მოწინააღმდეგე მხარე ლ. ბ-შვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს უფლებამონაცვლის დადგენამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე ¹3ბ/3335-06 განახლდა საქმის წარმოება. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტზე მითითებით სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და უცვლელად დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის წარმოების შეწყვეტას.

კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავდა, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რის შედეგადაც საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის საფუძველზე მიღებულ იქნა არასწორი გადაწყვეტილება.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეში არასწორად იქნა ჩაბმული საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია, როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს უფლებამონაცვლე.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სალიკვიდაციო კომისიისათვის სავალდებულო ვერ გახდება ყველა იმ მოქმედების შესრულება იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ვერ შესძლებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასა და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებას.

კასატორი ასევე მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი და ამავე კოდექსის 281-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტის გამო, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და თავის მხრივ აღნიშნავს შემდეგს: პროცესუალური მოწინააღმდეგე ლ. ბ-შვილი მუშაობდა რა ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემის სამმართველოს წყალსაცავის მექანიკოსის თანამდებობაზე, იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს.

ლ. ბ-შვილზე, როგორც საჯარო მოსამსახურეზე, ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები. მითითებული კანონის 99.2 მუხლის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ხოლო იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოხელე შეიძლება გაათვისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო მოსამსახურის თანამდებობიდან დათხოვნის პროცესში სარგებლობს გარკვეული დისკრეციით, მაგრამ იმავდროულად სრულად ადასტურებს სააპელაციო სასამრთლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანო ზემოაღნიშნული სახის აქტის გამოცემისას გათავისუფლებული არ არის აქტის დასაბუთების ვალდებულებისაგან.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უარყოფას. სამართლის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციულ ორაგნოს აძლევს შესაძლებლობას რამდენიმე სასურველი გადაწყვეტილებიდან მიიღოს ერთ-ერთი, როგორც ქცევის ზოგადი წესი, განსაზღვრავს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას განსაზღვრული ურთიერთობა დაარეგულიროს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, კანონიერების ფარგლებში.

ზემოაღნიშნული მოსაზრებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სადავო ბრძანების გამოცემის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა მოხელის გათავისუფლებას შრომითი კოლექტივის საერთო კრების ოქმის საფუძველზე, აგრეთვე არ იყო განსაზღვრული სამსახურივი ურთიერთობის შეჩერების, შეწყვეტის და შრომითი ურთიერთობის აღდგენის შემთხვევაში მითითება შრომითი კოლექტივის თანხმობის არსებობის ვალდებულება. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციაზე იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს არ გააჩნია კანონიერი საფუძველი, სადავო აქტს არ აქცევს კანონიერად.

მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას აქტის კანონშეუსაბამობის თაობაზე, იმავდროულად არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებას და თვლის, რომ საქმეში დაცული მასალები სააპელაციო სასამართლოს აძლევს საშუალებას მიიღოს არსებითი გადაწყვეტილება.

საგულისხმოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს უფლებამონაცვლედ დადგინდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას და აღნიშნავს, რომ სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიას აკისრია დროებითი უფლებამოსილება გაატაროს ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები. კერძოდ, მოახდინოს სალიკვიდაციო ობიექტის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზაცია, კრედიტორული დავალიანებების დაფარვის უზრუნველყოფა, დაწესებულების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხების განაწილება, გადაწყვიტოს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების სამართლებრივი ბედი და შემდგომ ამისა, შეადგინოს სალიკვიდაციო ბალანსი.

სალიკვიდაციო კომისიის ფუნქციონალური და უფლებრივი დატვირთვა საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს გაიზიაროს კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამგებლობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისია, როგორც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ზემო სამგორის სამელიორაციო სისტემების სამმართველოს უფლებამონაცვლე, არ არის უფლებამოსილი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იმსჯელოს სამსახურში აღდგნა/გათავისუფლების საკითხებზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არამართებულად მიიჩნევს სალიკვიდაციო კომისიისათვის პირის სამსახურებრივი მოწყობის თაობაზე აქტის გამოცემის დავალებას და თვლის, რომ სასამართლომ არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით თვითონ უნდა გადაწყვიტოს უფლებრივი საკითხი, რა მიზნითაც საქმეს განსახილველად უბრუნებს იმავე სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 დეკემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.