ბს-276-266 (კ-კს-10) 15 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თ. ჩ-ძის, ვ. ჩ-ძის, ს. ჩ-ძისა და მ. ჯ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ. ჩ-ძემ, ვ. ჩ-ძემ, ს. ჩ-ძემ და მ. ჯ-ძემ 14.03.08წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქალაქ თბილისის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ, რომლითაც საბოლოოდ მოითხოვეს: ბათილად იქნეს ცნობილი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 28.12.07წ. სხდომის ¹3 ოქმით მიღებული (34-ე საკითხზე) გადაწყვეტილება მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებით შესვლის დღიდან და გასაჩივრებული აქტის საფუძველზე შ. თ-შვილის, ზ. ო-ძის და ზ. ა-ოვას სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობა ... ქუჩა ¹12-14ა-სთან მიმართებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.05.08წ. საოქმო განჩინებით ასკ-16.1 მუხლით საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა ქ. თბილისის მერია, ხოლო ამავე კოდექსის 16.2 მუხლით- შ. თ-შვილი, ზ. ა-ოვა და ზ. ო-ძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.07.09წ. გადაწყვეტილებით თ. ჩ-ძის, ვ. ჩ-ძის, ს. ჩ-ძისა და მ. ჯ-ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.07.09წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ჩ-ძემ, ვ. ჩ-ძემ, ს. ჩ-ძემ და მ. ჯ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.10წ. განჩინებით თ. ჩ-ძის, ვ. ჩ-ძის, ს. ჩ-ძისა და მ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 29.07.09წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.01.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ჩ-ძემ, ვ. ჩ-ძემ, ს. ჩ-ძემ და მ. ჯ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს აღნიშნული განჩინების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ჩ-ძის, ვ. ჩ-ძის, ს. ჩ-ძისა და მ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც თ. ჩ-ძის, ვ. ჩ-ძის, ს. ჩ-ძისა და მ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ჩ-ძის, ვ. ჩ-ძის, ს. ჩ-ძისა და მ. ჯ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. თ. ჩ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.