სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ
¹ბს-273-270(კ-11) 9 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა თ. ლ-შვილის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით უ. ჯ-ლის საკუთრებაში არსებულ ბინაზე (მდებარე ქ. თბილისი, ..., ..., მე-6 კორპუსი, ბინა ¹30) ყადაღის დადების შესახებ.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 11 დეკემბერს თ. ლ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ.
მოსარჩელემ თ. ლ-შვილის უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ 2009 წლის 13 ნოემბრის იძულებითი აუქციონის ოქმისა და აღმასრულებელ ლ. მ-შვილის მიერ 2009 წლის 20 ნოემბერს გამოცემული განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 თებერვლის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ უ. ჯ-ლი და ა. კ-შვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით თ. ლ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით თ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ლ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი.
2011 წლის 6 მაისს თ. ლ-შვილის წარმომადგენელმა ვ. (ბ.) კ-შვილმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით უ. ჯ-ლის საკუთრებაში არსებულ ბინაზე (მდებარე ქ. თბილისი, ..., ..., მე-6 კორპუსი, ბინა ¹30) ყადაღის დადება მოითხოვა.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა შემდგომში შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, ვინაიდან, არსებობს დასაბუთებული ეჭვი უ. ჯ-ლის მიერ სადავო ბინის გასხვისების შესახებ.
განმცხადებელმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლზე და განმარტა, რომ სადავო ქონების გასხვისების შემთხვევაში ბინის ახალი მყიდველი კეთილსინდისიერი შემძენი გახდება, რაც თავის მხრივ გამორიცხავს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და საკასაციო სასამართლოს მიერ თ. ლ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი შეუძლებელს გახდის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას (სადავო ბინაზე თ. ლ-შვილის საკუთრების უფლების აღდგენას).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული თ. ლ-შვილის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით უ. ჯ-ლის საკუთრებაში არსებულ ბინაზე (მდებარე ქ. თბილისი, ..., ..., მე-6 კორპუსი, ბინა ¹30) ყადაღის დადების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ განიხილა თ. ლ-შვილის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით უ. ჯ-ლის საკუთრებაში არსებულ ბინაზე (მდებარე ქ. თბილისი, ..., ..., მე-6 კორპუსი, ბინა ¹30) ყადაღის დადების შესახებ და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც უზრუნველყოფის ღონიძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. ამდენად, აღნიშნული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს წარმოადგენს იმ საფრთხის თავიდან აცილება, რომელიც უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შედეგად შეიძლება შეიქმნას საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2009 წლის 13 ნოემბერს ჩატარებული იძულებითი აუქციონის ოქმისა და აღმასრულებელ ლ. მ-შვილის მიერ 2009 წლის 20 ნოემბერს გამოცემული განკარგულების ბათილად ცნობა წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც თ. ლ-შვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე ქ. თბილისი, ..., ..., მე-6 კორპუსი, ბინა ¹30) შეიძინა უ. ჯ-ლმა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელი არ მიუთითებს იმ გარემოებებზე, თუ რას ემყარება მისი ეჭვი უ. ჯ-ლის მიერ სადავო ბინის სავარაუდო გასხვისების შესახებ. ამასთან, იგი ვერ ასაბუთებს თუ რაში მდგომარეობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს სასამართლო დავის დასრულებამდე გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის ან გაძნელების საფრთხის თავიდან აცილების საფუძვლით. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი იმის შესახებ, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა (სადავო ბინაზე ყადაღის დადებაზე უარის თქმა) გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის თ. ლ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თ. ლ-შვილის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-193-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ლ-შვილის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით უ. ჯ-ლის საკუთრებაში არსებულ ბინაზე (მდებარე ქ. თბილისი, ..., ..., მე-6 კორპუსი, ბინა ¹30) ყადაღის დადების შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.