Facebook Twitter

ბს-28-27(კ-10) 19 მარტი, 2010 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა გ. ხ-ძის, ა. ხ-ძისა და ი. მ-დის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 6 ივნისს გ. ხ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ე. და ფ. მ-დეების მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 9 მაისის ¹63 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ამავე კომისიის მიერ გ. ხ-ძეზე 2008 წლის 31 მარტს გაცემული ¹6987 საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის უცვლელად დატოვება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება, რათა მას საკუთრების უფლების ¹7259 მოწმობის საფუძველზე გურამ ხმალაძის საკუთრებად დაერეგისტრირებინა 2885 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის, მდებარე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ განთიადში.

2008 წლის 6 ივნისს ა. ხ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ე. და ფ. მ-დეების მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 9 მაისის ¹63 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ამავე კომისიის მიერ გ. ხ-ძეზე 2008 წლის 31 მარტს გაცემული ¹6987 საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის უცვლელად დატოვება.

2008 წლის 6 ივნისს ი. მ-დემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, ე. და ფ. მ-დეების მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 9 მაისის ¹63 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ამავე კომისიის მიერ ი. მ-დეზე 2008 წლის 5 მარტს გაცემული ¹6350 საკუთრების უფლების დამადასტურებელი მოწმობის უცვლელად დატოვება.

2008 წლის 23 ოქტომბერს ავთანდილ ხმალაძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ფ. მ-დის მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ფ. მ...დის სახელზე 2008 წლის 5 ივნისს გაცემული საკუთრების უფლების ¹8969 მოწმობის ბათილად ცნობა.

2008 წლის 23 ოქტომბერს გ. ხ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და დ. მ-დის მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, 2008 წლის 28 მაისს მიღებული ¹73 საოქმო გადაწყვეტილების, დ. მ-დეზე სოფელ ... მდებარე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით გადაცემის შესახებ, ბათილად ცნობა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით გ. და ა. ხ-ძეებისა და ი. მ-დის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 28 მაისის საოქმო გადაწყვეტილება ¹73 ფ. მ-დის ნაწილში; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ფიქრი მენაბდეზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა ¹8969; ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 28 მაისის საოქმო გადაწყვეტილება ¹73 დ. მ-დის ნაწილში; მოსარჩელეების _ ა. ხ-ძის, ი. მ-დისა და გ. ხ-ძის მოთხოვნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 9 მაისის ¹63 საოქმო გადაწყვეტილების ა. ხ-ძის, ი. მ-დისა და გ. ხ-ძის ნაწილში ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. და ა. ხ-ძეებმა, ი., ფ. და დ. მ-დეებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით გ. და ა. ხ-ძეებისა და ი. მ-დის, ფ. მ-დისა და დ. მ-დის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს გ. და ა. ხ-ძეებმა და ი. მ-დემ, რომლებმაც მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება სრულად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გ. და ა. ხ-ძეებისა და ი. მ-დის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინებით გ. და ა. ხ-ძეებისა და ი. მ-დის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) გადახდის ქვითარი და წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და განჩინებაში აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად განესაზღვრათ ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

აღნიშნული განჩინება კასატორებს და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ 2010 წლის 25 იანვარს. საქართველოს უზენაეს სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის დასტურიდან ირკვევა, რომ გ. ხ-ძემ და ი. მ-დემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის ხარვეზის განჩინების ასლი ჩაიბარეს 2010 წლის 28 იანვარს, ხოლო მათმა წარმომადგენელმა კი – 2010 წლის 5 თებერვალს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ვინაიდან, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ხ-ძემ და ი. მ-დემ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის ხარვეზის განჩინების ასლი ჩაიბარეს 2010 წლის 28 იანვარს, კასატორების წარმომადგენელმა კი – 2010 წლის 5 თებერვალს, შესაბამისად, კასატორებს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდათ 2010 წლის 8 თებერვლის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კასატორების მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ. და ა. ხ-ძეებისა და ი. მ-დის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. და ა. ხ-ძეებისა და ი. მ-დის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.