Facebook Twitter

ბს-27-26(კ-10) 13 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი – ნიკოლოზ მარგველაშვილი

კასატორი – შპს “...”

მოწინააღმდეგე მხარე – სს “...”, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.09წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი – რეესტრის ჩანაწერში ცვლილების შეტანა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “...” 25.02.09წ. სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის – სს “...” მიმართ. მოსარჩელემ მის კანონიერ სარგებლობაში არსებულ 1978 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სს “...” საკუთრების უფლების გაუქმება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 22.09.99წ. ¹211/99 სარეგისტრაციო ჩანაწერში ცვლილების შეტანა მოითხოვა.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 01.11.08წ. “...” მიიღო სს “...” დირექტორის წერილი, რომლითაც სთხოვდნენ გადაეხადათ მისთვის კანონიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთში საიჯარო ქირა. საკითხის გარკვევის მიზნით, 09.12.08წ. მიმართეს საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს, რომლის წერილობითი პასუხით ცნობილი გახდა, რომ ქ. ქუთაისში, ... გამზირი ¹8-ში მდებარე 29800 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 1999 წლის 22 სექტემბრიდან სს “...” საკუთრებაშია დარეგისტრირებული. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1989 წლიდან შპს “...” კანონიერ სარგებლობაში არსებული 1978 კვ.მ მიწის ნაკვეთი სს “...” უკანონო მფლობელობაში იმყოფება. ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 03.03.1989წ. გადაწყვეტილებით შეიქმნა კოოპერატივი “...”, რომელიც 1996 წლიდან გადაკეთდა შპს “...”, ამავე გადაწყვეტილებით კოოპერატივს ... ქარხნის ტერიტორიიდან სარგებლობაში გამოეყო მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ფაქტი დადასტურდა ქუთაისის მერიის მიმღები კომისიის 23.07.90წ. აქტით. ამავე აქტისა და “შპს “...” ექსპლოატაციაში გაშვების” ¹221/99 აქტით დადასტურებლია, რომ შპს “...” 1990 წლიდან ფლობდა 1978 კვ.მ მიწის ნაკვეთს ობიექტის ექსპლოატაციაში გაშვებიდან. აღნიშნული აქტით შპს “...” 1978 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კანონიერ სარგებლლობაში დაარეგისტრირა ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში. შპს “...” კეთილსინდისიერად იხდიდა კანონით დადგენილ მიწის გადასახადს, იგი იყო რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად. მოსარჩელეს სს “...” მიერ მთლიანად 29800 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება უკანონოდ მიაჩნია, რადგან იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების უფლება ჰქონდა მხოლოდ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთაც სარგებლობაში ჰქონდათ მიწის ნაკვეთი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.04.09წ. გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისში, ... გამზ. ¹8ა-ში მდებარე 29 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, 22.09.99წ. დარეგისტრირდა სს “...” საკუთრებად, საფუძველი - “ფიზიკური პირების და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონი, ქუთაისის მშრომელთა დეპუტატების საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 16.10.53წ. ¹30 გადაწყვეტილება. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში სს “...” სახელზე რეგისტრაციამდე წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹8-ში მდებარე შენობა-ნაგებობა სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური ინვენტარიზაციის საარქივო საბუთებით აღრიცხულია შპს “...” სახელზე. სასამართლომ მიუთითა სკ-ის 312-ე და სსკ-ის 248-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ჩანაწერით უტყუარად დადგენილია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა სს “...”, ხოლო მოსარჩელეს საჯარო რეესტრის ჩანაწერი კანონმდებლობით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია, სასამართლომ ჩათვალა, რომ ვიდრე არ დადგინდებოდა რეესტრის ჩანაწერის უზუსტობა, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი იყო არასწორი.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.04.09წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.10.09წ. განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახური.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.09წ. გადაწყვეტილებით შპს “...” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22.04.09წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შპს “...” სარჩელი საჯარო რეესტრში არსებულ ჩანაწერში ცვლილების შეტანისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ შპს “...” სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილობა. სააპელაციო სასამართლომ უდავაოდ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შპს “...” მოთხოვნას წარმოადგენდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 22.09.99წ. @211/99-ში რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ შპს “...” სარჩელი აღძრული აქვს სს “...” წინააღმდეგ, თუმცა მისი მოთხოვნა მიმართულია არა მხოლოდ სს “...”, არამედ სარეგისტრაციო სამსახურის წინააღმდეგ, რის გამოც არსებობდდა ამ უკანასკნელის სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში ჯერ მესამე პირად ჩამბის, ხოლო შემდეგ მოსარჩელის მხრიდან სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების (შესაბამისად, მოპასუხედ დასახელების) საჭიროება.

სააპელაციო სასამართლდომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის აღმასკომის 16.10.53წ. გადაწყვეტილებით ქუთაისის მარმარილოს ... ქარხნის მშენებლობისათვის და სტანდარტული სახლების მშენებლობისათვის გამოეყო მიწის ნაკვეთი, მდებარე ... ქუჩის გაგრძელებაზე, ... არხის გასწვრივ, ... ქარხნის დასავლეთით 2.9 ჰა, საზღვართა შორის: აღმოსავლეთით ... საზოგადოება, დასავლეთით “...” ტერიტორიის ჩრდილოეთით, ... ქარხნის ტერიტორია და სამხრეთით ... არხის გასწვრივ საპროექტო გზა. აღმასრულებელი კომიტეტის 03.02.89წ. ¹5.17.132 გადაწყვეტილებით მიღებულ იქნა კოოპერატიული შრომითი საქმიანობის საქალაქო კომისიის წინადადება და რეგიტსრაციაში გატარდა ვ. კ-ძისა და სხვათა მიერ 23.09.88წ. დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით შექმნილი კოოპერატივის წესდება, კოოპერატივს ეწოდა ... ქარხანასთან არსებული სახალხო მოხმარების საქონლის წარმოების კოოპერატივი “...”, რომელიც განთავსდა ... ქარხნის შენობაში – ... ქ. ¹8-ში. კოოპერატივ “...” ... ქარხანამ ქარხნის ტერიტორიიდან იჯარით გამოუყო 580 კვ.მ მიწის ნაკვეთი. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 14.08.90წ. ¹06-544/7 ბარათში აღნიშნულია, რომ სს “...” დაექვემდებარა ხელახალ რეგისტრაციას, ავტოქარხნის რაიონული საბჭოს აღმასკომის 23.07.90წ. მიმღები კომისიის მიერ კოოპერატივ “...” მიღების აქტით განისაზღვრა კოოპერატივი “...” ექსპლუატაციაში მიღების შესაძლებლობა. 09.09.1999წ. ¹221/99 აქტით ექსპლუატაციაში იქნა მიღებული შპს “...” ... საწარმო, მდებარე ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹8.

სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადასტურებულად მიიჩნია, რომ კოოპერატივი “...” ბაზაზე შეიქმნა და მის სამართალმემკვიდრეს წარმოადგენს შპს “...”. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ასევე და მიუთითა, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 16.10.53წ. გადაწყვეტილებით ... ქარხანას გამოეყო 29000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 03.03.89წ. ¹5.17.132 გადაწყვეტილებით კოოპერატივ “...” ... ქარხანამ იჯარით გამოუყო 580 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, თავისივე საწარმოს ტერიტორიაზე. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ კოოპერატივ “...” ... ქარხანამ იჯარით გადასცა მიწის ნაკვეთი, რომელზეც კოოპერატივს შენობის აღმართვის უფლება მიეცა, არ შეიძლება გახდეს კოოპერატივის (შემდეგში შპს “...”) დასახელებული მიწის ნაკვეთის საკუთრებად აღრიცხვის საფუძველი. ნაკვეთის ... ქარხნის ბალანსზე ყოფნა დასტურდება აღმასკომის 03.03.1989წ. ¹5.17.132 გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით, რომლითაც აღმასკომის არქიტექტურული დაგეგმარების განყოფილებას დაევალა კონტროლის დაწესება ... ქარხნის ბალანსზე მყოფ მიწაზე “...” მიერ მშენებლობის წარმოებაზე.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სს “...” სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედებდა “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონი, რომლის მე-3 მუხლი განსაზღვრავდა ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე კერძო საკუთრების მინიჭების წესს. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო საკუთრების უფლება ენიჭებოდათ საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიულ პირებს იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, რომლებსაც ამ კანონის ამოქმედებამდე მიწა სარგებლობის საბუთით ჰქონდათ გამოყოფილი. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საჯარო რეესტრის მითითება იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში, კანონით მოთხოვნილ დოკუმენტს წარმოადგენდა საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 14.08.90წ. ¹06-544/7 ბარათი, აღმასრულებელი კომიტეტის 16.10.53წ. ¹30-29 გადაწყვეტილება და ასევე სს “...” მიერ ერთჯერადი გადასახადების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ 22.09.99წ. განხორციელებული ჩანაწერი წარმოადგენს კანონის დაცვით განხორციელებულ ჩანაწერს და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ არ დააკმაყოფილა აგრეთვე მოსარჩელის მოთხოვნა სკ-ის 172.1 მუხლის საფუძველზე უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ, ვინაიდან შპს “...” ვერ ადასტურებს სადავო მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების არსებობას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 10.11.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაკმაყოფილდება მისი სასარჩელო მოთხოვნები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

“ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებდა კერძო სამართლის იურიდიული პირებისათვის კერძო საკუთრების უფლების მინიჭებას მათ სარგებლობაში არსებული სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირს კერძო საკუთრების უფლება, ერთჯერადი საზღაურის გადახდის შემთხვევაში, ენიჭებოდა იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც ხსენებული კანონის ამოქმედებამდე მას მიწით სარგებლობის დამადასტურებელი საბუთით ჰქონდა გამოყოფილი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 16.10.1953წ. ¹30/29 გადაწყვეტილებით ... ქარხანას გამოეყო 29 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ამდენად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ არსებობდა სს “...” მიერ “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონზე დაყრდნობით ქარხნის მართლზომიერ სარგებლობაში გადაცემული, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ქარხნის აქციონერების შედეგად დაფუძნებული სააქციო საზოგადოების, კერძო საკუთრებაში გადაცემის საფუძველი. მოსარჩელის მოთხოვნა საჯარო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 22.09.1999წ. განხორციელებული ¹211/99 რეგისტრაციაში ცვლილების შეტანის, უკანონო მფლობელობიდან 1978 კვ.მ. ნაკვეთის გამოთხოვის შესახებ ემყარება იმ გარემოებაზე, რომ საწარმოს ექსპლუატაციაში გაშვების შესახებ მიმღები კომისიის 09.09.1999წ. ¹221/99 აქტით და ტექაღრიცხვის ბიუროს მიერ დამზადებული გეგმით შპს “...” ფლობდა 1978 კვ.მ. მიწის ფართობს 1990 წელს ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებიდან. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ტექინვენტარიზაციის ბიუროში აისახებოდა როგორც კანონიერი ასევე საფუძვლის გარეშე ნაკვეთის ფლობა, ხოლო მიმღები კომისია არ წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემაზე უფლებამოსილ ორგანოს. მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გამოყოფა ხდებოდა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილებით და არა საწარმოს ექსპლუატაციაში მიღების კომისიის აქტით. უკანასკნელი არ წარმოადგენდა აღმასკომის 16.10.1953წ. გადაწყვეტილების 1978 კვ.მ. ნაწილში გაუქმების და მოსარჩელისათვის სარგებლობაში გადაცემის საფუძველს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 03.03.1989წ. ¹5.17.132 გადაწყვეტილების მე-3 პუნქტით ... ქარხანას კოოპერატივ “...” დაევალა იჯარით 580 კვ.მ. მიწის ფართის გამოყოფა, ამავე გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით დადგინდა, რომ კოოპერატივ “...” სათავსოს აშენება უნდა უზრუნველეყო აღმასკომის არქიტექტურის განყოფილებასთან შეთანხმებული პროექტის მიხედვით, აღმასკომის არქიტექტურული დაგეგმარების განყოფილებას კონტროლი უნდა გაეწია ... ქარხნის ბალანსზე რიცხულ ტერიტორიაზე (... ქ. ¹8ა-ში), რათა მშენებლობა კოოპერატივს ეწარმოებინა პროექტის მიხედვით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ... საწარმოს შენობა აშენდა კოოპერატივის მიერ, რომლის უფლებამონაცვლე არის შპს “...” და ექსპლუატაციაში იქნა მიღებული მიმღები კომისიის მიერ ჯერ 23.07.90წ, ხოლო შემდგომში, თავდაპირველი აქტის არასრულყოფილების, საწარმოს ძირითადი საექსპლუატაციო მაჩვენებლების მიუთითებლობის გამო, – 09.09.1993წ. ¹221/99 აქტით, რომლის მე-7 პუნქტის მიხედვით მშენებლობა განხორციელებულია 1989-90 წლებში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლის თანახმად შენობა-ნაგებობა წარმოადგენს იმ მიწის ნაკვეთის არსებით შემადგენელ ნაწილს, რომელზედაც იგი არის განლაგებული. აღნიშნული ურთიერთკავშირის გამო, საკუთრების უფლება პროპორციულად ვრცელდება აგრეთვე შენობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთზეც, რაც არაა დამოკიდებული ურთიერთობის მონაწილეთა ნებაზე. დამოუკიდებელი სანივთო უფლება არსებით შემადგენელ ნაწილზე შეუძლებელია არსებობდეს, გარდა სკ-ის 234-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენას საჭიროებს საწარმოს შენობა-ნაგებობის მესაკუთრე, რომელსაც ჰქონდა სადავო რეგისტრაციის განხორციელების მომენტისათვის აღნიშნული შენობა-ნაგებობით დაკავებული მიწის ნაკვეთით სარგებლობის აქცესორული უფლება. სადავო რეგისტრაციის დროს მოქმედი “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველს ქმნიდა დოკუმენტაციაში დაფიქსირებული სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთის ან მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობის სხვა პირის საკუთრებაში ყოფნა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ნაკვეთის და მასზე აღმართული შენობის სხვადასხვა სუბიექტებზე აღრიცხვა აღნაგობის პირობებშია შესაძლებელი (სკ-ის 234-ე მუხლი), ამასთანავე ,,საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის მიხედვით აღნაგობის უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა საწარმოს შენობით დაკავებული მიწის ნაკვეთის ნაწილში სადავო რეგისტრაციის გაუქმებაზე არ არის დასაბუთებული. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ შენობის აღმართვის უფლების მიცემა არ წარმოადგენს კოოპერატივის (შემდეგში შპს “...”) მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ აღრიცხვის საფუძველს. სააპელაციო პალატა აღნიშნულ მოსაზრებას არ ამყარებს რაიმე ნორმაზე მითითებით. ვინაიდან ქუთაისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 03.03.1989წ. ¹5.17.132 გადაწყვეტილების მე-3, მე-8 პუნქტების მიხედვით კოოპერატივ ,,...” იჯარით გამოეყო 580კვ.მ და დაევალა სათავსოს აშენება შეთანხმებული პროექტის მიხედვით, საქმეზე უნდა დაზუსტდეს საწარმოს შენობის მიერ დაკავებული მიწის ნაკვეთის ოდენობა, უნდა დადგინდეს საწარმოს შენობის ამშენებელი, შენობის ამჟამინდელი მესაკუთრე, შენობასთან დაკავშირებით სს ,,...” და შპს ,,...” ურთიერთობის არსი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება ამ ნაწილში არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. შესაბამისად არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად გაუქმების და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნების საფუძველი. საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში სწორია, საკასაციო საჩივარში მითითებულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “...” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.11.09წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც შპს “...” უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე საჯარო რეესტრში 580 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სს “...” სახელზე საკუთრების ჩანაწერში ცვლილების შეტანაზე და ნივთის გამოთხოვაზე. ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 10.11.09წ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;

3. სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის გადანაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.