Facebook Twitter

ბს-272-269(კ-11) 29 მარტი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ზ. მ-ძემ სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ და მოითხოვა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს 2010 წლის 16 ივნისის ¹225419 და შს სამინისტროს 2010 წლის 30 ივნისის ¹270592 ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და მოპასუხე - შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოსთვის სახელფასო დავალიანების – 950,14 ლარის ანაზღაურების დაკისრება (იხ. ტ.1; ს.ფ. 1-9).

შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ შესაგებლით სასარჩელო განცხადება არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.1; ს.ფ. 25-32).

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 აგვისტოს საოქმო განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ზ. მ-ძის სარჩელისა გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, 2010 წლის 30 ივნისის ¹270592 აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, მოსარჩელის მიერ სარჩელის ამ ნაწილში უარის თქმის გამო (იხ. ტ.1; ს.ფ. 39-40).

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით ზ. მ-ძის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოს ზ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი ხელფასის – 891.14 ლარის ანაზღაურება, ხოლო სასარჩელო მოთხოვნაზე - 2003 წლის ნოემბრის ულუფის კომპენსაციის - 59 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი ხანდაზმულობის მოტივით (იხ. ტ1; ს.ფ. 41-44).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გაუქმება 1998-200 წლების გარკვეული თვეების კვების (ულუფის) კომპენსაცის 708 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.1; ს.ფ. 49-58).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება (იხ. ტ.2; ს.ფ. 10-13).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის 1998-2000 წლების კვების (ულუფის) კომპენსაციის დაკისრების ნაწილში, დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.2; ს.ფ. 19-27).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 18 თებერვლის განჩინებით შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ტ.2 ს.ფ. 36-37).

შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ მოსაზრებით მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული იყო მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით (იხ. ტ.2; ს.ფ. 42-43).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.